ოთხი ერი. V ტური: პირველი ჩემპიონი "ოლ ბლექსი"

AutoSharing Option
ახალი ზელანდიის ნაკრები ოთხი ერის გათამაშების პირველი გამარჯვებულია. "ოლ ბლექსმა" შეჯიბრების დებიუტანტი არგენტინის ნაკრები სტუმრად ლა პლატაში 54:15 დაამარცხა.

ქომაგებს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ "პუმებმა" იმედი გაუცრუეს. მასპინძლებმა მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა მხოლოდ საწყის 15 წუთში გასწიეს. მეტიც, მატჩის მე-7 წუთზე ანგარიში სწორედ მათ გახსნეს. თავი გამოიჩინა ცხრა ნომერმა მარტინ ლანდახომ.

ახალზელანდიელებმა ამის შემდეგ უპირატესობის მოპოვება იოლად მოახერხეს. ჩვეული მწყობრი თამაშითა და უკანახაზელების ოსტატობის წყალობით საბოლოო ჯამში მეტოქეს 7 ლელო გაუტანეს.

მატჩის ბედი პირველ ტაიმში გადაწყდა. "ოლ ბლექსმა" 24-ქულიანი უპირატესობით მოიგი -
32:8.

საინტერესოა, რომ შვიდი ლელოდან შვიდივე უკანახაზელებმა გაუტანეს. ყველაზე მეტჯერ მეტოქის ჩათვლის მოედანში გარემარბმა ქორი ჯეინმა შეაღწია, მის ანგარიშზე სამი ლელოა. ორჯერ აიღო მეტოქის ქალაქი მეორე გარემარბმა ჯულიან სავეამ.

"ჩვენი მიზანი იყო დაგვემტკიცებინა, რომ შარშან გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში დამსახურებულად გავიმარჯვეთ. საამისოდ ბიჭებმა ყველაფერი გაიღეს და მიღწეული შედეგით ყველანი ძალიან კმაყოფილები ვართ"
, - თქვა ნამატჩევს ახალი ზელანდიის ნაკრების კაპიტანმა რიჩი მაქოამ.

საქები სიტყვები არც "ოლ ბლექსის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა დაიშურა.

"ერთი კვირის განმავლობაში ბეჯითად ვშრომობდით, გვინდოდა, ყველაფერი უმაღლეს დონეზე გაგვეკეთებინა. ყოჩაღ ბიჭებს, შესანიშნავად გაისარჯნენ. მათ ჭეშმარიტად უმაღლესი დონის რაგბი აჩვენეს".

შეგახსენებთ, რომ ახალი ზელანდიის ნაკრებმა ხუთი თამაშიდან ხუთივე მოიგეს. ტურნირის წაუგებლად დასრულებას "ოლ ბლექსი" ბოლო ტურში სტუმრად სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან მატჩში შეეცდება.

* * *
"ბოკემ", თავის მხრივ, მე-5 ტურში შინ დაამარცხა ავსტრალიის ნაკრები 31:8.

მატჩში ანგარიში 21-ე წუთამდე ვერც ერთმა გუნდმა გახსნა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თამაში თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. პირიქით, მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ორჯერ ლელოშიც შეაღწიეს, თუმცა ვიდეორეფერის გადაწყვეტილებით, ორივე ლელო გაუქმდა.

ანგარიში კი სამხრეთ აფრიკის ნაკრების ფულბეკმა ზან კირხნერმა გახსნა ლელოთი. მატჩის გმირი გარემარბი ბრაიან ჰაბანა გახდა, რომელმაც მეტოქის ჩათვლის მოედანში სამჯერ შეაღწია.

სულ კი მასპინძელთა ანგარიშზე ხუთი ლელოა. ავსტრალიელთა ქალაქის აღების კიდევ ერთი მცდელობა წარმატებით ფრანსუა ლოუმ დაასრულა.

ოთხი ერი. V ტური
არგენტინა-ახალი ზელანდია 15:54
არგენტინა (15-9) ამოროსინო (როდრიგესი 66), კამაჩო, მარსელო ბოსხი, ფერნანდესი, აგულა (იმჰოფი 45), ერნანდესი, ლანდახო. (1-8) რონსერო, გუინასუ (კრევი 58), ფიგალო (აიერსა 67), კარისა (კინალი 57), ალბასეტე, კაბელო, ლეგუსამონი (ლეონარდი 52), ფერნანდეს ლობე.
2ლ: ლანდახო, კამაჩო. ს,გ: ერნანდესი.

ახალი ზელანდია (15-9) დაგი, ჯეინი, სმითი, ნონუ, სავეა, კარტერი (კრადენი 58), სმითი (ვიპუ 58). (1-8) ვუდქოკი, ჰორი (მეალამუ 45), ფრენქსი (ფამუნია 55), რომანო (რეტალეკი 35), ვაითლოქი, მესამი, მაქოა, რიდი.
7ლ: ჯეინი (3), სავეა (2), ნონუ, ა. სმითი. 5გ: კარტერი (3), კრადენი (2), ს: კარტერი (2), კრადენი.

მსაჯი: იაკო პეიპერი (სამხრეთ აფრიკა)

სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია 31:8
სამხრეთ აფრიკა (15-9) კირხნერი, ჰაბანა, დე ფილიერსი, ფ. სტეინი, ჰუგარი, გუსენი, პინარი. (1-8) მთავარირა, სტრაუსი, დუ პლესი, ესტებესი, ბეკერი, ლოუ, ალბერტსი, ვერმულენი.
5ლ: ჰაბანა (3), კირხნერი, ლოუ. 3გ: პინარი.

ავსტრალია (15-9) ბარნსი, შიპერლი, ეშლი-კუპერი, მაკკები, იოანი, ბეილი, ფიპსი. (1-8) რობინსონი, პოლოტა ნაუ, ალექსანდერი, დუგლასი, შარფი, დენისი, ჰუპერი, სამო.
ლ: ჰარისი. ს: ბეილი.
სინბინი: სლიპერი.

მსაჯი: ალან როლანი (ირლანდია)

სატურნირო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია - 21 ქულა, 2. ავსტრალია - 12, 3. სამხრეთ აფრიკა - 8, 4. არგენტინა - 3.

VI ტური
სამხრეთ აფრიკა-ახალი ზელანდია, არგენტინა-ავსტრალია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული