ფორმულა 1. ჩინეთის გრანპრი: ლუისს უკვე პრობლემა აქვს

AutoSharing Option
15-17 აპრილს, შანხაის ავტოდრომზე ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ეტაპი - ჩინეთის გრანპრი გაიმართება. რბოლის წინ, ორი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავრცელდა.

პირველი ეხება "მერსედესის" პილოტს ლუის ჰემილტონს, რომლისთვისაც წლევანდელი სეზონი არც ისე კარგად დაიწყო. და, როგორც ჩანს, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის უიღბლობა ჩინეთშიც გაგრძელდება.

გუშინ გაირკვა, რომ ჰემილტონი ჩინეთის გრანპრის სასტარტო ბილიკზე ხუთ ადგილს დაკარგავს და საუკეთესო შემთხვევაში, მეექვსე პოზიციიდან აიღებს სტარტს. ბრიტანელმა სასჯელი ბოლიდზე გადაცემათა კოლოფის შეცვლის გამო მიიღო.

"მერსედესის" მანქანაზე ტექნიკური პრობლემა ბაჰრეინის გრანპრის შემდეგ აღმოაჩინეს. იმ რბოლაში ლუისი მესამე
მივიდა ფინიშთან. გერმანული საჯინიბოს ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ დაზიანებული გადაცემათა კოლოფით პილოტის ტრასაზე გაშვება სარისკოა, ამიტომაც ის შეცვალეს და სასჯელიც ამან გამოიწვია. ამ გადაწყვეტილებას თავად ბრიტანელი პილოტიც დაეთანხმა.

"შანხაიში იოლია გასწრება, ამიტომაც, ჯარიმის ეფექტი ნაკლებად შესამჩნევი იქნება", - განაცხადა "მერსედესის" წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ სეზონის პირველი ორი რბოლა "მერსედესის" გერმანელმა პილოტმა ნიკო როსბერგმა მოიგო და საერთო ჩათვლაში უკვე 17 ქულით უსწრებს ჰემილტონს.

* * *
მეორე მნიშვნელოვანი ამბავია ის, რომ "მაკლარენის" პილოტმა ფერნანდო ალონსომ ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის ექიმებისგან ჩინეთის გრანპრიზე გამოსვლის უფლება მიიღო. თუმცა ესპანელს დამატებითი სამედიცინო ტესტების გავლა მოუწევს პარასკევის პირველი პრაქტიკის შემდეგ.

როგორც იცით, ავსტრალიის გრანპრიზე მომხდარი ავარიის გამო, ალონსო ფედერაციის ექიმებმა არ დაუშვეს ჩემპიონატის მეორე ეტაპზე - ბაჰრეინის გრანპრიზე.

"დარწმუნებული რომ არ ვიყო, აქ არ ჩამოვიდოდი. ბაჰრეინის გამოცდილება მეტად სასტიკი აღმოჩნდა. გასულ კვირას, შანხაის ბილეთი ავიღე და 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი წესრიგში იქნება", - განაცხადა ალონსომ.

საერთო ჩათვლა
1. ნიკო როსბერგი 50 (2)
2. ლუის ჰემილტონი 33
3. დანიელ რიკარდო 24
4. კიმი რაიკონენი 18
5. რომენ გროსჟანი 18
6. სებასტიან ფეტელი 15
7. ფელიპე მასა 14
8. მაქს ფერსტაპენი 9

შანხაის ტრასა
სიგრძე: 5 451 მ
წრეების რიცხვი: 56
რბოლის დისტანცია: 305,356 კმ
DRS-ის ზონა: ორი
ტრასის რეკორდი: 1:32.066 (მ. შუმახერი, "ფერარი", 2004)
ყველაზე მეტი მოგება: 4 - ჰემილტონი
შარშანდელი გამარჯვებული: ლუის ჰემილტონი ("მერსედესი")

უქმეების განრიგი
15 აპრილი, 06:00 - I პრაქტიკა
15 აპრილი, 10:00 - II პრაქტიკა
16 აპრილი, 08:00 - III პრაქტიკა
16 აპრილი, 11:00 - კვალიფიკაცია
17 აპრილი, 10:00 - რბოლა

ჩინეთის ბოლო 10 რბოლა
წელი პოული რბოლა
2015 ჰემილტონი (მერსედესი) ჰემილტონი (მერსედესი)
2014 ჰემილტონი (მერსედესი) ჰემილტონი (მერსედესი)
2013 ჰემილტონი (მერსედესი) ალონსო (ფერარი)
2012 როსბერგი(მერსედესი) როსბერგი(მერსედესი)
2011 ფეტელი (რედ ბული) ჰემილტონი (მაკლარენი)
2010 ფეტელი (რედ ბული) ბატონი (მაკლარენი)
2009 ფეტელი (რედ ბული) ფეტელი (რედ ბული)
2008 ჰემილტონი (მაკლარენი) ჰემილტონი (მაკლარენი)
2007 ჰემილტონი (მაკლარენი) რაიკონენი (ფერარი)
2006 ალონსო (რენო) შუმახერი (ფერარი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული