მუნდიალი 2014. კონკაკაფი. X ტური: მექსიკას ძალიან, ძალიან, ძალიან გაუმართლა

AutoSharing Option
კონკაკაფის ზონაში სამივე შეხვედრა ერთდროულად დაიწყო და 90 წუთის ამოწურვის შემდეგ ასეთი სურათი იყო: მუნდიალზე აშშ-სთან და კოსტა რიკასთან ერთად ჰონდურასი მიემგზავრებოდა, პლეი ოფში კი პანამა გადიოდა...

მექსიკის ნაკრებმა კიდევ ერთი მატჩი ჩააგდო და საკმაოდ ძლიერ კოსტა რიკასთან ვერაფერს გახდა. მოსალოდნელიც იყო, რომ მასპინძლები "აცტეკებს" არაფერს დაუთმობდნენ და საბოლოოდ, კოსტა რიკამ მრისხანე სტუმრის დამარცხება შეძლო.

ამ დროს პანამა ზეიმისთვის ემზადებოდა - ხულიო დელი ვალდესის შეგირდები უმოტივაციო აშშ-ს 2:1-ს უგებდნენ და მეოთხე ადგილზე გადადიოდნენ, მაგრამ არბიტრის მიერ დამატებულ მეორე წუთზე სტუმართა
იერიში გრემ ზუსის გოლით დასრულდა, რამაც მთელი პანამა შოკში ჩააგდო. შედეგად, რამდენიმე წამში, მთელი გუნდით წინ წასულმა მასპინძლებმა მეორე ბურთიც გაუშვეს და 2:3 წააგეს.

ზუსის გოლის შემდეგ კარგად გამოჩნდა "მალაგას" მცველის, რიკარდო ჩენის სახე, რომელიც მოზეიმე ამერიკელების სიახლოვეს იყო. ჩენი საგოლე პასის ავტორ ბრედ დევისს გაოგნებული ეკითხებოდა, თუ რატომ გააკეთეს ეს...

მართლაც, აშშ დაეხმარა იმ მექსიკის ნაკრებს, რომელიც მათი ყველაზე საძულველი მეტოქეა. პანამის დამარცხებით, იურგენ კლინსმანის შეგირდებმა ხელიდან ისტორიული შანსი გაუშვეს - მექსიკა მუნდიალის გარეშე რჩებოდა.

აშშ-მ მსგავსი რამ ზედიზედ მეორედ გააკეთა. წინა მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში, ასევე უმოტივაციო ამერიკელები კოსტა რიკას მასპინძლობდნენ, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში სამხრეთ აფრიკის საგზურს მიიღებდა. შეხვედრის 94-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:2 იყო, ჯონათან ბორნსტეინმა ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრაც 2:2 დასრულდა.

შედეგად, მუნდიალზე ჰონდურასი გავიდა, კოსტა რიკა კი პლეი ოფში მოხვდა, სადაც ურუგვაისთან დამარცხდა.

მექსიკას ძალიან გაუმართლა და გუნდი პლეი ოფში მოხვდა, თანაც იქ ისეთი მეტოქე ეყოლება, რომელსაც აუცილებლად უნდა მოუგოს - ახალი ზელანდია ის გუნდია, რომლის ბარიერიც მანუელ ვულეტიჩის შეგირდებმა უნდა გადალახონ, მით უმეტეს, ბედის (აშშ-ის) ასეთი საჩუქრის შემდეგ. პლეი ოფის პირველი შეხვედრა 14 ნოემბერს მეხიკოში გაიმართება, საპასუხო კი ერთი კვირის თავზე ზელანდიაში.

X ტური

იამაიკა-ჰონდურასი 2:2
გოლები: 0:1 კოსტლი (2), 1:1 კლაროსი (3-საკ. კარში), 1:2 მ. ფიგეროა (33), 2:2 ოსტინი (59-პენ)

კოსტა რიკა-მექსიკა 2:1
გოლები: 1:0 ბ. რუისი (25), 1:1 ო. პერალტა (29), 2:1 ა. საბორიო (64)

პანამა-აშშ 2:3
გოლები: 1:0 გ. ტორესი (18), 1:1 ოროსკო (64), 2:1 ტეხადა (83), 2:2 ზუსი (90), 2:3 ა. იოჰანსონი (90)

თ მ ფ წ ბ ქ
1. აშშ 10 7 1 2 15-8 22
2. კოსტა რიკა 10 5 3 2 13-7 18
3. ჰონდურასი 10 4 3 3 13-12 15
4. მექსიკა 10 2 5 3 7-9 11
5. პანამა 10 1 5 4 10-14 8
6. იამაიკა 10 0 5 5 5-13 5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული