ზვერევი ლონდონშია, მუგურუსა სინგაპურში

AutoSharing Option
გერმანელი ალექსანდრ ზვერევი მესამე ჩოგბურთელი გახდა ესპანელი რაფაელ ნადალისა და შვეიცარიელი როჯერ ფედერერის შემდეგ, რომელმაც ლონდონში ATP-ის წლის შემაჯამებელ ჩემპიონატზე თამაშის უფლება გაინაღდა. აშშ-ის ღიას მეორე წრეში წაგების მიუხედავად, ზვერევი ნამდვილად აღარ ამოვარდება წელს სეზონის რვა საუკეთესო ჩოგბურთელის სიიდან.

ამ მომენტისთვის, TOP8-ში ასევე შედიან ავსტრიელი დომინიკ ტიმი, შვეიცარიელი სტენ ვავრინკა, ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი, ხორვატი მარინ ჩილიჩი და ესპანელი პაბლო კარენიო-ბუსტა. იმის გამო, რომ ვავრინკამ და ასევე მეცხრე ადგილზე მყოფმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა სეზონი ნაადრევად დაასრულეს, ლონდონის ტურნირზე ხვდებიან მეათე ადგილზე მყოფი ამერიკელი სემ კუერი და სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი, რომელიც მე-11 ადგილზეა.

აღვნიშნავთ, რომ ასაკის მიხედვით, ზვერევს უფლება აქვს მილანში, 21-წლამდელთა შემაჯამებელ ტურნირზეც ითამაშოს.

* * *
ქალთა ერთეულთა თანრიგში ცნობილი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელიც სინგაპურში წლის შემაჯამებელ ტურნირზე ითამაშებს.

წლევანდელ სეზონში ქალთა ტურში არ არის აშკარა ლიდერი და სწორედ ამიტომ, WTA Tour Finals-ის პირველი მონაწილე მხოლოდ აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ გახდა ცნობილი. ეს მონაწილეა მსოფლიოს ახალი პირველი ჩოგანი გარბინ მუგურუსა.

ასევე თითქმის გარანტირებული აქვს სინგაპურში მონაწილეობა რუმინელ სიმონა ჰალეპს. ამ მომენტისთვის, მას 165 ქულა აკლია საბოლოო მიზნამდე. შემდეგ მოდიან: ელინა სვიტოლინა, კაროლინა პლიშკოვა, ვინუს უილიამსი, კაროლინ ვოზნიაცკი, იოჰანა კონტა და ელენა ოსტაპენკო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული