ლაპარაკი მარტო რაგბიზე არაა

AutoSharing Option
რაგბის საერთაშორისო საბჭომ ახლახან ერთ-ერთ თავის კომუნიკეში განაცხადა, რომ გამორიცხული არ არის 2015 წლის მსოფლიოს თასზე უელსის ნაკრებს კარდიფში თამაშის უფლება დართონ.

მართალია, ინგლისის რაგბის კავშირი დაჟინებით მოითხოვს, ყველა თამაში ინგლისში ჩატარდეს, IRB მაინც იქითკენ იხრება, რომ მსოფლიოს თასი უელსის დედაქალაქსაც ეწვიოს.

"ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. თუმცა აქტიურად განვიხილავთ. სადავო არაა, რომ დასავლეთ ინგლისელებისთვის უფრო იოლია კარდიფში ჩასვლა, ვიდრე ლონდონში. საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად მარტში შევიკრიბებით და უწინარესად დავადგენთ მატჩების გამართვის თარიღებს. მერე განვიხილავთ იმ სტადიონებს, რომლებიც, სავარაუდოდ, მსოფლიოს
თასის მატჩებს უმასპინძლებს. კარდიფის თემაზე, ყოველივე ამის შემდეგ ვიმსჯელებთ." - თქვა IRB-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ მილერმა.

არადა, ინგლისის 2015 წლის მსოფლიოს თასის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელები იმუქრებიან, რომ ეს იქნება აქამდე გამართულ ტურნირებზე ბევრად უკეთესი. ახალ ზელანდიაში  მილიონ ოთხასი ათასი ბილეთი გაიყიდა. ჯგუფური ტურნირის მატჩებზე დასასწრები ბილეთები კი ძალიან იაფი იქნება - მინიმალური ფასი 10 გირვანქა სტერლინგი.

მომდევნო მსოფლიოს თასამდე ოთხ წელიწადზე ოდნავ ნაკლებია დარჩენილი, თუმცა ჯერ ადრე არ არის იმაზე ფიქრი რა შეიძლება ნახოს რაგბის ქომაგმა ინგლისში, ეს მით უფრო საინტერესოა, რომ, როგორც უკვე ვთქვით, ორგანიზატორები ზღაპრულ სანახაობას გვპირდებიან.

ინგლისში იმ დროისთვის 350 ათას უცხოელ ქომაგს ელიან. ეს ნამდვილი შემოსევა იქნება, თუმცა "არ იქნება უცხოური არმიის პირველი შეჭრა, რომლებმაც ინგლისს თავის კვალი დაატყვეს".

ანგლების, საქსების, ვიკინგების და ნორმანების დანატოვარი მთელ ქვეყანაშია მიმოფანტული, რაც ძალიან საინტერესოს ხდის ამ ქვეყანას ნებისმიერი გემოვნების ტურისტისთვის. საინტერსოა, მოვიაროთ ის ქალაქები, რომლებმაც სავარაუდოდ მსოფლიოს თასზე უნდა იასპარეზონ და ვნახოთ, რა უნდა აკეთოს ქომაგმა იმ დროს, როცა რაგბის არ უყურებს.

ლონდონი - ინგლისის დედაქალაქში ყველაფერია. აუცილებლად უნდა ნახოთ ბუკინჰემის სასახლე, დედოფლის სახლი. საინტერესო იქნება პარლამენტის შენობისა და წმინდა პავლეს ტაძრის ხილვა. აღარაფერს ვამბობთ, თაუერზე. ქალაქის სტუმარს შეუძლია დატკბეს შექსპირის პიესების ხილვით "გლობუსში" ან ნახოს ბალეტი ნაციონალურ ოპერაში. შეგიძლიათ ასევე ისადილოთ მიშლენის ქსელის ერთ-ერთ რესტორანში.

ლონდონში მსოფლიოს თასის მატჩები, სავარაუდოდ, სამ სტადიონზე, "უემნლიზე" (90 ათასი მაყურებელი), "თვიქნემზე" (80 ათასი), და "ემირეიტსზე" (60 432) გაიმართება.

საუთჰემპთონი - ინგლისის სამხრეთ სანაპიროს ცენტრალურ ნაწილში განთავსებული საუთჰემპთონის ისტორია ქვის ხანიდან იწყება. ამჟამად აქ შესაძლებელია დატკბეთ სეირნობით შუასაუკუნეებში აშენებული ქალაქის კედლების გასწვრივ. ახლახან გაიხსნა "ტიტანიკის" მუზეუმი.

შესანიშნავი სანახავია აქაური ნაცინალური პარკიც.

მსოფლიოს თასის მატჩები "სენ მერი სთედიუმზე" გაიმართება, რომელიც 32 689 მაყურებელს იტევს.

ქოვენთრი - მიდლენის სიდიდით მეორე ქალაქს შეუძლია ფანტასტიკური თანამედროვე ტიპის ტაძრით იამაყოს, რომელიც 1940 წელს დანგრეული ძველი ტაძრის ადგილას აშენდა. ქოვენთრის დიდი როლი აქვს ბრიტანულ მანქანათმშენებლობაში. ასევე აქ გაშენებულია "ქანთრი პარკი", რომელიც ბუნების მოყვარულთა ოცნებაა.

აქ მსოფლიოს საუკეთესო სარაგბო გუნდებს "რიკო არენა" უმასპინძლებს, რომელიც 32 500 მაყურებელს იტევს.

ლივერპული - ეს ქალაქი 2004 წელს იუნესკომ კაცობრიობის მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა, ხოლო 2009 წელს ევროპის კულტურულ დედაქალაქად დაასახელეს. აქ შეგიძლიათ ალბერტის დოკებს ესტუმროთ, რომელსაც მდიდარი სამხედრო-საზღვაო წარსული აქვს. და, რა თქმა უნდა, გაეცანით "ბიტლზის" ისტორიას.

ლივერპულში მსოფლიოს თასის შეხვედრები საყოველთაოდ ცნობილ "ენფილდზე" (45 ათასი) გაიმართება.

გლოსტერი - ამ ქალაქში რაგბი სპორტის ნომერ პირველი სახეობაა. აქაური რაგბის კლუბის ისტორია 1873 წლიდან იწყება. ქალაქის დაარსების თარიღი კი რომაელების მსოფლიოს ბატონობის ხანას ემთხვევა. გლოსტერში მრავლადაა ვიქტორიანული და ნორმანული ტაძრები.
სტადიონს სადაც მსოფლიოს თასის შეხვედრები გაიმართება "კინგსჰოლმი" (18 ათასი) ჰქვია.

მანჩესტერი - აქ ჩრდილოეთის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო მუზეუმია. აქვეა ხელოვნების, მეცნიერებისა და მრეწველობის მუზეუმებიც. მანჩესტერში აურაცხელი კულტურული დანიშნულების დაწესებულებაა. ქალაქი გთავაზობთ ასევე საკმაოდ ხმაურიან ღამის ცხოვრებას, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ კვარტალში. ამავე დროს, ქალაქთან ახლოს, გორაკებზე, ისეთი ბუნებაა, რომელიც სუფთა ჰაერზე დასვენების მოყვარულთათვის მისწრებაა.

მსოფლიოს თასის შეხვედრები "მანჩესტერ იუნაიტედის" სტადიონზე, "ოლდ ტრაფორდზე" (76 100) გაიმართება.

ნიუკასლი - მთელს მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე აქ ყველაზე მეტი თეატრია. ნიუკასლი ინგლისის კულტურული ცხოვრების ლიდერია. საკმაოდ ხალისიანია ქალაქის სპორტული ცხოვრებაც. სწორედ ნიუკასლის მკვიდრია თანამედროვეობის ყველაზე გამორჩეული მგეზავი ჯონი ვილკინსონი.

მსოფლიოს თასის შეხვედრებს აქ "სენ ჯეიმს პარკი" უმასპინძლებს (52 387).

ლესტერი - ეს ქალაქი, ისევე როგორც გლოსტერი, ინგლისში სარაგბო ქალაქად ითვლება. ქალაქის ისტორიას შეიძლება გაეცნოთ თუ მოინახულებთ შუასაუკუნეების რატუშას, ასევე დიდ სარკინიგზო და ნაციონალურ კოსმიურ ცენტრს. ამასთან ერთად, საკმაოდ თვალშისაცემია აზიური გავლენა. ლესტერში ინდური რესტორნების მთელის ქსელია, რომელიც ამ ქვეყნის მრავალფეროვან, საინტერესო კულტურას გაზიარებთ.
ლესტერში მსოფლიოს თასის შეხვედრები "ვილფორდ როუდზე" (30 ათასი) გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული