ადამიანი მთვარეზე - ინტერვიუ ჩავი ერნანდესთან

AutoSharing Option
Fifa.com-ის მორიგი რესპონდენტი ჩავია. ესპანეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" ლეგენდა ძირითადად გასულ წელზე, "ბარსელონაზე", ნაკრებსა და მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე საუბრობს.

მოხესენებათ, იგი როგორც კლუბის, ასევე ნაკრების წარმატებების ერთ-ერთი შემოქმედია და ჩავისთვის, რომელიც 25 იანვარს 34 წლის გახდა, ბრაზილიის მუნდიალი ბოლო იქნება. ყოველ შემთხვევაში, ამ წუთას იგი ასე ფიქრობს.

კატალონიური გუნდის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მას კარიერის დასრულება "ბარსაში" უნდა და შემდეგ იქ მუშაობაც სწადია.

მართალია, ჩავი წინა წელს დაქორწინდა, მაგრამ ამბობს - ჩემი ცხოვრების მთავარი ვნება და სიამოვნების წყარო ფეხბურთიაო...

მოვუსმინოთ თავად
ნახევარმცველს...

- 2013 წელის თქვენთვის ბევრი მიზეზის გამო, დატვირთული და გამორჩეული იყო. როგორ გაიხსენებთ მას?
- ბევრი რამის გახსენება შეიძლება, ძალიან კარგი წელი იყო. ესპანეთის თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ ნახევარფინალში "რეალთან" და "ბაიერნთან" დავმარცხდით. სამაგიეროდ, ჩემპიონატის მოგება შევძელით და ეს საოცარი წარმატება და ძალიან სასიამოვნო გამარჯვება გახლდათ, ტიტო ვილანოვას ავადმყოფობის გათვალისწინებით.

ჩემი აზრით, ამან გუნდი კიდევ უფრო გააერთიანა და საბოლოოდ, წარმატებას ბრწყინვალე სტილში მივაღწიეთ - ისტორიული 100 ქულის მოგროვებით.

სანაკრებო დონეზე, ფინალური ეტაპის საგზური დამაჯერებლად მოვიპოვეთ. მიუხედავად იმისა, რომ რთულ ჯგუფში ვიყავით, საფრანგეთთან ერთად. პარიზში მოგება ადვილი არ იყო, მაგრამ ეს მოვახერხეთ.

Sportall.Ge

ცუდი გახლდათ, კონფედერაციის თასის ფინალის წაგება ბრაზილიასთან, რომელიც იმ შეხვედრაში უბრალოდ უკეთესი გუნდი იყო. მთლიანობაში კი მართლაც ძალიან კარგი წელი გამოვიდა, ტიტოს ჯანმრთელობის პრობლემის გამოკლებით.

- საერთოდ არ გიხსენებიათ თქვენი ქორწილი...
- ფეხბურთზე არ ვლაპარაკობთ? (იცინის) რასაკვირველია, 2013 წელი ჩემთვის ამითაც იყო გამორჩეული. ქორწილის დღე საუკეთესო და ყველაზე ემოციური გახლდათ ჩემს ცხოვრებაში. ყველაფერი დიდებულადაა, სიხარულისგან მთვარეზე ვარ.

- მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ცოლი გსაყვედურობთ, რომ ზედმეტად ხშირად უყურებთ ფეხბურთს?
- დიახ (იცინის). თუმცა ფეხბურთი მიყვარს და ჩემმა მეუღლემ ეს იცის. ამისგან ვიღებ სიამოვნებას, თავს კარგად და ბედნიერად ვგრძნობ, როდესაც ფეხბურთით ვარ დაკავებული. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ფეხბურთის ყურებას მთელი ცხოვრება გავაგრძელებ, სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია.

Sportall.Ge

- თქვენ გიცნობენ, როგორც ტაქტიკის მცოდნესა და მოყვარულს. რა იყო თქვენი აზრით ბრაზილიასთან კონფედერაციათა თასის ფინალის ასე წაგების მიზეზი?
- ვფიქრობ, ძირითადი მიზეზი გახლდათ ის, რომ ფიზიკურად არ ვიყავით სათანადოდ მზად. იტალიასთან ნახევარფინალურმა მატჩმა, რომელიც დამატებით დროში გადავიდა, დიდი ენერგია წაგვართვა. ფინალში კი ბრაზილიამ თავიდანვე გაიტანა და ამან საქმე გაუადვილა. მეტოქეს შინ თამაშის კომპლექსიც მოეხსნა.

ამ შეხვედრაში ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ წავიდა, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბრაზილიამ კარგად ითამაშა და იმ დღეს უკეთესი გუნდი იყო. თუმცა მთლიანობაში ეს შესაძლოა, დაგვეხმაროს კიდეც, მსოფლიოს ჩემპიონატის წინ საჭირო და კარგი გამოცდილება მივიღეთ. იქაურ ამინდს გავეცანით, ვნახეთ როგორი შეიძლება იყოს ბრაზილიასთან თამაში.

ჩემი აზრით, ბრაზილიელებს მართლაც ძლიერი ნაკრები ჰყავთ და არანაირ ზეწოლას არ გრძნობენ იმ კუთხრით, რომ მასპინძლები არიან.

- ბევრს საუბრობდნენ, თუ როგორი შესანიშნავი ატმოსფერო გახლდათ მარაკანაზე, განსაკუთრებით ბრაზილიის ჰიმნის შესრულების დროს. რამდენად დიდ გავლენას ახდენს ეს გუნდზე?
- როდესაც პუბლიკა შენს მხარესაა ყოველთვის კარგია, მაგრამ არის მეორე მხარეც - ეს შესაძლოა, დამატებით ფსიქოლოგიურ წნეხს ნიშნავდეს, რომელსაც უნდა გაუმკლავდე. მასპინძლებმა მატჩის დაწყებისთანავე და პირველი ტაიმის ბოლოს გაიტანეს, რამაც მათ საქმე ძალიან გაუადვილა.

ახლაც მახსოვს, როგორ გამოიტანა ბურთი დავიდ ლუისმა პედროს დარტყმის მერე, იქ რომ ანგარიში გათანაბრებულიყო მატჩი სხვანაირად წარიმართებოდა. თუმცა ეს არაფერს არ აკლებს ბრაზილიის ბწრყინვალე თამაშს - მეტოქე ჩვენე ზეწოლას ახდენდა, კარგად კომბინირებდა, ბურთი ეჭირა, ჩვენს შეტევებს ხელს უშლიდა. ფაქტობრივად გამოთიშულნი ვიყავით თამაშიდან.

Sportall.Ge

- ახლა არის შანსი რომ ერთმანეთს უკვე მერვედფინალში შეხვდეთ და შურისძიებაც შეგეძლებათ...
- იმედია! ფეხბურთი ყოველთვის გაძლევს შურისძიების შანსს. და რატომ არა ფინალში? რასაკვირველია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, რადგან ძალიან რთულ ჯგუფში ვართ და არც ბრაზილიელების ჯგუფია იოლი. თუმცა ვიმედოვნებ, მასპინძლებთან დაპირისპირება რაც შეიძლება გვიან მოგვიხდება.

- ნაკრების ბანაკში შურისძიებაზე გისაუბრიათ?
- არა, საერთოდ არა. ჩვენ იმაზე ვართ კონცენტრირებულნი, რომ ძალიან რთულ ჯგუფში ვართ, ორი გამორჩეულიდან ერთ-ერთში, თუ ყველაზე რთულში არა. გვინდა, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ და ტიტული დავიცვათ, მაგრამ სიტუაციას რეალურად ვაფასებთ და ვიცით, რომ ეს ძნელი იქნება. თავი რომ დავანებოთ იმას, თუ როგორი რთულია ზოგადად მუნდიალზე თამაში, ამას მძიმე ჯგუფიც ემატება.

- სად უყურეთ კენჭისყრას?
- სახლში ვიყავი, შესაბამისად იქ.

- როგორი რეაქცია გქონდათ, როდესაც თქვენს მეტოქედ ჰოლანდია გამოცხადდა?
- ფეხბურთი ასეთ საინტერესო და სახალისო სიურპრიზებს გვთავაზობს ხოლმე. 4 წლის წინ ეს მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი იყო, ახლა კი ჯგუფს გახსნის. არ გაგვიმართლა, რომ ისევ ჰოლანდიასთან მოგვიწევს ჭიდილი და ჩილეს ძალიან საინტერესო ნაკრებთან. არც ავსტრალია დაგვავიწყდეს, რომლისგანაც სიურპრიზი არ არის გამორიცხული.

Sportall.Ge

- სწორად ვფიქრობთ, რომ ეს თქვენი უკანასკნელი მუნდიალი იქნება?
- დიახ. თითქმის ნამდვილად (იცინის)

- ეს ფაქტი წინამოსამზადებელ პერიოდს განსხვავებულს ხდის?
- ასე არ მგონია. ძველებურად და ჩვეული შემართებით ვემზადები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. მინდა, რომ კარგ ფიზიკურ ფორმაში ვიყო. ახლა თავს მშვენივრად ვგრძნობ და განწყობაც ოპტიმისტურია.

იმედი მაქვს, ესპანეთი ტიტულის დაცვას შეძლებ და იმის გათვალისწინებით და გააზრებით, თუ რა ძნელია ამის გაკეთება, გამარჯვება კიდევ უფრო ტკბილი იქნება. თუ ეს მოხდა, თავაწეული წავალ, მაჟორულ ნოტზე.

- მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ყველა ტურნირის ჯამში 20-მატჩიანი წაუგებელი სერიით დაიწყეთ, ხერარდო ტატა მარტინოს "ბარსელონას" თამაშს მაინც ბევრი აკრიტიკებდა. ძალიან გართულდა "ბარსას" გაწვრთნა პეპ გვარდიოლას შემდეგ?
- გარდა იმ დიდებული სამუშაოსი, რომელიც გვარდიოლამ გასწია მწვრთნელის რანგში, ჩვენც, უშუალოდ ფეხბურთელებიც ყველაფერს ბრწყინვალედ ვაკეთებდით. საფეხბურთო გაგებით, ტექნიკურად, ტაქტიკურად, ფიზიკურად... იდეალურად გამოვიყურებოდით.

ამის გათვალისწინებით, წინა გუნდთან შედარებები ბუნებრივია. ყოველთვის ერთ დონეზე ვერ იქნები და რთულია მუდამ ბოლომდე აკმაყოფილებდე "ბარსას" სტანდარტებს. ტატას კი აქვს ორივე მთავარი თვისება - ხასიათი და გამოცდილება - იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს. მას აქვს ყველაფერი "ბარსელონას" მწვრთნელობისთვის და ფეხბურთელებიც რეალურად სცემენ პატივს. ამჟამად მხოლოდ შედეგებზე არ უნდა ვისაუბროთ, თამაშითაც ნელნელა ვუმატებთ და კარგ ფორმაში ვართ.

Sportall.Ge

- გვარდიოლას ახლანდელ გუნდს "ბაიერნს" თუ შეუძლია წლების განმავლობაში ისეთივე დომინანტი გახდეს, როგორიც "ბარსელონა" იყო ცოტა ხნის წინ?
- ეს უკვე სხვა კლუბებზეა დამოკიდებული, რომლებმაც მიუნხენელების შეჩერება უნდა სცადონ. მათ შორისაა "ბარსელონაც". მიმაჩნია, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია წარმატებით გამოსვლა, როგორც ლა ლიგაში ასევე ევროსარბიელზე. თუმცა "ბაიერნი" უდავოდ ძალიან ძლიერი გუნდია, რომელმაც წინა სეზონში ფაქტობრივად ყველაფერი მოიგო და მიმდინარეშიც იგივეს გაკეთებას შეეცდება. ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარ ფავორიტად ითვლება.

- "ბარსაში" ყოფნისას ისეთი ფეხბურთელების გვერდით ითამაშეთ, როგორებიც რონალდინიო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ლიონელ მესი, ნეიმარი და ანდრეს ინიესტა არიან. არის კიდევ ვინმე, ვის გვერდითაც ისურვებდით თამაშს?
- როცა საქმე ერთმანეთის გაგებაზე და თამაშისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღებაზე მიდის, სურვილი გაქვს რჩეულებთან ერთად ითამაშო, არა? თუმცა ჩემი აზრით, მესი ყველა დროის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.

Sportall.Ge

- თქვენმა ერთ-ერთმა ბოლო ინტერვიუმ გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, აპირებთ თუ არა კარიერის "ბარსელონაში" დასრულებას...
- დიახ, რა თქმა უნდა! მე უბრალოდ ის ვთქვი, რომ "ბარსაში" ძალიან მაღალი მოთხოვნებია და არა ის, რომ ამ გუნდში კარიერის დასრულება არ მინდა. რა საკვირველია, მსურს ბოლომდე "ბარსელონაში" ვითამაშო და მას მერე რაც, ბუცებს ლურსმანზე დავკიდებ, ისევ ამ კლუბის საქმეში ვიყო ჩართული. ჩემი აზრით, ეს გუნდი დიდი ხანია, მსოფლიოში საუკეთესოა.

ამას ვგრძნობდი ბავშვობაში და ვგრძნობ ახლაც. კარიერის დასრულებაც აქ მინდა და ამის შემდეგ დარჩენაც, მაგრამ ვიცი, რომ ეს რთულია და ჩემი გადასაწყვეტი არ არის. სწორედ ამას გავუსვი ხაზი. ჩემი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებ და ბოლომდე დავიხარჯები, რომ ეს მაღალი სტანდარტები ისევ დავაკმაყოფილო. იმედია, გამომივა, ეს ჩემი ოცნებაა.

- რამდენად ხშირად ეცნობით პრესას და გაწუხებთ თუ არა, როცა თქვენს სიტყვებს გადააკეთებენ ხოლმე?
- არა, სულაც არა. მესმის, რომ ჟურნალისტიკის შემადგენელი ნაწილია ინტრიგის და გაურკვევლობის გამოძებნა, იმ ყველაფრის შესახებ, რაც თამაშს უკავშირდება. ვიცი, როგორ ხდება ეს ყველაფერი.

- თქვენ და ინიესტას თითქმის სულ ერთად გიხსენიებენ - როგორ ათამაშებენ "ბარსელონას" ჩავი და ინიესტა; როგორ გააძლიერეს ესპანეთის ნაკრები ჩავიმ და ინიესტამ...
- დიახ, ხშირად ვხვდებით ერთ წინადადებაში და ეს კარგია, არა? წლების წინ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ რომ ერთად ვერ ვითამაშებდით. ასე რომ, ახლა ეს სასიამოვნოა და დიდი პატივია. ადრე ბევრ ტიტულს ვერ ვიგებდით, ახლა კი დიდ წარმატებებს მივაღწიეთ, როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურ დონეზე. ვტკბებით, ბრწყინვალე ეპოქით, რომელიც იმედია, კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდება.

Sportall.Ge

- ძალიან მშვიდი და წყნარი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. ზოგადადაც ასეთი ხართ?
- არა, საკმაოდ მოუსვენარი ვარ. არ ვიტყოდი, რომ ნერვიული, მაგრამ როდესაც საქმე ფეხბურთს ეხება, გარკვეულ წილად აფორიაქებულიც ვარ. როგორც უკვე გითხარით, ძალიან მიყვარს ფეხბურთის ყურება და მატჩის გაანალიზება, ცოტათი ყველა დეტალისთვის ყურადღების მიქცევა და დასკვნების გამოტანა.

- არის რამე, რასაც წყობიდან გამოჰყავხართ?
- არაფერი! ძალიან ბედნიერი ვარ და თავს კომფორტულად ვგრძნობ. ვარ იქ, სადაც მინდა რომ ვიყო, მივაღწიე ინდივიდუალურ აღიარებასაც და უამრავ წარმატებას გუნდთან ერთად. ეს ფანტასტიურია და ვიმედოვნებ გაგრძელდება.

- საფეხბურთო ინტელექტი თქვენს მთავარ ძალად მოიაზრება, ფიზიკურად თუ გრძნობთ თავს მზად იმისთვის, რომ ისევ მაღალ დონეზე გააგრძელოთ თამაში?
- მგონი კი. თუმცა უნდა შევხედოთ, რამდენს გაუძლებენ ჩემი ფეხები და როგორ წამივა თამაში. ძალიან შემართული და აჟიტირებული ვარ იმით, რომ ისევ ვიბრძვი ლა ლიგის მოგებისთვის, ჩემპიონთა ლიგაში გამარვებისთვის, მსოფლიოს ჩემპიონობისთვის... საკუთარი თამაშით სიამოვნებას ვიღებ, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში. ფებურთის თამაში ჩემი მთავარი ვნება და სიამოვნების წყაროა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული