დაკარი 2017: ახალი გადატრიალებები

AutoSharing Option
"დაკარი-2017"-ზე ტრადიცია გრძელდება - ყოველი ეტაპის შემდეგ, რომელიმე ფავორიტი ეთიშება გამარჯვებისთვის ბრძოლას. გამონაკლისი არც მეხუთე ეტაპი ყოფილა.

დილით ცუდი ამბავი შეიტყვეს კარლოს საინსის თაყვანისმცემლებმა: მეოთხე ეტაპზე სერიოზული ავარიის შემდეგ, მექანიკოსებმა ვერ მოასწრეს ერთ ღამეში ესპანელის "პეჟოს" შეკეთება. თან პილოტს ავარიის შედეგად მიღებული ტრამები აწუხებდა. ასე რომ, რბოლაში დარჩა ლოების, პეტერანსელისა და დეპრეს სამი საქარხნო "პეჟო", მიკო ჰირვონენის "მინი" და ნანი რომას "ტოიოტა". სწორედ ისინი მიიჩნეოდნენ საერთო გამარჯვების პრეტენდენტებად. მაგრამ, მეხუთე ეტაპზე ჰირვონენის უიღბლობის ჯერი დადგა.

სტაბილური ფინელი ვერ გაუმკლავდა ძალიან
რთულ ნავიგაციას და შედეგად, ფინიშზე მთელი 43 წუთი წააგო.

დანარჩენმა ოთხმა ლიდერმა ღირსეული გამოსვლა აჩვენა. საუკეთესო დრო ჰქონდა ლოებს, თუმცა ფრანგმა მხოლოდ 44 წამი მოუგო ნანი რომას. წუთნახევარი წააგო პეტერანსელმა, დეპრემ კი 10 წუთზე მეტი.

საერთო ჩათვლაში ახალი ლიდერი გახდა პეტერანსელი, რომელიც ლოებს მხოლოდ წუთს უგებს - მთელი ბრძოლა წინ არის!

* * *
მოტოციკლების კატეგორიაში გრძელდება ტრადიცია, როცა საერთო ჩათვლის ლიდერი კრახს განიცდის. ხოან ბარედა ბორტს წესების დარღვევისთვის ჯერ კიდევ ეტაპის დაწყებამდე მისცეს ერთსაათიანი ჯარიმა. რბოლის დაწყების შემდეგ კი ესპანელმა ნავიგაციაში შეცდომების გამო დროის დაკარგვა დაიწყო.

იგივე პრობლემები სხვებსაც შეექმნათ და საბოლოოდ, ერთადერთი ფავორიტი, ვინც სპეცმონაკვეთი გართულების გარეშე გაიარა, სემ სანდერლენდი აღმოჩნდა. ეტაპის წინ, ის მხოლოდ მეხუთე იყო საერთო ჩათვლაში, ახლა კი ახალი ლიდერი გახდა, თან უახლოეს მდევარს მთელი 12 წუთით უგებს.

ავტო. საერთო ჩათვლა
1. სტეფან პეტერანსელი (პეჟო) - 14:54:56
2. სებასტიან ლოები (პეჟო) - +1:09
3. სირილ დეპრე (პეჟო) - +4:54
4. ნანი რომა (ტოიოტა) - +5:35
5. მიკო ჰირვონენი (მინი) - +42:21

მოტო. საერთო ჩათვლა
1. სემ სანდერლენდი (KTM) - 15:22:05
2. პაბლო კინტალია (ჰუსკვარნა) - +12:00
3. ადრიენ ვან ბევერენი (იამაჰა) - +16:07
4. ხერარდ ფარეს გუელი (KTM) - +20:57
5. მატიას ვალკნერი (KTM) - +29:01

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული