ფორმულა 1: ჭორების სეზონი დაიწყო

AutoSharing Option
როცა მსოფლიოს ჩემპიონატში აგვისტოს არდადეგები იწყება, ფორმულა 1-ის სამყაროდან სიახლეები, ძირითადად, სატრანსფერო ჭორებთან და სპეკულაციებთან არის დაკავშირებული, რომლებსაც, ხანდახან, მხოლოდ ირიბი შეხება აქვთ რეალობასთან.

თუმცა, თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, ბევრი რამ თავის ადგილას დგება. მაგალითად, თუ გავაანალიზებთ ჭორებს ფერნანდო ალონსოზე, რომელიც, თითქოს, "რედ ბულში" გამოჩენილი ვაკანსიის პრეტენდენტთა სიაში მოხვდა, თავიდან ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ესპანელი მრავალწლიანი კონტრაქტით არის დაკავშირებულიი "ფერარისთან", რომელიც 2015 წლის ბოლოს იწურება. მართალია გერმანელი ჟურნალისტი მიხაელ შმიდტი, როცა Auto Motor und Sport ფურცლებზე დაწერა: "ფერარი" მას არასოდეს გაუშვებს
იქამდე, სანამ შესაფერის შემცვლელს არ იპოვნის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კონტრაქტში არის პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს ხელშეკრულების ნაადრევად გაწყვეტას, ალონსო მაინც ვერ შეძლებს მის გამოყენებას. ის ტიტულისთვის ებრძვის ფეტელს, რაიკონენსა და ჰემილტონს. სხვა რა უნდა?!"

სხვათა შორის, ჟურნალი იხსენებს ხუთი წლის წინანდელ საგულისხმო ეპიზოდს: ფერნანდომ 2009 წლის სეზონში "რედ ბულისგან" მიიღო წინადადება, მაგრამ ესპანელმა ძალიან დიდი თანხა მოითხოვა. საერთო ჯამში, მხარეებმა ვერ მოილაპარაკეს და მაშინ, მარკ უებერის თანაგუნდელი გახდა სებასტიან ფეტელი. უფრო მეტიც, 2009 წლის შუაში, როცა ალონსოს გუნდის - "რენოს" საქმეები არც ისე კარგად მიდიოდა, მან ისევ სცადა "რედ ბულის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება. როგორც ჩანს, არგუმენტები ასეთი იყო: თუ ის სწრაფი მანქანის საჭესთან დაჯდებოდა, დიტრიხ მატეშიცის გუნდს ექნებოდა ჯენსონ ბატონის და "ბრაუნ გრანპრის" გასწრების შანსი ტიტულისთვის ბრძოლაში.

"რედ ბულში" ალონსოს წინადადება ისევ უარყვეს. დანარჩენი უკვე ისტორიაა, მაგრამ იმ მოვლენების მონაწილეებს ყველაფერი კარგად ახსოვთ და აღარ აღმოჩნდებიან მსგავს სიტუაციაში.

გადავიდეთ ამასწინდელ ჭორზე, რომლის მიხედვითაც კიმი რაიკონენით "ფერარი" ინტერესდება. სავარაუდოდ, ფინელი არ არის მზად იტალიურ გუნდში დასაბრუნებლად. კარგად არის ცნობილი, რომ კიმის თავისი პრინციპები აქვს და სავარაუდოდ, არ მოინდომებს იგივე მდინარეში მეორედ შესვლას, რადგან "სკუდერიასთან" განშორება არც ისე მშვიდობიანი იყო. მაშინ, ალონსოს მცირე დროში ხელში ჩასაგდებად, მარანელოში გადაწყვიტეს უბრალოდ უარი ეთქვათ კიმის სამსახურზე და მას უხვი კომპენსაცია გადაუხადეს.

ბრიტანული F1 Racing-ის ახალ ნომერში გამოქვეყნდა რაიკონენის პასუხები მკითხველთა შეკითხვებზე და მათ შორის, ერთი ასეთი იყო: "ყველაზე დიდი სიამოვნებით ვის მოადებდით ყბაში - სერხიო პერესსა თუ ლუკა დი მონტეძემოლოს?" მანამდე რაიკონენი ძალიან გულადხილად ლაპარაკობდა, მაგრამ ამ კითხვაზე ჩაიკეტა და თავის ჩვეულ სტილში მკვახედ გამოაცხადა: "მე ამაზე არ გიპასუხებთ". მსურველებს შეუძლიათ ჩაწვდნენ, რამ გაიფიქრა სინამდვილეში ფინელმა.

ვაგრძელებთ დაუჯერებელი ჭორების თემას: იტალიურმა "გაძეტა დელო სპორტმა", მაგალითად, ივარაუდა, რომ ფელიპე მასას "ფერარიში" შეცვლის... ჯენსონ ბატონი, არადა, ბრიტანელი ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს "მაკლარენისადმი" ლოიალობას და მოუთმენლად ელის"ჰონდასთან" თანამშრომლობას, რომელიც 2015 წელს დაიწყება.

ვინ არიან "ფერარიში" მოხვედრის სავარაუდო კანდიდატები იმ შემთხვევაში, თუ მარანელოში უარს იტყვიან ფელიპე მასასთან ურთიერთობის გაგრძელებაზე? ამ სიაში კვლავაც მოიხსენიებენ ნიკო ჰიულკენბერგსა და პოლ დი რესტას, სავსებით შესაძლებელია, რომ აქვე მოხვდეს ჟუილ ბიანკი - "ფერარის" სარბოლო აკადემიის კურსდამთავრებული, რომელსაც კარგი დებიუტი ჰქონდა "მარუსიას" შემადგენლობაში. მით უმეტეს, რომ მისი მენეჯერია ნიკოლა ტოდტი - ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის ჟან ტოდტის ვაჟი. უფროსი ტოდტი "სკუდერიას" ხელმძღვანელობდა იმ დიად წლებში, როცა ზედიზედ იგებდა ტიტულებს მიხაელ შუმახერი.

სხვათა შორის, შუმახერის შესახებ. ჭორების სეზონის შესახებ თავის მოსაზრებებს მიხაელ შმიდტი შეგნებულად ასრულებს პროვოკაციული პასაჟით: "რედ ბულში" ფეტელის თანაგუნდელად მოულოდნელად რომ მიეწვიათ შვიდგზის ჩემპიონი შუმახერი, გამოვიდოდა ნამდვილი "ოცნების გუნდი" - "დრიმ თიმი". "და ამ შემთხვევაში, ბერნი ექლსტოუნი მაშინვე ათი წლით გაახალგაზრდავდება", - წერს გერმანელი ჟურნალისტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფორმულა 1-ში ჭორაობამ კულმინაციას მიაღწია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული