გაიცანით ფორმულა E - ლოს ანჯელესში ელექტრობოლიდის პრეზენტაცია შედგა [PHOTO]

AutoSharing Option
წელს ავტოსპორტში ახალ სერიას ექნება დებიუტი. მისი სახელწოდებაა - ფორმულა E და მასში ელექტრობოლიდებით იქნება შეჯიბრება.

8 იანვარს ლოს ანჯელესში ამ უცნაური ბოლიდის პრეზენტაცია შედგა. საჭესთან ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, ბრაზილიელი ლუკას დე გრასი იჯდა, რომელმაც მოგვიანებით შთაბეჭდილებები გაუზიარა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ყველაზე უცნაური ახალ მანქანაში ის არის, რომ ელექტროძრავის გამო ხმაურის დონე მინიმუმამდეა დაყვანილი.

უკვე ცნობილია, რომ ფორმულა E-ში ჩემპიონატი 10 ეტაპისგან იქნება შემდგარი და მასში 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. სასტარტო სეზონში ყველა საჯინიბოს აბსოლუტურად ერთნაირი ბოლიდები ეყოლება.

ასევე
ცნობილი გახდა მანქანების ტექნიკური მახასიათებლები: ბოლიდი საათში 100 კილომეტრ სიჩქარეს 3 წამში კრეფს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 220 კმ/სთ იქნება.

ბუნებრივია, რბოლების დროს ნავარაუდებია ბოქსებში შესვლა, ოღონდ არა მხოლოდ საბურავების, არამედ ელემენტების შესაცვლელად.

ფორმულა E-ს სადებიუტო სეზონი პეკინში 13 სექტემბერს დაიწყება და 2015 წლის 27 ივლისს ლონდონის ქუჩებში დასრულდება. ჩემპიონატის ათივე ეტაპი მსოფლიოს უმსხვილეს ქალაქებში გაიმართება.

როგორც გითხარით, ახალი მანქანის პრეზენტაცია ლუკას დე გრასიმ მოაწყო, რომელსაც ფორმულა 1-ში გამოსვლის გამოცდილება აქვს.

სხვათა შორის, ახალ სერიაში მონაწილეობის სურვილი "დიდი ცირკის" სხვა ყოფილმა პილოტებმაც გამოთქვეს. ესენი არიან: სებასტიან ბუემი, ქარუნ ჩანდჰოკი, ვიტანტონიო ლიუცი და ტაკუმა სატო. მათ ემატებათ ინდიკარის სერიაში ეტაპების გამარჯვებული მარკო ანდრეტი.

"ჩვენ თავიდანვე ვისახავდით მიზნად გულშემატკივრებისთვის კარგი შოუს შეთავაზებას, ამისთვის კი უმაღლესი დონის პილოტები დაგვჭირდება
, - ამბობს ფორმულა E-ს ბოსი ალეხანდრო აგაგი. - ჩვენ გამოვაცხადეთ 10 გუნდის შექმნის შესახებ და ისინი უკვე შეუდგნენ პილოტების ძებნას. თითოეული საჯინიბოს ხელმძღვანელი თავად გადაწყვეტს, ვისთან ურჩევნია კონტრაქტის გაფორმება".

შეგახსენებთ, რომ "ეკოლოგიური" რბოლების მონაწილეებს შორის ვიხილავთ ფორმულა 1-ში გამოსვლით ცნობილ Super Aguri-სა და Virgin-ს, ინდიკარის სერიის წარმომადგენლებს - Andretti-სა და Dragon-ს, ალენ პროსტისა და DAMS-ის ერთობლივ პროექტს, საჯინიბო Abt-ს, რომელსაც მრავალწლიანი კონტრაქტი აკავშირებს "აუდისთან"...

ყველაზე საინტერესო კი უნდა იყოს სპორტქარების მწარმოებლის, Venturi-სა და ჰოლივუდის ვარსკვლავის, ლეონარდო დი კაპრიოს ალიანსი.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული