რიჩი დიქსონი: ქართველებს ახლავე უნდათ ექვს ერში, მაგრამ წარმატება ასე სწრაფად არ მოდის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნოემბრის ტესტებზე ნაჩვენებ შედეგებს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ახლა აქ ყველა სასიამოვნო თუ უსიამოვნო ციტატებს არ მოვიყვანთ. გვინდა heraldscotland.com-ზე გამოქვეყნებული სტატიის ამონარიდი შემოგთავაზოთ, რომლის მთავარი გმირიც "ბორჯღალოსნების" ყოფილი თავკაცი, შოტლანდიელი რიჩი დიქსონია, იგივე "რიჩი ბაბუ".

"საქართველოს ნაკრები დაჟინებით იბრძვის საიმისოდ, რათა ექვსი ერის გათამაშებაში თამაშის უფლება მიიღოს. ამასთან ერთად, უკვე საწყის ეტაპზეა მოლაპარაკება ერთი ქართული გუნდის "კელტთა ლიგაში" ჩართვის თაობაზე.

თუ ეს ყველაფერი მოხდა, ერთ-ერთი, ვისი წვლილიც ამაში იქნება, შოტლანდიელი სპეციალისტი რიჩი დიქსონია, რომელიც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო
2011 წლის მსოფლიოს თასზე.

"ჩემი თიკუნია "ბაბუ". ქართველები ასე მეძახიან. საქართველოში რაგბის განვითარებისა და მწვრთნელთა გადამზადების პროგრამის შესამუშავებლად გამაგზავნეს. მათ ახლავე უნდათ "დიდებში" ყოფნა, მაგრამ წარმატება სწრაფად არ მოდის. საამისოდ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი", - თქვა რიჩი დიქსონმა. 

დიქსონი, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს შოტლანდიის ნაკრებს წვრთნიდა, ამ ორი ქვეყნის რაგბიში ბევრ საერთოს ამჩნევს. ორივე ქვეყანაში მოსახლეობის მცირე და მორაგბეების შეზღუდული რაოდენობაა.

"ჩვენ გვჭირდება ეს გუნდი. მათ უკეთ შეუძლიათ თამაში. მოდის ძალიან კარგი მომავალი თაობა, რომელიც საერთაშორისო რაგბისთვის ბევრად უკეთ არის მომზადებული. ოთხი ახალგაზრდა მორაგბე უკვე ეროვნული ნაკრების წევრია.

იმედი მაქვს, რომ საქართველოს ნაკრებს ხშირად ექნება საშუალება, პირველი დონის ქვეყნებს შეხვდეს და გაუმკლავდეს კიდეც მათ.

კილმარნოკში 500 ქართველი ქომაგი დაესწრო მატჩს. ისინი თამამად უყურებენ ერთმანეთს თვალებში და ამაყები არიან, რადგან საქართველო სერიოზული სარაგბო ქვეყნად ყალიბდება - დასძინა "რიჩი ბაბუმ".

წერილში საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი თავკაცის, მილტონ ჰეიგის ციტატებიცაა მოყვანილი, რომლებიც ძირითადად "ბორჯღალოსნების" თამაშის პერსპექტივას ეხება "კელტთა ლიგაზე". იდეა ძალიან კარგია, თუმცა მის განხორციელებას დროც ბევრი დასჭირდება და ფინანსებიც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული