ფორმულა 1. იაპონიის გრანპრი: იაპონია ჰემილტონის უნდა იყოს

AutoSharing Option
უახლოეს უქმეებზე, იაპონიაში ფორმულა 1-ის ჩემპიონატის აზიური ნაწილის ბოლო ეტაპი გაიმართება. "სუზუკაზე" რბოლის შემდეგ, პილოტებს დარჩებათ ტურნე ამერიკაში და ფინალი აბუ დაბიში. დაძაბულობა იზრდება და იაპონიის გრანპრის უდიდესი მნიშვნელობა ექნება ტიტულისთვის ბრძოლაში.

მალაიზიის გრანრპიზე ლუის ჰემილტონის ტექნიკური პრობლემების ექოს სეზონის ბოლომდე გავიგებთ. ძრავის მწყობრიდან გამოსვლის გამო, ბრიტანელმა 15 ქულა წააგო და ახლა, ნიკო როსბერგს 23 ქულით ჩამორჩება. სეზონის დამთავრებამდე მხოლოდ ხუთი რბოლაა დარჩენილი და თითოეულს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

ბოლო ორი წელია, იაპონიაში ლუის ჰემილტონი იმარჯვებს. ბრიტანელზე უფრო ხშირად, "სუზუკაზე" მხოლოდ
მიხაელ შუმახერსა და სებასტიან ფეტელს მოუგიათ, მაგრამ ამ უკანასკნელს, ლუისი, შესაძლოა, წელს გაუთანაბრდეს.

უქმეების წინ, სწორედ ჰემილტონი მოსჩანს ფავორიტად - ის თითქმის უნაკლო იყო მალაიზიაში და ძალიან კარგად იცნობს იაპონიის ტრასას. თუმცა, ნიკო როსბერგი ნამდვილად არ მისცემს კონკურენტს იოლად მოგების საშუალებას.

* * *
"ფერარი" არის გუნდი, რომელსაც დღეს ყველაზე ხშირად აკრიტიკებენ. სეზონის კარგ დასაწყისს სერიოზული ჩავარდნები მოჰყვა და "სკუდერიას" ჯერ მოგება არ აქვს 2016 წლის ჩემპიონატში. "ფერარი" სერიოზულად აგებს "მერსედესთან" და "რედ ბულთან", მაგრამ მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ამჟამინდელი მანქანითაც გუნდი ვერ ახერხებს პოტენციალის რეალიზებას.

სტრატეგიული შეცდომები, ავარიები და პრობლემური კვალიფიკაციები, ფაქტობრივად, ნორმა გახდა იტალიელებისთვის. ამ საუკუნის დასაწყისში, "ფერარიმ" ზედიზედ ხუთი რბოლა მოიგო იაპონიაში, მაგრამ აგერ უკვე 12 წელია, წარმატება სანატრელი გაუხდა. დიდი ალბათობით, ნავსი არც ახლა გატყდება, მაგრამ პოდიუმისთვის ბრძოლა ნამდვილად შესაძლებელია.

სუზუკას ტრასა
სიგრძე: 5807 მეტრი
წრეების რიცხვი: 53
რბოლის დისტანცია: 307 კილომეტრი
მოსახვევები: 23 (8 მარცხენა, 10 მარჯვენა)
DRS-ის ზონა: ერთი
უგრძესი სწორი მონაკვეთი: 994 მეტრი
ტრასის რეკორდი: 1:31.540 (რაიკონენი, "მაკლარენი", 2005)
ყველაზე მეტი მოგება: 6 - მიხაელ შუმახერი

უქმეების განრიგი
7 ოქტომბერი, 04:55 - I პრაქტიკა
7 ოქტომბერი, 08:55 - II პრაქტიკა
8 ოქტომბერი, 06:55 - III პრაქტიკა
8 ოქტომბერი, 09:50 - კვალიფიკაცია
9 ოქტომბერი, 08:50 - რბოლა

საერთო ჩათვლა
1. ნიკო როსბერგი 288 (8)
2. ლუის ჰემილტონი 265 (6)
3. დანიელ რიკარდო 204 (1)
4. კიმი რაიკონენი 160
4. სებასტიან ფეტელი 153
6. მაქს ფერსტაპენი 147 (1)
7. ვალტერი ბოტასი 80
8. სერხიო პერესი 74
9. ნიკო ჰიულკენბერგი 50
10. ფერნანდო ალონსო 42

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული