მუნდიალი 2014-ის წილისყრა: ვის გაუღიმა ფორტუნამ?

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრა ისეთი მოვლენაა, რომელსაც ფეხბურთის ყველა ქომაგი მოუთმენლად ელის.

პარასკევს, ქალაქ სალვადორში გამართულმა წილისყრამ გუნდები 8 თანაბარ ჯგუფში გადაანაწილა, რაც ძალიან საინტერესო ჯგუფური ეტაპის წინაპირობაა.

ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეიძლება: უინტერესო მატჩები მომავალ მუნდიალზე არ იქნება.

მოგებულები
არგენტინა
გრანდებიდან ყველაზე მეტად არგენტინას გაუმართლა. როგორც წესი, როდესაც გრანდი იოლ ჯგუფში ხვდება, მას პლეი ოფში ურთულესი გზა ელის, მაგრამ "ალბისელესტეს" შემთხვევაში აქაც გამონაკლისთან გვაქვს საქმე.

თავად განსაჯეთ: თუ არგენტინამ ბოსნიას, ირანს და ნიგერიას აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა, 1/8-ფინალში,
დიდი ალბათობით, შვეიცარიის ნაკრებს შეხვდება; ხოლო, თუ ყველაფერი ლოგიკურად განვითარდა, 1/4-ფინალში მას ბელგია-პორტუგალიის გამარჯვებული ელის.

რა თქმა უნდა, საჩუქარს არავისგან უნდა ელოდოს, მაგრამ ალეხანდრო საბელიას გუნდს შეიძლებოდა გაცილებით რთული ბადე შეხვედროდა, მაგალითად ისეთი, როგორიც შეხვდა ბრაზილიას.

საფრანგეთი
წესით, კენჭისყრის წინ ფრანგები იმ კალათაში უნდა ყოფილიყვნენ, სადაც თავი აფრიკულ გუნდებს ჰქონდათ მოყრილი. ეს კი დიდიე დეშამის კრებულს ძალიან ძლიერ ჯგუფში მოხვედრას უქადდა, მაგრამ ფიფას გადაწყვეტილებით, 9 ევროპული ნაკრები ერთ კალათაში მოახვედრეს, რამაც საფრანგეთი უთუოდ ახეირა.

"სამფეროვნები" ისეთ ქვეჯგუფში მოხვდნენ (შვეიცარია, ეკვადორი, ჰონდურასი), საიდანაც (თუ მინიმალური პრეტენზია მაინც აქვთ) აუცილებლად პირველი ადგილით უნდა გავიდნენ.

ამ შემთხვევაში, ფრანგებს 1/8-ფინალში ბოსნია ან ნიგერია ელით.

კოლუმბია
მართალია, ხოსე პეკერმანის გუნდი განთესილი იყო, მაგრამ ასეთ იოლ ჯგუფზე, ალბათ, ვერც ერთი კოლუმბიელი ვერ იოცნებებდა. იაპონია, კოტ დივუარი, საბერძნეთი - ხელწამოსაკრავი მეტოქე არცერთია, მაგრამ იყო შანსი, სამხრეთამერიკელები გაცილებით რთულ ჯგუფში მოხვედრილიყვნენ, მაგალითად ისეთში, როგორშიც ურუგვაი მოხვდა.

აი, მერვედფინალში კი კოლუმბიელებს ურთულესი მატჩი ელით: ურუგვაი, ინგლისი, იტალია - პეკერმანის შეგირდები ერთ-ერთს დაუპირისპირდებიან.

H ჯგუფი
ამ ჯგუფში ოთხივე გუნდს გაუმართლა. პირველი ადგილის დაკავების საუკეთესო შანსი ბელგიას აქვს, მაგრამ ჯგუფიდან გასვლისთვის რუსეთიც, ალჟირიც და სამხრეთ კორეაც იბრძოლებენ.

პრინციპში, იგივე შეგვიძლია ვთქვათ კოლუმბიის ჯგუფზეც, სადაც პირველი თუ მეორე ადგილის დაკავების შანსი ოთხივე ნაკრებს აქვს.

წაგებულები
ბრაზილია
მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლები სიკვდილის ჯგუფში ნამდვილად არ მოხვედრილან, მაგრამ პლეი ოფში სიკვდილის ბადე კი შეხვდათ.

თუ ყველაფერი ლოგიკურად წარიმართა და "სელესაომ" ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, პლეი ოფში B ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება, ეს კი ან ესპანეთი იქნება, ან ჰოლანდია, ან ჩილე.

გამარჯვების შემთხვევაში, 1/4-ფინალში ბრაზილიას (დიდი ალბათობით) D ჯგუფის მეორეადგილოსანს (ან იტალია, ან ინგლისი, ან ურუგვაი) ელის, რომელმაც C ჯგუფის გამარჯვებულს 1/8-ფინალში უნდა სძლიოს.

სიკვდილის ჯგუფები
ასეთი ორია: B (ესპანეთი, ჰოლანდია, ჩილე და ავსტრალია) და D (ურუგვაი, ინგლისი, იტალია და კოსტა რიკა). ავსტრალია და კოსტა რიკა უშანსოდ არიან და ვინც მათთან ქულებს დაკარგავს, ჯგუფშიც ჩარჩება.

B ჯგუფში ფავორიტები ესპანეთი და ჰოლანდია კი არიან, მაგრამ ჩილე ისეთი გუნდია, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. კლაუდიო ბორგის შეგირდებმა თავიანთი სიძლიერე უკანასკნელ ამხანაგურ შეხვედრებშიც დაამტკიცეს, როდესაც ესპანეთთან ფრედ ითამაშეს (2:0-ს იგებდნენ), ინგლისს პირწმინდად მოუგეს (2:0), ხოლო ბრაზილიასთან მხოლოდ ბოლოსკენ წააგეს (1:2).

უდიდესი მნიშვნელობა ექნება პირველი ადგილის დაკავებასაც, რადგან მეორე ადგილზე გასული გუნდი, წესით, მერვედფინალში ბრაზილიას უნდა შეხვდეს.

ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას D ჯგუფზეც, სადაც ორი ევროპული გრანდის გარდა, ურუგვაი მოხვდა, რომელიც ბევრის აზრით, ჯგუფიდან აუცილებლად გავა. კოსტა რიკა განწირულია და არის შანსი, ჯგუფში ის გუნდი ჩარჩეს, რომელიც კონკაკაფის წარმომადგენლებს ყველაზე მცირე ანგარიშით მოუგებს.

სხვა რა უნდა ვთქვათ? იტალიის, ინგლისის და ურუგვაის შესახებ ისედაც ყველაფერი ვიცით - პოტენციურად, სამივე გუნდს ჯგუფის კი არა, მუნდიალის მოგების პრეტენზიაც ექნება.

განა და აშშ
განა და აშშ საკმაოდ სიმპათიური და კარგი გუნდები არიან, მაგრამ ისეთ ჯგუფში მოხვდნენ, მომდევნო ეტაპზე გასვლა ძალიან უნდა გაუჭირდეთ, თუმცა მათთან თამაში არც გერმანიას გაუადვილდება და არც (მით უმეტეს) პორტუგალიას.

განწირული არც აფრიკული გუნდია და არც აშშ, მაგრამ ძალიან რთული მატჩები რომ ელით, ეს ფაქტია.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი. ჯგუფური ეტაპი

A ჯგუფი: ბრაზილია, ხორვატია, მექსიკა, კამერუნი
B ჯგუფი: ესპანეთი, ჰოლანდია, ჩილე, ავსტრალია
C ჯგუფი: კოლუმბია, საბერძნეთი, კოტ დივუარი, იაპონია
D ჯგუფი: ურუგვაი, კოსტა რიკა, ინგლისი, იტალია
E ჯგუფი: შვეიცარია, ეკვადორი, საფრანგეთი, ჰონდურასი
F ჯგუფი: არგენტინა, ბოსნია, ირანი, ნიგერია
G ჯგუფი: გერმანია, პორტუგალია, განა, აშშ
H ჯგუფი: ბელგია, ალჟირი, რუსეთი, სამხრეთი კორეა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული