ფავორიტი ორია: ინგლისი და საფრანგეთი

AutoSharing Option
ექვსი ერის წლევანდელ გათამაშებას რაგბის ქომაგი განსაკუთრებით ელის.

შარშანდელი სეზონი მსოფლიოს თასის გათამაშების შემდგომი ეტაპი იყო, რომლის დროსაც გუნდებში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობდა და მწვრთნელები ექსპერიმენტებს არ ერიდებოდნენ.

ამჟამად ექვსი ერის მონაწილე ნაკრებების ძირითადი ბირთვი ჩამოყალიბებულია და თამამად შეიძლება იმსჯელო, ვინ ფავორიტია და ვინ აუტსაიდერი. წინასწარი გათვლებით, პირველობისთვის საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებებმა უნდა იბრძოლონ.

გულხელდაკრეფილი, ცხადია, არც ირალანდიის ეროვნული გუნდი იქნება. უელსელთა ნაკრებს კი, რომელიც შარშანდელი ტურნირის გამარჯვებულია, პრეტენდენტად მორაგბეთა მომრავლებული ტრავმიანობის გამო არ განიხილავენ.

პირველ ტურში "წითელი ურჩხულები" შინ
ეთამაშებიან ირლანდიის ეროვნულ გუნდს. უელსელებმა ზემოთნახსენები პრობლემების გამო ზედიზედ შვიდი თამაში წააგეს და თავგამოდებით შეეცდებიან წარუმატებლობათა ეს სერია შეწყვიტონ.

შარშან, დუბლინში, უელსის ნაკრებმა მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ლეიგ ჰალპფენის საჯარიმოს წყალობით მოიგეს და "დიდი სლემი" შეასრულეს.

გუნდს, ამჯერად, შარშანდელი ტრიუმფის ავტორთაგან წამყვანი მოთამაშეები აკლია. ესენია: ბრედლი დევისი, ლუკ ჩარტერისი, რაიან ჯოუნზი, ალან-ვინ ჯოუნზი და დენ ლიდიატი, რომელიც ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ასეთი დანაკლისის გამო ჯანმრთელად დარჩენილ "წითელ ურჩხულებს" გაორმაგებული ძალით გარჯა მართებთ.

უელსის ნაკრების ქომაგები მაინც იმედიანად არიან, რადგან სრულ მზადყოფნაში იმყოფებიან ახალგაზრდა უკანახაზელები, მსოფლიოს რაგბის ამომავალი ვარსკვლავები ჯორჯ ნორსი, ალექს კატბერტი და ჯონათან დევისი.

თუმცა "სამყურებთან" დაპირისპირების შემდეგ, მათ სათაყვანებელ გუნდს ზედიზედ სამი გასვლითი მატჩი აქვს სათამაშო. ბოლო ტურში კი, შინ ინგლისის ნაკრებს მიიღებს. რაც იმის მანიშნებელია, რომ 2009 წლის შემდეგ, "წითელ ურჩხულებს" პირველად არ აქვთ შანსი "დიდი სლემი" შეასრულონ.

ირლანდიის ნაკრების მდგომარეობა რადიკალურად განსხვავდება მეტოქისაგან. გუნდს ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელებული ლიდერი, შუამარბი ბრაიან ოდრისკოლი დაუბრუნდა, თუმცა ის გუნდის კაპიტანი აღარ იქნება. ეს მისია ჯიმი ჰისლიპს დაეკისრა.

ტურნირის ფავორიტი, ინგლისის ნაკრები ლონდონში, "თვიქნემზე" "ხის კოვზის" ამჟამინდელ მფლობელს, შოტლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

"პომებმა" შარშანდელი ტურნირის შემდეგ თამაშის დალაგება, წინ წასვლა შეძლეს, რაც ივნისისა და ნოემბრის ტესტებში მიღწეულ შედეგებში აისახა. მასპინძლები მატჩს თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან.

ერთადერთი სერიოზული დანაკლისი, საწვრთნელი შეკრების დროს დაშავებული შუამარბი მანუ ტუილაგია.

მის ნაცვლად ინგლისელთა თავკაცმა სტიუარტ ლანკასტერმა ძირითადში ადგილი ბილი თველვეტრისს ანდო. მისივე გადაწყვეტილებით, გამოცდილი მგეზავი ტობი ფლუდი სათადარიგოთა სკამზე იქნება, გუნდს კი ახალგაზრდა ოუენ ფარელი დაგეზავს.

"ნარშავებს" 2011 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ, საქმე სულ უკან-უკან მისდით. ნოემბრის ტესტებზე განცდილი კრახის გამო გუნდის ინგლისელი თავკაცი ენდი რობინსონი გადადგა და ახლა "სკოტებს" დროებით დანიშნული მწვრთნელები ჰყავთ ავსტრალიელი სკოტ ჯონსონის მეთაურობით.

სავარაუდოდ, გამარჯვებით დაიწყებს ასპარეზობას სტუმრად იტალიის ეროვნულ გუნდთან საფრანგეთის ნაკრები, რომელიც ბოლო წელიწადია ერთ-ერთ ყველაზე ორგანიზებულ, ეფექტურად მოთამაშე გუნდად ჩამოყალიბდა.

ფილიპ სენტ-ანდრემ ისიც კი მოახერხა, რომ თუ დასჭირდება, ორ ერთნაირი ძალის გუნდს გამოიყვანს. თავად განსაჯეთ, იტალიასთან მატჩისთვის სათადარიგოთა შორის დასვა ისეთი ვარსკვლავები მორგან პარა, ფრანსუა ტრინ-დუკი, - ბენიამინ კაიზერი და მატიო ბასტარო რომ არიან.

იტალიელები ფრანგი თავკაცის ჟაკ ბრუნელის მეცადინეობით შეეცდებიან "ლე ბლოს" მედგარი წინააღმდეგობა გაუწიონ. რამდენად გამოუვათ ეს, რომის "სტადიო ოლიმპიკოზე" კვირას გამოჩნდება.

ექვსი ერი
I ტური
უელსი-ირლანდია
ინგლისი-შოტლანდია
იტალია-საფრანგეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული