რას უპირებს იოახიმ ლიოვი ფილიპ ლამს?

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვს წელს უდიდესი მისია აკისრია და ფაქტია, რომ გერმანიაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონა იქნება.

53 წლის ბუნდესმწვრთნელის მნიშვნელობა პიკს ზაფხულში, მსოფლიოს ჩემპიონატის დროს მიაღწევს, ჩვენი გერმანელი კოლეგები კი უკვე ხუმრობენ - იოგი სრულიად გერმანიისთვის თვით კანცლერ ანგელა მერკელზე მნიშვნელოვანიც კი იქნებაო. იმიტომ, რომ იოგიმ უნდა შეძლოს ის, რაც ახლო წარსულში მისმა წინამორბედებმა, ბერტი ფოგთსმა, ერიხ რიბეკმა, რუდი ფიოლერმა და იურგენ კლინსმანმა ვერ მოახერხეს - რა თქმა უნდა, მსოფლიოს ჩემპიონობას ვგულისხმობთ.

19 იანვარს ლიოვმა მიუნხენში გერმანიის ნაკრების
26 ფეხბურთელი ორდღიანი სარეკლამო გადაღებებისთვის შეკრიბა. სიას მხოლოდ ინგლისში მოღვაწე ფეხბურთელები: მესუთ იოზილი, პერ მერტეზაკერი და ლუკას პოდოლსკი აკლდნენ. რაკი სარეკლამო კამპანიაც ფეხბურთის ნაწილია, გერმანიის ნაკრების ამ ორდღიან შეკრებას შეგვიძლია, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი პერიოდის სასტარტო ღონისძიება ვუწოდოთ - ბუნდესგუნდი წელს ხომ პირველად შეიკრიბა.

"აქ ყველა ის მოთამაშეა თავმოყრილი, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში იასპარეზეს და საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით დაძლევაში თავიანთი წვლილი შეიტანეს. მიუხედავად ამისა, გადაჭრით მაინც ვერ ვიტყვი იმას, რომ საბოლოო შემადგენლობას სწორედ ამ სიიდან ავარჩევ. სეზონის პირველ ნახევარში რამდენიმე ახალგაზრდა და სწორედ მომავალი მუნდიალისთვის პერსპექტიული მოთამაშეები შევნიშნე და მათაც აქვთ ბრაზილიაში მოხვედრის შანსი,
" - აცხადებს ლიოვი "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში, მაგრამ იქვე დასძენს:

"სახელების ჩამოთვლას ნუ მომთხოვთ. არ მინდა, რომ ეს ფეხბურთელები წნეხის ქვეშ მოვაქციო.
"

სამაგიეროდ, ლიოვმა საკმაოდ დიდხანს ისაუბრა სამი ხედირაზე. როგორც იცით, "რეალის" 26 წლის საყრდენი ნახევარმცველი ტრავმირებულია და მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი გამგზავრება კითხვის ნიშნის ქვეშაა. 19 იანვარს ხედირაც ბუნდესგუნდელებთან ერთად იყო. ლიოვმა თქვა:

"ხედირას სამი დღის წინაც ვესაუბრე და საერთოდ, ხშირად ვეკონტაქტები. თავს კარგად გრძნობს, მსუბუქ დატვირთვებს უკვე უძლებს. იმედი მაქვს, რომ სამის გამოჯანმრთელების პროცესი ასევე სტაბილურად გაგრძელდება. თუ ასე მოხდა, ხედირა მსოფლიოს ჩემპიონატამდე გამოჯანმრთელებას მოასწრებს და ბრაზილიაში აუცილებლად წამოვა.
"

კითხვაზე, რამდენად აქვს ამის იმედი და არსებობს თუ არა კონკრეტული თარიღი, როცა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასამგზავრებელი მოთამაშე აუცილებლად ბოლომდე გამოჯანმრთელებული უნდა იყოს, გერმანიის ნაკრების თავკაცი ასე პასუხობს:

"დედლაინი არ არსებობს, მაგრამ ცხადია, რომ სადღაც აპრილში ფეხბურთელი უკვე მწყობრში უნდა იყოს. მუნდიალზე რთული იქნება ისეთი ფეხბურთელის წაყვანა, რომელსაც მანამდე არცერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია. მინდა, რომ ბრაზილიაში მხოლოდ საუკეთესო ფორმაში მყოფი ბიჭები წამოვიდნენ და იმედი მაქვს, რომ ხედირაც მათ შორის იქნება.
"

"რეალის" ფეხბურთელისთვის ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ თუ მუნდიალზე ასპარეზობა უნდა, ამ სეზონში "რეალის" მაისურით თამაშების ჩატარება კიდევ უნდა მოასწროს. თუ ხედირა დროულად ვერ გამოჯანმრთელდება და მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს, ლიოვის 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში მისი ადგილის დაკავება კაპიტან ფილიპ ლამს შეუძლია, რომელსაც ბოლო დროს "ბაიერნშიც" საყრდენ ნახევარმცველად ათამაშებენ.

გაგახსენებთ, რომ ამას წინათ ლამმა ლიოვს სთხოვა, იქნებ მსოფლიოს ჩემპიონატამდე გამაგებინო, რომელ პოზიციაზე აპირებ ჩემს გამოყენებასო. იოგის პასუხი ასეთია:

"ფილიპს უკვე შევუთანხმდი იმაზე, რომ ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე გადავწყვეტთ, რომელ პოზიციაზე ითამაშებს ლამი ბრაზილიაში. ცხადია, ეს ალტერნატივებზეცაა დამოკიდებული. არ მინდა, რომ ლამს პოზიცია შევუცვალო. ასე მხოლოდ გამოუვალი მდგომარეობის დროს მოვიქცევი. ერთი სიტყვით, ლამს მუნდიალის დაწყებამდე ეცოდინება, რომელ პოზიციაზე ვგეგმავ მის გამწესებას.
"

გამოდის, რომ ლიოვი კაპიტნის საყრდენ ნახევარმცველობას არ გამორიცხავს.

ხსენებულ ინტერვიუში ლიოვმა მესუთ იოზილის პროგრესზეც ისაუბრა - ბუნდესმწვრთნელის აზრით, "არსენალში" გადასვლის შემდეგ მესუთს მეორე სუნთქვა გაეხსნა და კიდევ უფრო უკეთესად ათამაშდა. გერმანიის ნაკრების დამრიგებელს ყველაზე მეტად ის უხარია, რომ "არსენალში" გადასვლის შემდეგ იოზილს თავდაჯერება მოემატა.

აღსანიშნავია, რომ იოგი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის პირველი წრის მატჩებს ძალიან ხშირად ესწრებოდა (გაცილებით ხშირად, ვიდრე ადრე) და ამბობს:

"დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიის ჩემპიონატში პირველობისთვის ბრძოლის დაძაბულობა დიდხანს შენარჩუნდება. ისე, ჩემთვის ბუნდესლიგაზე მნიშვნელოვანი ჩემპიონთა ლიგაა, რადგან ამ ტურნირს ფეხბურთელების დამატებით მოტივირება შეუძლია, მოტივაცია კი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ყველაზე მეტად გვჭირდება."


სხვა მხრივ, გერმანიის ნაკრების დამრიგებელი უკვე ინტენსიურად ფიქრობს ბრაზილიაზე, სადაც თავის შეგირდებს 8 ივნისს ჩაიყვანს და სანტო ანდრეს ბანაკში დაბინავდება. აღსანიშნავია, რომ იქ ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესია, თუმცა ლიოვს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ბრაზილიელები ზაფხულამდე ყველაფერს მოასწრებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული