მიხაელ შუმახერის ოთხი ფავორიტი

AutoSharing Option
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი, რომელიც გასული სეზონის შემდეგ საბოლოოდ გამოეთხოვა აქტიურ სპორტს, ყურადღებით აკვირდება წლევანდელ ჩემპიონატში მიმდინარე მოვლენებს.

გასულ უქმეებზე, ტელეარხ Sky Italia-სთვის მიცემულ ინტერვიუში, მან პირდაპირ არ უპასუხა კითხვას - ვინ არის თანამედროვეობის საუკეთესო პილოტი; სამაგიეროდ, გამოარჩია ოთხი ავტომრბოლელი და ამ ჯგუფში არ შეიყვანა "მერსედესში" თავისი ყოფილი თანაგუნდელი ნიკო როსბერგი.

"დღეისთვის საუკეთესო პილოტებად შეიძლება მოვიხსენიოთ ფეტელი, ალონსო, რაიკონენი და ჰემილტონი, - განაცხადა მიხაელმა. - ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და თავიანთი სისუსტეები ახასიათებთ, მაგრამ საკუთარ თავზე კარგად მუშაობენ იმისთვის,
რომ ეს ნაკლოვანებები შენიღბონ".

შუმახერის აზრით, მნიშვნელოვანია ის, რომ ეს პილოტები მუდმივად ზრუნავენ საკუთარი შედეგების გასაუმჯობესებელად და პრაქტიკულად, არ უშვებენ შეცდომებს. გარდა ამისა, მიხაელის არჩევანის სამართლიანობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ სწორედ ეს ოთხი პილოტი იკავებს მიმდინარე ჩემპიონატის გენერალურ კლასიფიკაციაში პირველ ოთხ პოზიციას.

რაც შეეხება წლევანდელი სეზონის მთავარ პრობლემას - "პირელის" საბურავებს, შუმახერმა ამასთან დაკავშირებით კრიტიკული აზრი გამოთქვა: "ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საბურავები ყველა გუნდს უნდა ერგებოდეს, თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში ისინი ნორმალურად მხოლოდ რამდენიმე მანქანაზე მუშაობდა.

ჯერ კიდევ შარშან, ბაჰრეინში ვლაპარაკობდი საბურავის პრობლემებზე, მაგრამ ახლა ეს ყველამ
შეამჩნია..."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"რედ ბული" ვეღარ დომინირებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული