საქართველოს რაგბის ჭაბუკთა A ლიგა "აკადემიამ" მოიგო

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე დასრულდა ჭაბუკთა A ლიგის გათამაშება, რომლის ფინალური დაპირისპირება თვალსასეირო და უაღრესად დაძაბული გამოდგა.

ერთმანეთს გათამაშების ორი უძლიერესი გუნდი დაუპირისპირდა: თბილისის "აკადემია" და "ქუთაისი 1". ორივე გუნდმა წაუგებლად განვლო გზა ფინალამდე, რაც კიდევ უფრო მეტ ინტრიგას მატებდა ამ შეხვედრას. გამარჯვება უმძიმეს ბრძოლაში "აკადემიას" დარჩა - 21:20.

მატჩის პირველმა ნახევარმა, ძირითადად, ტაქტიკურ ბრძოლაში ჩაიარა, თუმცა მაღალმა სათამაშო ტემპმა და მოთამაშეთა ინდივიდუალიზმმა არაერთხელ მოსწყვიტა ტაში ტრიბუნას.

შეხვედრის დასაწყისი "აკადემიას" გაცილებით უკეთესი გამოუვიდა და კოტე ახობაძის საჯარიმოს წყალობით მალევე დაწინაურდა - 3:0.

"ქუთაისი 1" გააქტიურდა და რამდენჯერმე ანგარიშის გათანაბრების მშვენიერი შანსიც გაანიავა. თუმცა 30-ე წუთზე მგეზავი რეზო ჯინჭველაშვილის აქტიურობის წყალობით მაინც მოახერხა საჯარიმოს დარტყმის უფლების მოპოვება. ჯინჭველაშვილმა სამი ქულა გუნდს თვითონვე მოუტანა - 3:3.

"აკადემიელები" მალევე ისევ დაწინაურდნენ. ჯერ ახობაძემ გაიტანა საჯარიმო, მერე კი პირველი ლელოც გაიტანეს. მოედნის ცენტრში ბადრი ალხაზაშვილმა მეტოქის დაცვის ხაზი გაჭრა, 15 მეტრი გაიარა და შეაჩერეს.

წარმოქმნილი რაკიდან ბექა მაზმიშვილმა დაფარული პასით მოკლე ფრთაზე შეიყვანა ახობაძე, რომელმაც დიაგონალზე ირბინა და გადამწყვეტ მომენტში დროულად გადააწოდა ნიკა ლომაურს, რომელმაც კიდესთან იოლად გაიტანა ლელო.

ახობაძემ ვერ გარდასახა - 11:3. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

მატჩის მეორე ნახევარი "ქუთაისი 1"-მა ძალიან აგრესიულად დაიწყო და სრულ სათამაშო უპირატესობასაც დაეუფლა.

მათმა მგეზავმა ხელსაყრელი მდგომარეობებიდან ორჯერ გააფუჭა საჯარიმო დარტყმა, თუმცა 55-ე წუთზე ქუთათურებმა მაინც მიაღწიეს თავისას. არეულ თამაშში მათმა შუამარბმა მარჯვენა ფლანგზე მშვენივრად გაჭრა ხაზი და ფულბეკი გივი ლოსაბერიძე სალელოვე გარღვევაზე გაიყვანა.

ჯინჭველაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა - 10:11.

"აკადემიამ" ცენტრიდან დაკიდა ბურთი მეტოქის ნახევარზე და მოულოდნელად მეორე ლელოც მიიღო.

ქუთაისელთა მგეზავმა ამჯერად გამოზომილად გადაუკიდა ბურთი ფეხით მარჯვენა ფლანგზე გარემარბ ლაშა ხუციშვილს, რომელმაც სლალომით გაიარა აკადემიელთა დაცვა და კიდევ ერთხელ დაალელოვა თბილისელები. ჯინჭველაშვილმა ისევ გარდასახა - 17:11.

აკადემიას უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა და ძლიერი შერკინების ხარჯზე გაზარდა მეტოქეზე ზეწოლა. მათ ჯერ საჯარიმოთი სამ ქულამდე დაიყვანეს მეტოქესთან ჩამორჩენა - 14:17, ხოლო საფინალო სასტვენამდე რვა წუთით ადრე გამარჯვების მომტანი ლელოც გაიტანეს.

ქუთაისელთა ჩათვლის მოედნიდან ორ მეტრში წარმოქნილი რაკიდან ბურთი ბადრი ალხაზაშვილმა აიტაცა და ლელო გაიტანა. აკადემიელთა მგეზავმა ამჯერადაც გარდასახა - 21:17.

დარჩენილ მცირე დროში ქუთათურებმა ერთადერთი საჯარიმოს გატანა მოახერხეს - 20:21 და ლევან ობოლაძის გაწვრთნილმა "აკადემიამ" დამსახურებულად იზეიმა ჩემპიონობა.

ჭაბუკთა A ლიგა
III ადგილისთვის
ხარები-ჯიქები 16:10

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული