ფორმულა 1: მეორე ადგილისთვის აბუ დაბიში

AutoSharing Option
უახლოეს უქმეეზე, აბუ დაბიში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი გაიმართება. სებასტიან ფეტელი უკვე გახდა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, "რედ ბულმა" კი კონსტრუქტორთა თასი მოიპოვა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პელოტონს არაფრის შეთავაზება არ შეუძლია მაყურებლისთვის? სულაც არა. ბრძოლა კონსტრუქტორთა თასზე მეორე ადგილისთვის - აბუ დაბის მომავალი გრანპრის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგაა. დღეს, "მერსედესი" და "ლოტუსი" "ფერარიზე" უკეთ გამოიყურებიან.

თუმცა იტალიური გუნდის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სწორედ ეს მეორე ადგილი იქნება მათი მთავარი მიზანი დარჩენილ რბოლებში.

* * *
გუშინ, აბუ დაბის ეტაპი ორი
თავისუფალი პრაქტიკით გაიხსნა. პირველ ვარჯიშზე სამ გუნდში ვიხილეთ პილოტთა ცვლილება: "ფორს ინდიაში" ადრიან სუტილი ჯეიმს კალადომ შეცვალა, "კატერჰემში" გიდო ვან დერ გარდეს ადგილი ჰეიკი კოვალაინენმა დაიკავა, "მარუსიაში" კი როდოლფო გონსალესი ვიხილეთ მაქს ჩილტონის ნაცვლად.

დილით, ასფალტი ტრადიციულად მტვრიანი იყო, ასე რომ, პილოტები არ ჩქარობდნენ ტრასაზე გასვლას. პირველი სრული წრე სერხიო პერესმა გაიარა. "მაკლარენმა" აბუ დაბიში რამდენიმე ტექნიკური სიახლე ჩაიტანა, რომლის გამოყენებაც 2014 წელს იგეგმება. ბრიტანელები თავისუფალ პრაქტიკებზე ამოწმებდნენ მათ ეფექტურობას. ასევე მოიქცა რამდენიმე სხვა გუნდი.

სესიამ მშვიდად ჩაიარა. პილოტები შეცდომებს უშვებდნენ, მაგრამ ავარიამდე საქმე არ მისულა. პირველ ვარჯიშზე საუკეთესო დრო რომენ გროსჟანმა დააფიქსირა - 1.44,241.

მეორე თავისუფალი პრაქტიკის გრაფიკი ემთხვეოდა კვირის რბოლის გრაფიკს - ვარჯიში მზის შუქზე დაიწყო და ხელოვნური განათების ქვეშ გაგრძელდა.

გასულ კვირას, ინდოეთის გრანპრიზე Soft-ის საბურავებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, ამიტომაც ბევრი გუნდი მუშაობდა რბილი საბურავების ეფექტურობასა და ცვეთის ხარისხზე. სესიის შუაში პოლ დი რესტას მანქანაზე მწყობრიდან გამოვიდა მარცხენა საბურავი, იგივე პრობლემა ჰქონდა ჯენსონ ბატონს.

ამჯერად, საუკეთესო დროის ავტორი იყო სებასტიან ფეტელი, რომელმაც წრე წუთსა და 41,335 წამში გაიარა.

კვლავ იმედგაცრუება ელოდათ "ფერარის" გულშემატკივრებს. იტალიელთა ტემპი დაბალი იყო. მეორე პრაქტიკის დროს, ფერნანდო ალონსომ მხოლოდ მერვე შედეგი აჩვენა, რის გამოც ესპანელმა პილოტმა უკმაყოფილება ვერ დამალა.

"ჩვენ ვიმყოფებით პოზიციაზე, რომელიც ნორმალური არ არის "ფერარისთვის", - ამბობს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი. - უქმეებზე ჩვენ უფრო მეტისთვის უნდა ვიბრძოლოთ, ვიდრე ეს კვალიფიკაციის მესამე სეგმენტში მოხვედრაა. იმედია, ხვალ მოვახერხებთ უკეთესი ტექნიკური მახასიათებლების მოძებნას. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ეტაპი ძალიან მძიმე იქნება. კონსტრუქტორთა თასის მეორე ადგილისთვის ბრძოლაში ჩვენმა კონკურენტებმა ძალიან მოუმატეს. ადრე მათ სტაბილურობა არ ჰყოფნიდათ, ამიტომაც, ახლა, მათ ფონზე ჩვენ ბევრ ქულას ვკარგავთ. თუმცა ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ".

აბუ დაბის გრანპრი
ჩატარების ადგილი: იას-მარინა (საემიროები)
წრის სიგრძე: 5 554 მ
წრის რეკორდი: 1:40,279 (სებასტიან ფეტელი, 2009)
საერთო ჩათვლა
1. ფეტელი (Red Bull) - 322 ქულა
2. ალონსო (Ferrari) - 207
3. რაიკონენი (Lotus) - 183
4. ჰემილტონი (Mercedes) - 169
5. უებერი (Red Bull) - 148
6. როსბერგი (Mercedes) - 144
7. გროსჟანი (Lotus) - 102
8. მასა (Ferrari) - 102

უქმეების განრიგი
2 ნოემბერი, 14:00 - III პრაქტიკა
2 ნოემბერი, 17:00 - კვალიფიკაცია
3 ნოემბერი, 17:00 - რბოლა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ოთხგზის ფეტელი - სებასტიანი ისევ მსოფლიოს ჩემპიონია!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული