ექვსი ერი. I ტური: გამოცდილებისა და ახალგაზრდობის ნაზავი

AutoSharing Option
ახლა, როცა ექვსი ერის პირველი ტურის მატჩებით გამოწვეული ვნებათაღელვა ჩაცხრა, შეიძლება ცივი გონებით გავაანალიზოთ გასული ბატალიები და იქიდან საუკეთესო მოთამაშეები შევარჩიოთ.

ექვსი ერის პირველი ტურის სიმბოლური ნაკრების საკუთარი ვერსია, ტრადიციულად, შემოგვთავაზა სარაგბო ვებგვერდმა PLANETRUGBY-მ, რომელშიც ფრანგი მორაგბეები ვერ მოხვდნენ (რაც სულ არ არის გასაკვირი).

"ლე ბლო" იმდენად უნიათოდ გამოიყურებოდა რომში "სტადიო ოლიმპიკოზე", რომ მის ფავორიტობას ძნელად თუ ვინმე დაიჯერებდა.

შინ დაბრუნებულ ფრანგთა გუნდს ადგილობრივი პრესის კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა. ყველაზე დაბალი შეფასება ახალმა კაპიტანმა პასკალ პაპემ, შერკინების კვაჭმა დიმიტრი სჟარჟევსკიმ და
შუამარბმა მაქსიმ მერმოსმა მიიღეს.

სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი, ხუთი მორაგბე ირლანდიის ნაკრებიდან მოხვდა, ოთხ-ოთხი მოთამაშე მიავლინეს იტალიისა და ინგლისის ნაკრებებმა, თითო-თითო კი უელსელი და შოტლანდიელია.

მოწინავეთა რიგებში გამორჩეულებად კი შეიძლება მივიჩნიოთ ირლანდიის ნაკრების ვეტერანი ლიდერი ბრაიან ოდრისკოლი, ინგლისის ნაკრების დებიუტანტი, შუამარბი ბილი თველვეტრისი, "სკუადრა აძურას" მგეზავი ლუჩანო ორკუერა, შოტლანდიის ნაკრების ფულბეკი სტიუარტ ჰოგი და იტალიის ნაკრების არგენტინული წარმოშობის შერკინების შემკვრელი სერჯო პარისე.

ოდრისკოლი, როგორც ყოველთვის, "სამყურების" შეტევების სულისჩამდგმელი იყო. მისი შემართება თანაგუნდელებსაც გადაეცათ და ირლანდიის ნაკრებმა ბოლო წლებში თავისი საუკეთესო თამაში აჩვენა.

ორდისკოლიმ ერთი ლელო თანაგუნდელს გაატანინა, ერთიც თვითონ მიითვალა და ყველას დაანახვა, რომ რაგბიდან მისი წასვლა ჯერ ადრეა. საინტერესოა, როგორ გამოიჩენს თავს დიდი ბრაიანი შემდეგი ტურის მატჩში ინგლისის ნაკრებთან.

როგორც ჩანს, ინგლისელთა თავკაცს, სტიუარტ ლანკასტერს ყოველთვის უნდა ვენდოთ. მან იპოვა ზუსტად ისეთი შუამარბი, როგორიც "პომებს" დიდი ხანია, არ ჰყოლიათ. ხოლო ახალგაზრდა ბილი თველვეტრისს მსგავსი დებიუტი მსოფლიო დონის თითო-ოროლა ვარსკვლავს თუ ჰქონია. ის დიდებული იყო თამაშის ყველა ასპექტში.

სერჯო პარისე იტალიის ნაკრების თილისმაა. ამჯერად ის მარტო არ იყო მეტოქესთან ბრძოლაში. თანაგუნდელებმა კაპიტანს მხარი აუბეს და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ იტალიის ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

სერჯოს პირველმა ლელომ "სკუადრა აძურას" ფრთები შეასხა. ამასთან, მან დიდი მოცულობის შავი სამუშაოც შეასრულა.

სტიუარტ ჰოგი "ნარშავების" შემადგენლობაში გამორჩეული ფიგურა იყო. მისი 50-მეტრიანი დიდოსტატური დრიბლინგი არასდროს დაავიწყდებათ იმ დღეს "თვიქნემზე" მისულ ქომაგებს. ჰოგს "ბრიტანელი ლომების" რიგებში მიწვევის შანსი გაუჩნდა. ამ გუნდს ივნისში ავსტრალიაში აქვს ტურნე.

დიეგო დომინგესის შემდეგ იტალიის ნაკრებს ასეთი გაწონასწორებული, სწორად მოაზროვნე და ტექნიკურად შესანიშნავად აღჭურვილი მგეზავი არასდროს ჰყოლია. ლუჩანო ორკუერა "სკუადრა აძურასთვის" ნამდვილი ხსნაა.

საერთო ჯამში, სიმბოლური ნაკრები გამოცდილებისა და ახალგაზრდობის ნაზავი გამოვიდა, რაც სრულიად ბუნებრივია. გამორიცხული არ არის, მეორე ტურში, რომელიც მომავალ უქმეებზე გაიმართება, კიდევ რამდენიმე აღმოჩენა გავაკეთოთ.

სიმბოლური ნაკრები
15. სტიურატ ჰოგი (შოტლანდია), 14. საიმონ ზებო, 13. ბრაიან ოდრისკოლი (ორივე - ირლანდია), 12. ბილი თველვეტრისი, 11. მაიკ ბრაუნი (ორივე - ინგლისი), 10. ლუჩანო ორკუერა (იტალია), 9. ბენ იანგზი (ინგლისი). 1. კიან ჰილი, 2. რორი ბესტი (ორივე - ირლანდია), 3. მარტინ კასტორჯოვანი (იტალია), 4. ენდრიუ კუმბსი (უელსი), 5. ჯო ლანჩბერი (ინგლისი), 6. ალესანდრო ძანი (იტალია), 7. შონ ობრაიანი (ირლანდია), 8. სერჯო პარისე (იტალია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული