ჭაბუკთა A ლიგა: ფავორიტთა დამაჯერებელი გამარჯვება

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა A ლიგაში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა - მოლოდინისამებრ, ფავორიტებმა იოლად დაამარცხეს მეტოქეები და კიდევ უფრო გაიმყარეს პოზიციები სატურნირო ცხრილში.

"ა" ჯგუფის ლიდერმა "აკადემიამ" თბილისურ დერბიში ადვილად გადალახა "ხულიგანას" წინააღმდეგობა და მშრალი ანგარიშით გამარჯვებასთან ერთად (38:0), ბონუს-ქულაც ირგუნა მეტოქეზე სამი და მეტი ლელოს გატანისათვის. ამავე ჯგუფში მეოთხეადგილოსანი "არმია" გათამაშების აუტსაიდერ იმერეთის "ჭიათურას" ესტუმრა და 19:3 დაამარცხა მასპინძლები.

უაღრესად საინტერესო უნდა გამოდგეს მომდევნო ტური, როდესაც მესამეადგილოსანი "ხულიგანა" მეორე პოზიციაზე მყოფ რუსთავის "ხარებს" უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში კვლავ აქტიურად ჩაერთვება
ნახევარფინალის საგზურებისათვის ბრძოლაში.

დაძაბული ბრძოლაა "ბ" ჯგუფშიც, სადაც მომდევნო ეტაპზე გასვლაზე რეალურ პრეტენზიას ერთბაშად სამი გუნდი გამოთქვამს: "ჯიქები", "ქუთაისი 1" და "ლოკომოტივი". XII რაუნდში სამივე მათგანმა დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია და კიდევ უფრო გაზარდა ქულათა სხვაობა ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ გუნდებთან.

"ლოკომოტივმა" "ჯვაროსნები" ყველა სარაგბო ასპექტში დაჩაგრა და 69:3 გაანადგურა, "ჯიქებმა" ბოლოადგილოსან "წიქარას" აჯობეს 56:0, ხოლო "ქუთაისმა" გასვლითი მატჩი მოიგო ადიგენში, დაამარცხა რა ადგილობრივი "ტაო" - 31:7.

მეოთხეადგილოსანი "არმაზი" მეხუთე ადგილზე მყოფ "ლელოს" დაუპირისპირდა, 31:10 დაამარცხა მეტოქე, თუმცა ბონუს-ქულა ვერ ირგუნა.

რეგულარული გათამაშების დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი. ჯგუფს სათავეში "ჯიქები" უდგას 41 ქულით, მეორე პოზიციაზე "ქუთაისია" 37, თუმცა მას 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული (8); ქულათა იმავე რაოდენობით მესამეა "ლოკომოტივი".

ნახევარფინალური ეტაპის საგზურის მოპოვების მიზერულ შანსს ინარჩუნებენ "ჯიქები" და "ლელო".

ჭაბუკთა A ლიგა
XII რაუნდი
ჭიათურა - არმია 3:19; ხულიგანა - აკადემია 0:38; ჯვაროსნები - ლოკომოტივი 3:69; წიქარა - ჯიქები 0:56; არმაზი - ლელო 31:10; ადიგენი - ქუთაისი 7:31

სატურნირო მდგომარეობა
A ჯგუფი: 1. აკადემია - 36 ქულა; 2. ხარები - 28; 3. ხულიგანა - 22; 4. არმია - 21; 5. ყოჩები - 19; ვეფხვები - 4; იმერეთი - 2;
B ჯგუფი: 1. ჯიქები - 41 ქულა; 2. ქუთაისი 1 - 37; 3. ლოკომოტივი - 37; 4. არმაზი - 28; 5. ლელო - 21; 6. ჯვაროსნები - 6; 7. ტაო - 5; 8. წიქარა - 5;

XII რაუნდი
ლელო - წიქარა; ჯიქები - ჯვაროსნები; ქუთაისი - არმაზი; არმია - ყოჩები; რუსთავი - ხულიგანა; აკადემია - ჭიათურა

გიორგი ბარბაქაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული