არგენტინა VS სამხრეთი აფრიკა - ვის აქვს მეტი მოტივაცია

AutoSharing Option
დღეს ლონდონში, "ოლიმპიურ" სტადიონზე მსოფლიოს თასის მესამე ადგილისთვის მატჩში სამხრეთ აფრიკის ნაკრები არგენტინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 24:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი წარმოადგენს.

"ბოკე" მსოფლიოს თასის გათამაშების ორგზის გამარჯვებულია, არგენტინელთა მონაგარი კი მხოლოდ ბრინჯაოს მედლებია 2007 წლის მსოფლიოს თასზე, რომელიც საფრანგეთში გაიმართა.

"პუმებს" მიღწეულის გამეორება შეუძლიათ. ნახევარფინალში ავსტრალიის ნაკრებთან მარცხი არგენტინელებმა მწვავედ განიცადეს, რადგან შესანიშნავი შანსი დაკარგეს, პირველად არგენტინული რაგბის ისტორიაში, ფინალში გაეღწიათ. ცხადია, ასეთი დასანანი წაგების შემდეგ გუნდის მოთამაშეებისთვის მოტივაციის დაბრუნება
ძნელია, თუმცა მწვრთნელ დანიელ ურკადს საამისოდ დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია.

არგენტინის ნაკრებს შანსი აქვს, თავისი საუკეთესო მიღწევა გაიმეოროს. "პუმები" მიმდინარე მსოფლიოს თასზე შესანიშნავად გამოიყურებიან და თუ ისინი ამას შეძლებენ, ნამდვილად არავის გაუკვირდება.

ურკადმა შემადგენლობა საგრძნობლად გადაახალისა. ის იძულებული გახდა, შემადგენლობაში ცხრა ცვლილება განეხორციელებინა - აქედან ოთხი შერკინებაში და ხუთი უკანა ხაზში. ყველაზე დიდი დანაკლისი არგენტინელებისთვის ხუან მარტინ ერნანდსის, ხუან იმჰოფისა და გუნდის კაპიტან ავგუსტინ კრევის არყოფნა იქნება.

ძალიან ძნელი იქნება ნახევარფინალში წაგების შემდეგ სამხრეთ აფრიკის ნაკრების მორაგბეების საბრძოლველად განწყობა. "ბოკესთვის" მესამე ადგილისთვის თამაში პრესტიჟული არაა. სწორედ ამიტომ თქვა ახალი ზელანდიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ სამხრეთაფრიკელთა თავკაცმა ჰაინკე მეირემა - ეს თამაში (მესამე ადგილისთვის მატჩი) სრულიად უსარგებლოაო.

მიუხედავად ამისა, "ბოკეს" მაინც გამარჯვება მართებს, რადგან მარცხის შემთხვევაში, შესაძლებელია მეიერი თანამდებობიდან გაათავისუფლონ. არადა, მას სურს, სამხრეთ აფრიკის ამ ახალგაზრდა ნაკრებთან კიდევ ოთხი წელიწადი იმუშაოს.

"ეს მატჩი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან გვინდა ეს სეზონი ჩვენი ქომაგებისთვის მაჟორულ ნოტზე დავასრულოთ.

არგენტინის ნაკრებმა დიდი პროგრესი განიცადა. ჩვენ გამოცდილი გვაქვს, რამდენად ძნელია მათ წინააღმდეგ თამაში. ჩვენს მორაგბეებს ესმით, რომ ბოლო ძალები უნდა მოიკრიბონ, ყველაფერი დაივიწყონ და სეზონი გამარჯვებით დავასრულოთ", - თქვა ჰაინკე მეიერმა.

"ბოკეს" შემადგენლობაში ორი ცვლილებაა. მეორე ხაზში ლუდ დე იაგერის ადგილი ვეტერანმა ვიქტორ მეტფილდმა დაიკავა. ცხრა ნომრის პოზიციაზე ფური დუ პრის რუან პინარი შეცვლის.

აღსანიშნავია, რომ წლეულს ოთხი ერის გათამაშებაში არგენტინის ნაკრებმა "ბოკეს" სტუმრად, დურბანში 37:25 სძლია.

არგენტინა-სამხ. აფრიკა
არგენტინა: 15. ლუკას გონსალეს ამოროსინო, 14. სანტიაგო კორდერო, 13. მატიას მორონი, 12. ხერონიმო დე ლა ფუენტე, 11. ორასიო აგუჯა, 10. ნიკოლას სანჩესი, 9. ტომას კუბელი. 1. მარკოს აიერსა, 2. ჯულიან მონტონია, 3. რამირო ერერა, 4. მატიას ალემანო, 5. ტომას ლავანინი, 6. ხავიერ ორტეგა დესიო, 7. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე, 8. ხუან მარტინ ლეგუსამონი.
16. ლუკას ნოგიერა, 17. ხუან პაბლო ორლანდი, 18. ხუან ფიგაჯო, 19. გვიდო პეტი, 20. ფაკუნდო ისა, 21. მარტინ ლანდახო, 22. სანტიაგო გონსალეს იგლესიასი, 23. ხუან პაბლო სოსინო.
სამხ. აფრიკა: 15. ვილი ლე რუ, 14. ჯეი პი პიტერსენი, 13. ჯესი კრილი, 12. დამიენ და ალენდე, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. ანდრე პოლარდი, 9. რუან პინარი. 1. ტენდაი მთავარირა, 2. ბისმარკ დუ პლესი, 3. ფრანს მალერბე, 4. ებენ ესტებესი, 5. ვიქტორ მეტფილდი, 6. ფრანსუა ლოუ, 7. სხალკ ბურხერი, 8. დუეინ ვერმულენი.
16. ადრიან სტრაუსი, 17. ტრევორ ნიაკანე, 18. იანი დუ პლესი, 19. ლუდოვიკ დე იაგერი, 20. ვილემ ალბერტსი, 21. რუდი პეიჯი, 22. პატრიკ ლამბიე, 23. იან სერფონტეინი.
მსაჯი: ჯონ ლესი (ირლანდია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული