ფორმულა 1: ბერნი ნიუ იორკს მიუბრუნდა

AutoSharing Option
ბერნი ექლსტოუნს არ ასვენებს ნიუ იორკში ქუჩის რბოლის გამართვის იდეა. ბრიტანელი ფუნქციონერი აპირებს მიუბრუნდეს ამერიკული ეტაპის ჩატარების თემას.

ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერი უკვე 30 წელია ოცნებობს რბოლაზე მანჰეტენის ცათამბჯენების ფონზე. ასეთ იდეას განიხილავდნენ ჯერ კიდევ 1983 წელს, მაგრამ მხოლოდ 2011 წელს მიიღო გარკვეული რეალური კონტურები. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ამერიკის გრანპრი ორჯერ შეიტანეს სეზონის წინასწარ კალენდარში. მაგრამ შემდეგ, ორგანიზატორებს ფინანსური სირთულეები შეექმნათ და პროექტი გაიყინა.

მიუხედავად ამისა, ჰუძონის სანაპიროზე 5.2 კილომეტრი სიგრძის ტრასის გეგმა დეტალურად არის შემუშავებული. რბოლისთვის საჭირო
ინფრასტრუქტურის რამდენიმე ობიექტის მშენებლობაც კი დაიწყო. მაგრამ, როგორც ჩანს, ახლა, როცა ფორმულა 1-ში იცვლება მფლობელი და ის კორპორაცია Liberty Media-ს დაქვემდებარებაში გადადის, დადგა დრო, დაუბრუნდნენ ამერიკის გრანპრის იდეას.

როგორც AUTO Motor und Sport წერს, ბერნი ექლსტოუნი, შესაძლოა, პირადად ჩაუდგეს სათავეში ნიუ იორკის რბოლის ჩატარებას და ამ ეტაპის პრომოუტერი გახდეს. ეს კი იმას ნიშნავს, ის და მისი ბიზნეს-სტრუქტურები გააკონტროლებენ ყველა ფინანსურ საკითხს და ბილეთების გაყიდვას. გარდა ამისა, ბერნის მოქმედებებში ის აზრიც დევს, რომ ბრიტანელმა უნდა უჩვენოს ახალ მფლობელებს - სანამ ისინი აწყობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ფორმულა 1-ის პოპულარიზაციის გეგმებს, ის უკვე შეუდგა გადამჭრელ მოქმედებებს.

ევროპა აზერბაიჯანი გახდა
ფორმულა 1-ის დამდეგი სეზონის კალენდარში არ იქნება ევროპის გრანპრი. წელს, ამ ეტაპს ისტორიაში პირველად მასპინძლობდა აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო.

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 2017 წელს, ბაქოს რბოლის სახელწოდება იქნება - აზერბაიჯანის გრანპრი, - ამბობს აზერბაიჯანული რბოლის ოფიციალური წარმომადგენელი. - პირველი რბოლა ჩვენს ქალაქში წარმატებული გამოვიდა, ასე რომ, აქვს აზრი ჩვენი ქვეყნის წინ წამოწევას".

ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობამ მიიღო აზერბაიჯანის წინადადება. რბოლა ბაქოში 2017 წლის 18 ივნისს გაიმართება.

* * *
"უილიამსის" ყოფილ ტესტ-პილოტს სუზი ვოლფს იმედი აქვს, ოდესღაც, ქალი გახდება ფორმულა 1-ის საპრიზო პილოტი.

"მომავალ წელს, ტექნიკური რეგლამენტის ცვლილება, სავარაუდოდ, გაურთულებს ქალებს ფორმულა 1-ში მოხვედრას. როცა მე გამოვდიოდი ამ სერიაში, არასოდეს შემპარვია ეჭვი, რომ შეიძლებოდა წარმატებული ვყოფილიყავი. სამწუხაროდ, რბოლებამდე ვერ მივაღწიე, მიუხედავად იმისა, რომ ტესტების დროს, სარბოლო დისტანციას სრულად გავდიოდი. ვიცოდი, რომ შემეძლო მანქანის სწრაფად მართვა. თუმცა, ახალი წესების თანახმად, ყველაფერი გაცილებით რთული იქნება.

რთულია ზუსტი ვადის დასახელება - როდის ვიხილავთ ქალს ფორმულა 1-ში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ეს აუცილებლად მოხდება", - დაწერა BBC-ზე საკუთარ ბლოგში ვოლფმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული