დიდი 10 | ხარები 12:20 ყოჩები

AutoSharing Option
ბოლნისის "ყოჩებმა" საქართველოს ჩემპიონ "ხარებს" რუსთავში 20:12 აჯობა, მიმდინარე სეზონში მეხუთე (6 თამაშში) გამარჯვება მოიპოვა და 22 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დაბრუნდა.

ბოლნისელები ლიდერ "ლელოს" 3 ქულით ჩამორჩებიან. "ხარებმა" სეზონში მეორე შეხვედრა დათმო, 18 ქულა დარჩა და მე-4 ადგილზეა.

თამაში მასპინძლების შეტევებით დაიწყო და გიორგი ბასილაია ლელოთი ანგარიშსაც გახსნიდა, მაგრამ ფეხით მოკლეზე გადაკიდებული ოვალი ლელოდან უკან გადმოხტა. მე-13 წუთზე სტუმრებმა საკუთარი 22-იდან კონტრშეტევა წამოიწყეს, გიორგი კვესელაძე ლელოს თავადაც გაიტანდა, თუმცა ეს პატივი სოსო მათიაშვილს გადაულოცა. ლაშა მალაღურაძემ გარდასახა, მე-19
წუთზე კი 38 მეტრიდან არეკნი შეასრულა.

რუსთაველებს შეტევაში თამაში არ გამოსდიოდათ, "ყოჩებმა" კი გამოცდილი უკანახაზელების ხარჯზე 31-ე წუთზე მორიგი ლელო გაიტანა – კვესელაძის ოფლოუდის შემდეგ ხაზი მათიაშვილმა გაჭრა და ბურთი კოტე მარჯანიშვილს გააყოლა. "ხარებმა" მხოლოდ ტაიმის მიწურულს შეძლო შეტევაში ბურთის შენარჩუნება, ალექსი ზაზაძემ ხაზი კარის წინ გაჭრა და თავისივე ლელო გარდასახა – 7:15.

მეორე ტაიმის პირველი ნახევარი იმავე სცენარით, უქულოდ მიილია. 62-ე წუთზე მასპინძლები ცოტნე უსენაშვილის სინბინის შემდეგ კაცნაკლულები დარჩნენ და "ყოჩებმა" რიცხობრივი უპირატესობით 4 წუთში ისარგებლა. კონტრშეტევისას "ხარებმა" ორმაგი შეცდომა დაუშვა, სერგი ჩხაიძემ ბურთი აიტაცა და ლელომდე 65 მეტრი ირბინა.

მატჩის მიწურულს პაატა ბურჭულაძემ გაჭრა ხაზი და თამაში გაამწვავა. იერიში მარჯვენა ფრთაზე გაიშალა და ბაქარ ზედგინიძემ ლელო გაიტანა, მაგრამ გარდასახვა მიზანს ასცდა და "ხარებმა" ნუგეშ-ქულის აღება ვერ მოახერხა – 12:20. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი კვესელაძე გახდა.

RUGBY.GE


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული