საქართველო-რუსეთი 36:10 - ქომაგობა რუმინეთთანაც ასეთი! [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასის გათამაშების მორიგ ტურში ტრადიცია განაგრძო და რუსეთის ნაკრებს 36:10 მოუგო.

"ბორჯღალოსნებმა" ამ გამარჯვებით 2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასის საგზური შესარჩევი ტურნირის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდეს. თუმცა, რომელ ჯგუფში ითამაშებს ჩვენი გუნდი, შეჯიბრების დამთავრების შემდეგ გახდება ცნობილი.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნაკრები პირველ ადგილს დაიკავებს, ინგლისში C ჯგუფში აღმოვჩნდებით, სადაც მეტოქე ახალი ზელანდიის, არგენტინისა და ტონგას ნაკრებებთან ერთად, აფრიკის კონტინენტის შესარჩევი ტურნირის გამარჯვებული გუნდი იქნება. საამისოდ კი, დარჩენილ ორ მატჩში ორივე უნდა მოვიგოთ - სტუმრად
ესპანეთთან და შინ რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან.

ჩვენს ტრადიციულ მეტოქესთან, რუსეთის ეროვნულ გუნდთან დაპირისპირება მუდამ დიდ მნიშვნელობას იძენდა. რატომღაც, თითქმის ყოველ მატჩს წინ რაიმე პოლიტიკური გართულებები უძღოდა ხოლმე.

ასე იყო ამჯერადაც. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, ცხადია, გულგრილს ვერავის დატოვებდა. ამიტომაც იყო სტადიონზე ქომაგების ნაწილი უკრაინის დროშებითა და ამ ქვეყნისადმი მხარდამჭერი ტრანსფარანტებით მოსული.

თამაშიც, ორივე გუნდის მორაგბეთა თხოვნით, კიევში დაღუპული, თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების პატივსაცემად, წუთიერი დუმილით დაიწყო. ამასთან ერთად, მაყურებელმა პატივი მიაგო ახლახან გარდაცვლილი მორაგბის, ზაზა ვალიშვილის ხსოვნას.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენების აქტიურობით დაიწყო, მაგრამ სანამ ჯანზე იყვნენ, რუსები მედგრად გვეწინააღმდეგებოდნენ.

Sportall.Geძნელი სათქმელია, როგორ განვითარდებოდა პირველ ტაიმში მოვლენები, მერაბ კვირიკაშვილს თავისივე წამოწყებული მახვილგონივრული იერიში მე-6 წუთზე ლელოთი რომ დაესრულებინა.

არადა, "მეკომ" ყველაფერი დიდოსტატურად გააკეთა. რუსები ისე დააბნია და მათ რიგებში ისე გაინავარდა, ხელითაც ვერავინ წაეპოტინა. მერე მის წინ რუსთა მგეზავი იური კუშნარიოვი აღიმართა. კვირიკაშვილმა ბურთი ფეხით მეტოქის ლელოსკენ გადაჰკიდა, მიჰყვა, იქვე, ახლოს ორი თანაგუნდელიც მისდევდა, მაგრამ ზედ ლელოს ხაზთან ბურთი ფეხებში აებლანდა და სიჩქარეში ხელიდან წინ გაუვარდა.

ლელოს გატანის რეალური შანსის ხელიდან გაშვების მომენტიდან შვიდ წუთში დავისაჯეთ. რუსებმა თავიანთ არსენალში არსებული ერთადერთი ხერხი, ბურთის ფეხით მეტოქის ხაზის ზურგს უკან დაკიდება კარგად გამოიყენეს. კუშნარიოვმა მოედნის ცენტრიდან აბრაგანით ჩვენი 22-მეტრიანი ზონის ხაზთან დაკიდა. ბურთი კვირიკაშვილმა დაიჭირა, მეტოქის ზეწოლის გამო იჩქარა და სიტუაციის ფეხით განმუხტვა სცადა.

სამწუხაროდ, მას დაუფარეს. ბურთს რუსების გარემარბი ანდრეი ოტროკოვი დაეუფლა და ჩვენს ლელოში შეაღწია. კუშნარიოვმა გარდასახა - 7:0.

ცხადია, შოკისმომგვრელი დასაწყისი იყო. რუსები შემდეგაც არაერთხელ ეცადნენ ფეხით დაკიდებულ ბურთზე თამაშით ჩვენთვის პრობლემების შექმნას, მაგრამ კვირიკაშვილს მეტი შეცდომა აღარ დაუშვია. სხვა სახეირო იარაღი კი სტუმრებს არაფერი გააჩნდათ. ჩვენი გუნდის უპირატესობა დერეფანსა და შერკინებაში თვალნათელი იყო, რამაც დროთა განმავლობაში შედეგი გამოიღო. "ბორჯღალოსნებმა" ხელდახელ თამაშიც სცადეს, რაც მეორე ტაიმში, როცა ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, გამოუვიდათ კიდეც.

პირველ ტაიმში კი ყველაფერი ისე ვერ აეწყო, როგორც ვისურვებდით. თუმცა გუნდი ნელ-ნელა დალაგდა და 22-ე წუთზე, სალელოვე შეტევის ორგანიზებისას საჯარიმოს გამოვრჩით. კვირიკაშვილმა ზუსტად დაარტყა და ანგარიში ოთხ ქულამდე შეამცირა - 3:7.

საქართველოს ნაკრები ზეწოლის გაძლიერებას განაგრძობდა. შვიდ წუთში, მორიგი იერიშისას, რუსებმა ისევ წესის დარღვევით შეაჩერეს ჩვენი მორაგბეების მიძალება. კვირიკაშვილმა ამჯერად ბურთი აუტში გადაიტანა. ხუთმეტრიანი დერეფანი მამუკა გორგოძემ სუფთად მოიგო. მოლი შეკრეს, მძლავრი ბიძგით დაიძრნენ და ბოლოს ლელოში ბურთით ხელში შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილი იყო.

კვირიკაშვილმა გარდასახა და დავწინაურდით - 10:7. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრების სათამაშო უპირატესობა საგრძნობლად გაიზარდა. მეორე ნახევარი ის იყო, დაიწყო, რომ "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს მეორე ლელო გაუტანეს. რუსებმა საკუთარი ლელოდან 10 მეტრში დერეფანში ბურთი უხეიროდ ააგდეს. ის ხელში საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭს, ჯაბა ბრეგვაძეს ჩაუვარდა, რომელმაც რამდენიმე მეტრით წინ წაიწია და იქვე მიმყოლ მესამეხაზელ ვიქტორ კოლელიშვილს გაატანა. "ვიტოს" შეჩერება რუსებმა ვერაფრით შეძლეს. კვირიკაშვილმა გარდასახა - 17:7.

წვიმიანი ამინდის მიუხედავად, თითქმის პირთამდე შევსებული სტადიონი "ბორჯღალოსნებს" გულმხურვალედ ქომაგობდა, რაც ჩვენს მორაგბეებს კიდევ უფრო მეტ ძალას ჰმატებდა და ისინიც უდიდესი შემართებით ცდილობდნენ მათ გახარებას.

მორიგი ლელო 52-ე წუთზე გავიტანეთ. დერეფანი, ამჯერად, გორგოძემ მეტოქის 22-მეტრიანი ზონის ხაზთან მოიგო და ბურთი ზირაქაშვილს ჩამოუგდო, რომელმაც რუსების ხაზი გაჭრა და წინ თხუთმეტი მეტრით წაიწია.

ის მეტოქემ შებოჭა. წარმოქმნილი რაკიდან მორიგი, ამჯერად გრძელი დარტყმა დიმიტრი ბასილაიამ განახორციელა. მანაც რამდენიმე მეტრი მოიგო. ისევ რაკი... ბურთთან ყველაზე სწრაფად გორგოძე გაჩნდა, რომელმაც ამ მდგომარეობიდან ბურთის გამოტანის თავისი საფირმო მეთოდი გამოიყენა და ლელოში შევიდა. კვირიკაშვილმა ესეც გარდასახა - 24:7.

ნათელი გახდა, რომ ჩვენმა გუნდმა თავისი თამაში იპოვა და რუსები მისთვის პრობლემის შემქმნელნი არ იყვნენ. მაქსიმუმი, რაც მათ მოახერხეს, 56-ე წუთზე კუშნარიოვის მიერ გატანილი საჯარიმო იყო - 10:24. სტუმრები ჩვენი ჩათვლის მოედანს ერთხელაც არ მიახლოებიან.

ერთ წუთში მილტონ ჰეიგმა პირველი ხაზი მთლიანად შეცვალა. დასვენებულმა მორკინალებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს.

მეოთხე, პრემიალური ქულის მომტანი ლელო კი 71-ე წუთზე გავიტანეთ. შეტევა ისევ დერეფნის მოგების შემდეგ დავიწყეთ. მოედნის ცენტრში მეტოქის ხაზი შეცვლაზე შესულმა მეორეხაზელმა გიორგი ნემსაძემ გაჭრა. მას გუნდის კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი წამოეშველა, რომელმაც ხუთმეტრიან ზონამდე მიაღწია. წარმოქმნილი რაკიდან შეცვლაზე შესულმა ცხრა ნომერმა ვაჟა ხუციშვილმა ბურთი მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე გაიტანა. იქ კვირიკაშვილი მგეზავის პოზიციაზე აღმოჩნდა, რომელმაც ბურთი მოსხეპით კიდისკენ, ასევე შეცვლაზე შესულ შუამარბ თედო ზიბზიბაძეს გადააწოდა. თედოს ხელს აღარავინ უშლიდა და რუსების ლელოში შესრიალდა. კვირიკაშვილმა კიდიდან ვერ გარდასახა - 29:10.

რუსეთის ნაკრები საბოლოოდ გატყდა. ჩვენი მორაგბეები კი ზეწოლას განაგრძობდნენ და ბოლო წუთზე ხუთმეტრიანი შერკინებიდან მეტოქის ლელოში შეთრევა სცადეს. გამოსდიოდათ კიდეც, მაგრამ რუსებმა შერკინება წესის დარღვევით ჩაშალეს და არბიტრმა საჯარიმო ლელო დააფიქსირა. გარდასახვა შეცვლაზე შესულმა ლაშა მალაღურაძემ გაიტანა - 36:10.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
კინგსლი ჯოუნზი, რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრებმა კარგად ითამაშა. ბოჭვებისას ჩვენ ბევრ შეცდომას ვუშვებდით. თქვენს გუნდში მსოფლიო დონის პირველხაზელები თამაშობენ. ვინც ისინი შეცვალა, ასევე უმაღლესი დონის მორაგბეები არიან.

საქართველოს ნაკრებს ვულოცავ მსოფლიოს თასზე გასვლას. დარწმუნებული ვარ, რომ იქ მინიმუმ ორ თამაშს აუცილებლად მოიგებთ. თქვენ ისეთი მაღალი დონის გუნდი გყავთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ თამაში იტალიისა და შოტლანდიის ნაკრებებსაც უნდა ეშინოდეთ"
.

ალექსანდრ ვოიტოვი, რუსეთის ნაკრების კაპიტანი:
"საქართველოს ნაკრები იდეალური გუნდი არ არის. ქულების აღება მასთან თამაშშიც შეიძლება, რაც პირველ ტაიმში მოვახერხეთ კიდეც. შესვენებაზე თქვენმა მწვრთნელმა ტაქტიკა შეცვალა და საკუთარი შეცდომების გამო დავმარცხდით. მოხარული ვარ, რომ ასეთი მაღალი დონის გუნდთან პირველი ტაიმი ტოლ-სწორად ვითამაშეთ".

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ამინდიდან გამომდინარე, რუსები მაღალ აბრაგანებს ურტყამდნენ და ჩვენს შეცდომებზე დაჭერას ცდილობდნენ. რუსეთის ნაკრები კარგი გუნდია და სწორი ტაქტიკა აირჩიეს, რითაც რამდენიმე შეცდომა დაგვაშვებინეს.

შესვენებისას ამაზე ყურადღება გავამახვილე და ბიჭებს ვუთხარი, რომ ბურთის დამჭერს აუცილებლად სჭირდება დამხმარე. ამით ჩვენ მათი ტაქტიკური ჩანაფიქრი მთლიანად გავანეიტრალეთ. ამასთან ერთად, ჩვენი მიზანი იყო, რომ მეორე ტაიმში მალევე გაგვეტანა ლელო. ეს ჩვენ შევძელით.

იმ ხარვეზებზე, რაც რუსებთან თამაშმა გვიჩვენა, ბევრს ვიმუშავებთ და, იმედი მაქვს, რომ იგივე ინგლისში აღარ განმეორდება.

ესპანეთის ნაკრებთან მატჩში შემადგენლობაზე ვერაფერს გეტყვით. ჯერ საჭიროა, ვიდეოანალიზი ვნახოთ და მერე გადავწყვეტთ, ვინ ითამაშებს ძირითად გუნდში და ვინ არა. მთავარია, რომ ნაკრებში ჩვენ შევქმენით ჯანსაღი კონკურენტული გარემო. არავინ არის ისეთი, რომელსაც უპირობოდ ექნება გარანტირებული ადგილი ძირითად შემადგენლობაში.

ჩვენი ამოცანაა, შესარჩევ ტურნირში პირველ ადგილზე გავიდეთ. ამისთვის ორი მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს მოსაგები. ქომაგობა რუსეთთან თამაშში იყო ბრწყინვალე, მაგრამ ეს ხალხი რუმინეთთანაც დაგვჭირდება და თხოვნა მაქვს, მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ."


ირაკლი მაჩხანელი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:
"ყველას გილოცავთ მსოფლიოს თასზე მეოთხედ გასვლას. თამაშში მცირე პრობლემები გვქონდა, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ორიენტირი არ იყო რუსეთთან თამაში, არამედ ესპანეთისა და რუმინეთის ნაკრებებთან მატჩებია.

ინგლისში გასამართ მსოფლიოს თასამდე დრო კიდევ ბევრია და, ვფიქრობ, არსებული ხარვეზების აღმოფხვრას მოვასწრებთ"
.

* * *
ტურის სხვა მატჩებში რუმინეთის ნაკრებმა შინ დაამარცხა ესპანეთის ეროვნული გუნდი - 32:6 და საქართველოს ნაკრების მსგავსად, მსოფლიოს თასის საგზური მოიპოვა. პორტუგალიელებმა კი სტუმრად დაამარცხეს ბელგიელები - 19:6 და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთა თასზე ადგილი შეინარჩუნეს.

ევროპის ერთა თასი 2014. III ტური
რუმინეთი-ესპანეთი 32:6
ბელგია-პორტუგალია 6:19

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 3 3 0 0 +86 14
2. რუმინეთი 3 3 0 0 +81 14
3. ესპანეთი 3 1 0 2 -24 5
4. პორტუგალია 3 1 0 2 -36 4
5. რუსეთი 3 1 0 2 -54 4
6. ბელგია 3 0 0 3 -53 1

მსოფლიოს თასის შესარჩევი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 8 7 1 0 +160 33
2. რუმინეთი 8 7 1 0 +130 33
3. რუსეთი 8 4 0 4 -60 18
4. პორტუგალია 8 2 1 5 -57 11
5. ესპანეთი 8 1 2 5 -81 10
6. ბელგია 8 0 1 7 -92 6

IV ტური
ესპანეთი-საქართველო
რუსეთი-პორტუგალია
რუმინეთი-ბელგია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
თვითშეფასების დაბალ კოეფიციენტს აშკარად არ უჩივის რუსების კაპიტანი
ძალიან გაუმართლათ, სასწაულად გაუმართლად რომ ის 4-5, მე ვიტყოდი 100 პროცენტიანი სალელოვე მომენტები გავაცუდეთ, იღბალი აშკარად რუსების მხარეს ყო, მეკოს ერთ შეცდომას უნდა უმადლოდნენ თორე თამაშს 3 ქულით დაასრულებდნენ და ჩვენ რამდენით კაცმა არ იცის.
რუმინეთთან კი უნდა გადაიჭედოს სტადიონი, ყველამ ერთად უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება.
zurazz
19:20 24-02-2014
0
მიხო -ს
არ აყვე მეგობარო, აღიარებულია, რომ ჩვენი შერკინება ევროპაში არავიზე ნაკლები არაა და რეიტინგში ჩვენზე მაღლა მყოფი გუნდებიდანაც ბერისას სჯობია.
ნეტა ყველა პოზიციაზე ისეთი მაღალი დონის კონკურენცია იყოს როგორც ჩვენს შერკინებაშია და პირობას გაძლევ - იტალია, შოტლანდია, არგენტინა და სამოას (თავისი ფიჯი, ტონგა და იაპონიით) ერთმანეთზე მიყოლებით მივაწყობდით
GiorgiG83
11:15 24-02-2014
0

სიახლეები პოპულარული