რაგბის სტადიონები - ფული ჯოჯოხეთს ანათებს

AutoSharing Option
მსოფლიოს ყველა ელიტურ სარაგბო ქვეყანაში ამ თამაშის სპეციალიზებული სტადიონები არსებობს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა კლუბების ან მუნიციპალიტეტების საკუთრებაა. ცოტა თუ მოიძევება ისეთი, რომელიც კონკრეტული ქვეყნის რაგბის კავშირს ეკუთვნის.

მაგალითად: ინგლისში ასეთი "თვიქნემია", უელსში "მილენიუმი", შოტლანდიაში "მერიფილდი", ირლანდიაში "ავივა სთედიუმი" და სხვა.

რაც უნდა საოცარი იყო, ისეთი წამყვანი სარაგბო ქვეყნის რაგბის კავშირს, საფრანგეთი რომ არის, საკუთარი სტადიონი არ გააჩნია. აღარაფერს ვამბობთ საქართველოს რაგბის კავშირზე, რომელსაც ნაკრების მატჩების გასამართად ხან ეროვნული სტადიონის იჯარით აღება უწევს, ხანაც მიხეილ მესხის "ლოკომოტივის" სტადიონის.

როდის ექნებათ "ბორჯღალოსნებს"
"საკუთარი კერა", არავინ იცის. აი, ფრანგებმა კი ამ საკითხის მოგვარებას სერიოზულად მოჰკიდეს ხელი. "ლე ბლოს" მატჩების სარბიელად ბოლო 15 წელიწადია, პარიზის გარეუბან სენ დენიში მდებარე "სტად დე ფრანსია".

ფრანგთა ნაკრები მატჩების გარკვეულ ნაწილს რეგიონებშიც მართავს. ეროვნული გუნდის ყველაზე ხშირი მასპინძლები მარსელის "ველოდრომი" და ტულუზის "სტად ერნესტ ვალონია".

საფრანგეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა პიერ კამიუმ მას შემდეგ, რაც ფრანგული რაგბის მესაჭე გახდა, მიზნად დაისახა, ეროვნული ნაკრებისთვის სტადიონის ასაშენებლად თანხები მოეზიდა. პროექტი უკვე მზადაა და წინასწარი გათვლებით, 82-ათასიანი სტადიონის მშენებლობა 600 მილიონი ევრო დაჯდება.

სავარაუდოდ, ეს თანხა კიდევ უფრო მეტი იქნებოდა, რომ არა სტადიონის მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორიის მდებარეობა. ის პარიზიდან მანქანით 25 წუთის სავალზეა. უფრო ახლოს რომ ყოფილიყო, მშენებლობის ღირებულებაც მეტად გაიზრდებოდა.

ერთი სიტყვით, ასეა თუ ისე, საფრანგეთის რაგბის კავშირს ნამდვილად უღირს, საკუთარი სტადიონი ჰქონდეს და ყოველწლიურად "სტად დე ფრანსის" იჯარაში 85 მილიონი არ იხადოს. მით უფრო, რომ იმ 113 ჰექტარ მიწაზე, რომელზეც სტადიონი აშენდება, მოეწყობა სავაჭრო-გასართობი ცენტრი, სპორტული მოედნები, სადაც შესაძლებელი იქნება კონცერტებისა და სხვა კულტურული ღონისძიების გამართვა, რაც მთლიანად ობიექტს რენტაბელურს გახდის.

თავად სტადიონი კი ასე შეიძლება მოკლედ დახასიათდეს: ის ერთ-ერთი ულტრათანამედროვე იქნება მსოფლიოში. მაღალი, გადახურული, მრავალფუნქციური, მაყურებლისთვის გამორჩეული კომფორტით.

"ახალი სტადიონის პროექტი სრულიად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც ფრანგული რაგბის განვითარების დღევანდელი მდგომარეობისთვისაა აუცილებელი. დროა, საფრანგეთის რაგბის ფედერაციამ დამოუკიდებლად გაუწიოს ორგანიზება ეროვნული გუნდის თამაშებს და ხელი შეუწყოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ფრანგულ რაგბის, ისევე, როგორც მსოფლიოს რაგბის ელიტურ ქვეყნებს, აუცილებლად უნდა გააჩნდეს რაგბის საკუთარი ედემის ბაღი" - თქვა საფრანგეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა პიერ კამიუმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული