ლუის ჰემილტონმა დუბლით დაიწყო

AutoSharing Option
ორი თავისუფალი პრაქტიკით გაიხსნა კორეის გრანპრი. პირველმა სესიამ კარგ მეტეოროლოგიურ პირობებში ჩაიარა, თუმცა სეზონის განმავლობაში კორეის ტრასას იშვიათად იყენებენ, ამიტომაც, დილით ტრეკზე მოცურების საშიშროება იყო.

სწორედ ამ მიზეზით შეემთხვა ავარია როდოლფო გონსალესს, რომელიც "მარუსიაში" ჟიულ ბიანკის ცვლიდა. ის პირველივე წუთებიდან აგრესიულად მართავდა მანქანას, მე-13 მოსახვევიდან გამოსვლისას მოცურდა და კედელს შეეჯახა. შედეგად, ბოლიდმა წინა მხარე დაკარგა, თუმცა როდოლფომ შეძლო ბოქსებში დაბრუნება და მოგვიანებით, სესიის გაგრძელება.

ვერ გადაურჩა შეცდომებს მეორე ახალგაზრდა პილოტი ჯეიმს კალადო, რომელიც პოლ დი რესტას ნაცვლად მიუჯდა "ფორს ინდიას"
ბოლიდს საჭეს, თუმცა მან ავარია აიცილა თავიდან. შეცდომებს უშვებდნენ უფრო გამოცდილი პილოტები, მაგალითად, ლუის ჰემილტონი სახიფათოდ მოცურდა მე-10 მოსახვევში, პასტორ მალდონადო - მეთორმეტეში. ასევე არ იყვნენ უნაკლონი კიმი რაიკონენი, რომენ გროსჟანი, მარკ უებერი და სხვები...

ფელიპე მასა პირველი წრის შემდეგ იძულებული იყო ბოქსებში დაბრუნებულიყო - ინჟინრებმა ბრაზილიელის მანქანაზე ტექნიკური პრობლემები აღმოაჩინეს. შედეგად, ფელიპემ სესიის დიდი ნაწილი გამოტოვა და ტრასაზე მხოლოდ ბოლო 15 წუთს დაბრუნდა.

საუკეთესო წრეებს ცვლიდნენ ერთმანეთში "მერსედესის" პილოტები, რომლებთან ბრძოლასაც ცდილობდნენ უებერი და სებასტიან ფეტელი. ჯენსონ ბატონი დიდი ხანი სტაბილური სიჩქარით მოძრაობდა, მაგრამ, როგორც კი შეტევის უფლება მისცეს, "მაკლარენის" პილოტმა "ფერარისა" და "ლოტუსის" წევრები უკან ჩამოიტოვა და პირველ ხუთეულში შევიდა.

სესიის ბოლო წამებზე რაიკონენი ტრასიდან გადავარდა და სერიოზულად დაამტვრია მანქანა. პილოტი არ დაზარალებულა.

საუკეთესო დრო ჰემილტონმა აჩვენა, ხოლო მასთან წამზე ნაკლები წააგო ექვსი პილოტმა.

* * *
მეორე სესიისთვის ტრასაზე რეზინის კვალი იყო დარჩენილი და შესაბამისად, შეცდომებიც ნაკლები ვიხილეთ, ვიდრე დილით. ამჯერად ავარიები არ ყოფილა, თუმცა ერთხელ ტრასის მიღმა აღმოჩნდა ფერნანდო ალონსო, მაგრამ არც მანქანა დაზარალებულა და არც პილოტი.

გუნდები ტრადიციული პროგრამით მუშაობდნენ, ადარებდნენ საბურავების ორ შემადგენლობას საწვავის სხვადასხვა რაოდენობას წრეების მოკლე და გრძელი სერიებისას.

ისევე როგორც პირველ სესიაში, ამჯერადაც ოქმს სათავეში ჩაუდგა ლუის ჰემილტონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტაიფუნის მოლოდინში: კორეის გრანპრი ჩაშლის პირასაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული