ზლატან იბრაჰიმოვიჩი: მუნდიალზე წასვლას შვედეთი უფრო იმსახურებს, ვიდრე პორტუგალია

AutoSharing Option
შვედეთის ნაკრების თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჟურნალისტებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩების მოლოდინზე ესაუბრა, რომელსაც მისი გუნდი პორტუგალიის ნაკრებთან გამართავს.

შეგახსენებთ, ბრაზილიის საგზურისთვის პორტუგალია-შვედეთის პირველი დაპირისპირება 15 ნოემბერს, საპასუხი კი 19 ნოემბერს გაიმართება.

- მუხლი როგორ გაქვთ პორტუგალიასთან დაპირისპირების წინ?
- ეს პრობლემა კარგა ხანია მაქვს და უფრო მაშფოთებს, ვიდრე მტკივა. თუმცა უკვე ვისწავლე, როგორ არ მივაქციო მას ყურადღება. ასე რომ, ვთამაშობ და თავს კარგად ვგრძნობ, როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად.

- საფეხბურთო სამყარო შვედეთი-პორტუგალიის დაპირისპირებას, როგორც ზლატანისა და კრიშტიანოს დუელს,
ისე განიხილავს...

- შესაძლოა, ასეც იყოს. ჩვენ ფანტასტიკურად ვიშრომეთ და პლეი-ოფის საგზური მოვიპოვეთ, თუმცა პორტუგალია ფავორიტია და აქ ორი აზრი არ არსებობს. როდესაც წილისყრამ ეს მეტოქე გვარგუნა, უმალ ერთხმად აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ამოცანა გართულდა. ისე კი, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა იოლი არასდროს არავისთვისაა...

თავის მხრივ, წნეხის ქვეშ იქნება ჩვენი მეტოქე. შვედეთმა მეორე ადგილი დაიკავა შესარჩევ ჯგუფში, სადაც საუკეთესო ევროპული გუნდები იყვნენ წარმოდგენილნი. პორტუგალიელებმა კი მეორე ადგილი იმ ჯგუფში დაიკავეს, რომელშიც პირველობა მართებდათ.

ასე რომ, მგონია, ჩვენ უფრო ვიმსახურებთ ბრაზილიაში წასვლას, ვიდრე - ისინი.

როგორც უნდა იყოს, პორტუგალიელები ფავორიტები არიან, თუ გავითვალისწინებთ ნაკრებში მყოფი ფეხბურთელების გვარ-სახელებს. თანაც, პორტუგალია უფრო საფეხბურთო ქვეყანაა, ვიდრე - შვედეთი. თუმცა, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და მოწინააღმდეგეს სისხლს გავუშრობთ.

რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა უნდა დავუშვათ და ამ შემთხვევაში, ყველაფერი კარგად იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული