საქართველო VS რუსეთი - ტრადიცია უნდა გაგრძელდეს!

AutoSharing Option
22 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ერთა თასის 2014 წლის გათამაშებაში, რომელიც ამავდროულად, ინგლისში 2015 წელს გასამართი მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპია, რუსეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

"ბორჯღალოსნები" გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიოს უდიდესი სარაგბო ფორუმის საგზურს გაინაღდებენ.

შეხვედრა "დინამო არენაზე" 17:00 სთ-ზე დაიწყება და მის ტელეტრანსლიაციას "პირველი არხი" განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ თამაშს რაგბის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე დაესწრება.

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების რკენათა ისტორია სათავეს 1993 წლიდან იღებს. მაშინ მსოფლიოს თასის შესარჩევ ტუნრიში პოლონეთის ქალაქ სოპოტში "ბორჯღალოსნებმა" ორივე შეხვედრა დათმეს
პოლონეთისა და რუსეთის ნაკრებებთან. ცხადია, ამ წარუმატებელ ვოიაჟს თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა. თამაში 1993 წელს შედგა. ეს კი თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს.

ამბავი ძლევამოსილი ეპოპეისა
მორიგ შეხვედრამდე სამი წელი გავიდა. საქართველოში მდგომარეობა სტაბილური ხდებოდა. რაღაც ვითარდებოდა, რაღაც პირიქით, რეგრესს განიცდიდა. რაგბი კი ისევ ძველებურად გერის როლში იყო. პირველი ძლევამოსილი გამარჯვება რუსებთან "ბორჯღალოსნებმა" 1996 წლის 20 მარტს თბილისში მოიპოვეს - 29:20.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გუნდის ეს გამარჯვება ეპოქალური იყო. ამ გამარჯვებამ ქართული რაგბის თემს მეტი თავდაჯერება შესძინა და იმედი ჩაუსახა, რომ სწორი პოლიტიკისა და მუხლჩაუხრელი შრომით წინსვლა, დიდი წარმატებების მიღწევა შეიძლება.

არადა, რუსები მაშინ დიდგულზე ჩამოვიდნენ. როდესაც პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, როგორ აფასებთ საქართველოს ნაკრების შანსსო, სიცილით თქვეს - რას ამბობთ ბიჭებო?! რა შანსი, აქ წასაგებად არ ჩამოვსულვართო! ახლა ძნელი სათქმელია, ამის მთქმელი მატჩის შემდეგ რას გრძნობდა. თუმცა სასაცილოდ რომ არ ექნებოდა საქმე, ცხადია.

ორი წლის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 1999 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევ მატჩში თბილისში 12:6 დაამარცხა რუსეთის გუნდი და მსოფლიოს რაგბის უდიდეს ფორუმზე გასვლისთვის ბოლო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

პირველი გასვლითი მატჩი რუსეთში "ბორჯღალოსნებმა" 2001 წელს გამართეს. კრასნოდარი იმის მერე 2008 წლამდე "ჩვენი ქალაქი" იყო, რადგან ყველა ჩასვლის შემდეგ უკან გახარებული და ამაყნი ვბრუნდებოდით. პირველი გასვლითი შეხვედრა კი ჩვენმა ბიჭებმა 25:23 მოიგეს.

ამას მოჰყვა ზედიზედ ორი მატჩი თბილისში. 2002 წლის გაზაფხულზე ეროვნულ სტადიონზე ფრეს დავჯერდით - 12:12. შემოდგომაზე კი 13 ოქტომბერი ოქროს ასოებით შევიდა ქართული რაგბის ისტორიაში. "ბორჯღალოსნებმა" რუსი "დათვები", რომელიც სამხრეთაფრიკელი მორაგბეებით იყო გაძლიერებული, 17:13 დაამარცხეს და პირველად მოიპოვეს მსოფლიოს თასის გათამაშებაში ასპარეზობის უფლება.

მოგვიანებით, რუსებს ესპანელებმა სამხრეთაფრიკელების გამო უჩივლეს და რეპეშაჟიდან გამოთიშეს.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და მომდევნო ორი წელი საქართველოს ნაკრები თითქმის ტოლ-სწორ მეტოქეს მუდმივად უკიდურესი თავდადებისა და ჟინის ხარჯზე ამარცხებდა. ჩვენ ჩრდილოელ მეზობლებზე კლასით უკეთესი გუნდი 2006 წლიდან გავხდით, რასაც მოროგ დაპირისპირებებში დაფიქსირებული ანგარიშში სხვაობაც ნათლად ადასტურებს.

პირველი თამაში დიდი ანგარიშით 2006 წლის 4 თებერვალს თბილისში მოიგეთ - 46:19. "ბორჯღალოსნებმა" სწორედ ამის მერე ირწმუნეს, რომ მეტოქეს თამაშის ხარისხითაც ვჯობივართ. ეს სხვაობა სათამაშო დონეებს შორის მუდმივად იზრდებოდა.

რუსებმა მათთვის არასასიამოვნო ტრადიციის დასარღვევად არასპორტული მეთოდებიც ხშირად გამოიყენეს. მაგალითად, 2003 წელს, როდესაც კრასნოდარში 23:17 მოვიგეთ, ავტობუსის მძღოლმა სტადიონის ნაცვლად გუნდი აეროპორტის მიმართულებით წაიყვანა. ჩვენმა დელეგაციამ დროულად შენიშნა მასპინძლების სიმუხთლე და მძღოლს მარშრუტის შეცვლა ძალის გამოყენებით აიძულეს.

ასეთი პატარ-პატარა ფოკუსები რუსების მხრიდან მრავლად იყო. ისინი რა მოსატანია იმასთან, რაც 2008 წლის აპრილში ჩაიდინეს. თამაში რატომღაც ციმბირში, კრასნოიარსკში დანიშნეს და მუხლებამდე თოვლსა და ყინვაში დაგვიპირისპირდნენ. "ბორჯღალოსნებმა" ტრადიციას არც ამჯერად უღალატეს და მეტოქე 18:12 დაამარცხეს.

მოგვიანებით, აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის ხუთდღიანი ომი გაჩაღდა, რის გამოც საერთაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით ორი შეხვედრა ნეიტრალურ სტადიონებზე გაიმართა. 2009 წელს რუსებმა უკრაინულ მარიუპოლში გვიმასპინძლეს და 29:21 მოვუგეთ.

მომდევნო წელს კი თურქეთში, ტრაბზონის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ აქჩააბათში სტუმრები უკვე რუსები იყვნენ. "ბორჯღალოსნებმა" ოსმალეთის მიწაზე შესანიშნავად ითამაშეს და მეტოქეს იმ დროისთვის რეკორდული სხვაობით 36:8 მოვუგეთ.

მალე ორივე ქვეყნის რაგბის კავშირების თხოვნით რაგბის საერთაშორისო საბჭომ გადაწყვეტილება შეცვალა. ამის მერე რუსებთან ნეიტრალურ მოედანზე აღარ გვითამაშია. თუმცა, შეიცვალა რუსეთის ნაკრების დისლოკაციის ადგილი. ახლა "ბორჯღალოსნებს" ძალიან შორს მგზავრობა აღარ უწევთ და აქვე, ახლოს, "დათვებს" სოჭში ეთამაშებიან ხოლმე.

ყველაზე დიდი ანგარიშით საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 2012 წელს თბილისში, ვაკის სტადიონზე დაამარცხა. 46:0 ზუსტად ასახავდა გუნდებს შორის სათამაშო კლასის სხვაობას.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბოლო თამაში შარშან სოჭში შედგა. მართალია, თითქოს გაგვიჭირდა, მაგრამ რუსები მაინც დამაჯერებლად დავამარცხეთ - 23:9.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სიმბოლურია, რომ 2011 წლის მსოფლიოს თასის საგზური სწორედ რუსებთან ტრაბზონში გამარჯვების შემდეგ მოვიპოვეთ. ამჯერადაც, 2015 წელს მსოფლიოს თასზე ასპარეზობის უფლებას სწორედ რუსებთან გამარჯვების შემთხვევაში მივიღებთ.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ამის მიღწევა "ბორჯღალოსნების" ამ ფორმაციის ნაკრებს არ გაუჭირდებათ.

რუსები სატურნირო ცხრილში ათი ქულით ჩამოგვრჩებიან და მესამე ადგილზე არიან. პრაგმატული გათვლით, ისინი ამ ადგილის შენარჩუნებას უნდა ეცადონ, რათა რეპეშაჟის გავლით შეძლონ ინგლისში გამგზავრება.

ჩვენთვის კი, მთავარია, შესარჩევ ტურნირში პირველი ადგილი დავიკავოთ, რათა ინგლისში სასურველ C ჯგუფში მოვხვდეთ, სადაც მეტოქეები ახალი ზელანდიის, არგენტინისა და ტონგას ნაკრებებთან ერთად აფრიკის კონტინენტის შესარჩევ ტურნირში გამარჯვებული გუნდი იქნება.

რუსებთან მატჩებში საქართველოს ნაკრებს შვიდი სხვადასხვა მწვრთნელი თავკაცობდა - თემურ ბენდიაშვილი, გურამ მოდებაძე, კლოდ სორელი, ქართული სამეული - მალხაზ ჭეიშვილი, დავით ჩავლეიშვილი, პაატა ნარიმანაშვილი, მერე ტიმ ლეინი, რიჩი დიქსონი, ახლა კი მილტონ ჰეიგი.

სულ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის 17 მატჩი გაიმართა. აქედან 15 "ბორჯღალოსნებმა" მოიგეს, ერთი ფრედ დასრულდა და ერთშიც დავმარცხდით.

დაპირისპირების ისტორია
რუსეთი-საქართველო 15:9 სოპოტი, 25.05.1993
საქართველო-რუსეთი 29:20 თბილისი, 20.10.1996
საქართველო-რუსეთი 12:6 თბილისი, 20.05.1998
რუსეთი-საქართველო 23:25 კრასნოდარი, 04.03.2001
საქართველო-რუსეთი 12:12 თბილისი, 03.03.2002
საქართველო-რუსეთი 17:13 თბილისი, 13.10. 2002
რუსეთი-საქართველო 17:23 კრასნოდარი, 08.03.2003
საქართველო-რუსეთი 9:3 თბილისი, 06.03.2004
საქართველო-რუსეთი 46:19 თბილისი, 04.02.2006
საქართველო-რუსეთი 31:12 თბილისი, 24.03.2007
რუსეთი-საქართველო 12:18 კრასნოიარსკი, 12.04.2008
რუსეთი-საქართველო 21:29 მარიუპოლი, 22.03.2009
საქართველო-რუსეთი 36:8 ტრაბზონი, 20.03.2010
რუსეთი-საქართველო 9:15 სოჭი, 19.03.2011
საქართველო-რუსეთი 46:0 თბილისი, 17.03.2012
რუსეთი-საქართველო 9:23 სოჭი, 23.02.2013

ევროპის ერთა თასი 2014. III ტური

22 თებერვალი
საქართველო-რუსეთი
რუმინეთი-ესპანეთი
ბელგია-პორტუგალია

ერთა თასი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 2 2 0 0 +60 9
2. რუმინეთი 2 2 0 0 +55 9
3. ესპანეთი 2 1 0 1 +2 5
4. რუსეთი 2 1 0 1 -28 4
5. ბელგია 2 0 0 2 -40 1
6. პორტუგალია 2 0 0 2 -49 0

მსოფლიოს თასის შესარჩევი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 7 6 1 0 +134 28
2. რუმინეთი 7 6 1 0 +104 28
3. რუსეთი 7 4 0 3 -34 18
4. ესპანეთი 7 1 2 4 -55 10
5. პორტუგალია 7 1 1 5 -70 7
6. ბელგია 7 0 1 6 -79 6

ყოველკვირეული ჟურნალი LELO WEEK


ასევე იხილეთ:
რაგბის კავშირის განცხადება ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით
მილტონ ჰეიგი: ეს მატჩი მნიშვნელოვანი სრულიად საქართველოსთვისაა!
გიორგი ნიჟარაძე: ჩვენ იმ რუს გენერლებს ხომ არ ვეთამაშებით?!
გიორგი ჩხაიძე: მსოფლიოს თასზე აუცილებლად გავალთ
შალვა მამუკაშვილი: პატივი ეცით ჩვენს მეტოქეებს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული