მუნდიალი 2014. სამხრეთი ამერიკა. XVIII ტური: მოსალოდნელი ოთხეული [VIDEO]

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, არგენტინის და კოლუმბიის შემდეგ მუნდიალის საგზური ჩილემ და ეკვადორმა მოიპოვეს, ოღონდ მატჩი არა ფრედ, არამედ მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა...

როცა წაგებულიც ბედნიერია
ჩილემ თავიდანვე დიდი უპირატესობა მოიპოვა, რომელიც გოლებში პირველი ტაიმის ბოლოსკენ გარდასახა - ჯერ ალექსის სანჩესმა გაიტანა, შემდეგ კი გარი მედელმა.

პარალელურად, მონტევიდეოში მიმდინარე მატჩის შედეგი ეკვადორელებს მშვიდად ყოფნის საშუალებას აძლევდა, რადგან რეინალდო რუედას სამწყსო ურუგვაის ბურთების სხვაობით აშკარად სჯობდა. ყველაფერი ფელიპე კაისედოს გოლმა გადაწყვიტა - მოსკოვის "ლოკომოტივის" ფორვარდმა სხვაობა 66-ე წუთზე შეამცირა. დღესავით ნათელი იყო, რომ
დარჩენილ დროში ურუგვაი არგენტინას კიდევ 4 გოლს ვერ გაუტანდა. შესაბამისად, გუნდებს თავი აღარ მოუკლავთ და შეხვედრაც მშვიდად ჩაამთავრეს.

საფინალო სასტვენის შემდეგ ორივე გუნდმა ზეიმი დაიწყო. ეკვადორმა წინა მუნდიალი გამოტოვა, ჩილე კი მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ, სულ კი მე-9-ედ ითამაშებს.

სუარესი თავის სტიქიაში
ლუის სუარესი დიდებული ფეხბურთელია და ძალიან სამწუხაროა, რომ იგივე ეპითეტს მის პიროვნულ თვისებებზე ვერ ვიტყვით. ყველამ ძალიან კარგად იცის იმის შესახებ, რომ "ლივერპულის" ფორვარდს ე.წ. ყვინთვა, ანუ სიმულაცია უყვარს; ყველამ, ბრაზილიელი მსაჯის მარსელო დე ლიმა ენრიკეს გარდა.

ურუგვაი-არგენტინის 34-ე წუთზე კრისტიან როდრიგესმა არგენტინელთა საჯარიმოში ჩააწოდა. სუარესი მიხვდა, რომ ბურთს ვერ დაეუფლებოდა და წაიქცა, მსაჯმა კი აბსურდული პენალტი დანიშნა. 11-მეტრიანი თავად "დაზარალებულმა" გამოიყენა და ამ გოლის წყალობით შესარჩევი ეტაპის საუკეთესო ბომბარდირის წოდებაც მოიპოვა.

ზოგადად, სამხრეთამერიკული კლასიკა კარგი სანახავი გამოდგა. მესამესთან მიახლოებული მეორე შემადგენლობით მოთამაშე არგენტინამ მასპინძლებს ჯეროვანი წინააღმდეგობა გაუწია. კარგი მატჩი ჩაატარა ვეტერანმა მაქსი როდრიგესმა, რომელმაც დუბლი შეასრულა. "ნიუელსის" ნახევარმცველი შესანიშნავ ფორმაშია და თუ ასე გააგრძელებს, ალეხანდრო საბელია მას ბრაზილიაში აუცილებად წაიყვანს.

"ალბისელესტეს" რიგებში ითამაშა მაურო იკარდიმ, რომელიც მოედანზე 82-ე წუთზე გამოვიდა, მაგრამ მცირე დროში ბევრი ვერაფერი მოასწრო.

საბოლოოდ, ურუგვაიმ მეხუთე ადგილი დაიკავა და წინა შესარჩევი ეტაპის მსგავსად, ჩემპიონატის საგზურისთვის ამჯერადაც პლეი ოფში იბრძოლებს. "სელესტას" მეტოქე იორდანიის ნაკრებია, რომელთანაც სამხრეთამერიკელები აშკარა ფავორიტის სტატუსით ისარგებლებენ. პლეი ოფის პირველი მატჩი 13 ნოემბერს იორდანიაში გაიმართება, საპასუხო შეხვედრა კი ერთ კვირაში "სენტენარიოზე" შედგება.

***
დარჩენილ ორ შეხვედრაში ერთმანეთს უმოტივაციო გუნდები შეხვდნენ. პერუმ და ბოლივიამ ქულები გაინაწილეს და პარაგვაის ნაკრებს ჯგუფში სამარცხვინო, ბოლო ადგილი მიუჩინეს. თავად პარაგვაიმ კი 10-კაციან კოლუმბიასთან წააგო.

მიუხედავად იმისა, რომ კოლუმბიას გამარჯვება არაფერში ესაჭიროებოდა, ხოსე პეკერმანის შეგირდებმა ბოლომდე იბრძოლეს და მარიო იეპესის დუბლით იმარჯვეს. სამწუხარო კი ამ დღეს მათთვის ის მოხდა, რომ სულელური წითელი ბარათი დაიმსახურა ფრედი გუარინმა, რომელიც ამ გაძევების გამო მუნდიალის პირველ შეხვედრას გამოტოვებს.

XVIII ტური

ურუგვაი-არგენტინა 3:2
გოლები: 1:0 კ. როდრიგესი (6), 1:1 მაქსი როდრიგესი (15), 2:1 სუარესი (34-პენ), 2:2 მაქსი როდრიგესი (41), 3:2 კავანი (49)
ურუგვაი (4-3-3): მუსლერა - მაქსი პერეირა, ლუგანო, გოდინი, ფუსილე - დ. პერესი (46. გ. რამირესი), არევალო რიოსი, კ. როდრიგესი - სტუანი (90. ხ. ხიმენესი), კავანი, სუარესი
არგენტინა (4-4-2): რომერო - კამპანიარო, ფ. ფერნანდესი, ს. დომინგესი, ბასანტა - ა. ფერნანდესი (82. იკარდი), ბილია, ბანეგა (68. სომოსა), მაქსი როდრიგესი - პალასიო, ლამელა (76. ხ. სოსა)

პარაგვაი-კოლუმბია 1:2
გოლები: 1:0 ხორხე როხასი (8), 1:1 იეპესი (38), 1:2 იეპესი (57)
პარაგვაი (4-4-2): ვილიარი - ბონეტი (46. ო. კარდოსო), გ. გომესი, პ. და სილვა, კანდია - ხორხე როხასი, ფ. ოვიედო, ს. აკინო, ო. რომერო (77. მენდიეტა) - ხ. ნუნიესი (62. ა. სანაბრია), სანტა კრუსი
კოლუმბია (4-4-2): ოსპინა - არიასი, საპატა, იეპესი, არმერო - მ. ტორესი (37. ა. რამირესი), კ. სანჩესი, გუარინი, ჯ. როდრიგესი (90. მეხია) - ჯ. მარტინესი, ბაკა (66. კინტერო)
გაძევება: გუარინი (32. კოლუმბია)

ჩილე-ეკვადორი 2:1
გოლები: 1:0 ა. სანჩესი (35), 2:0 მედელი (38), 2:1 ფ. კაისედო (66)
ჩილე (4-3-1-2): ბრავო - ისლა, მედელი, მ. გონსალესი, მენა - არანგისი (76. მატი ფერნანდესი), მ. დიასი, ვიდალი - ვალდივია (89. პინილია) - ა. სანჩესი, ე. ვარგასი (86. ბოსეჟური)
ეკვადორი (4-4-2): ა. დომინგესი - რეასკო, გაგა, ერასო, ვ. აიოვი - ა. ვალენსია, ს. კასტილიო, ნობოა, ჯეფერსონ მონტერო (84. ფ. მარტინესი) - ე. ვალენსია (72. ხ. აიოვი), ფ. კაისედო (89. რ. იბარა)

პერუ-ბოლივია 1:1
გოლები: 1:0 იოტუნი (19), 1:1 დიეგო ბეხარანო (45)
პერუ (4-4-2): პენი - ადვინკულა, დუარტე, სამბრანო, იოტუნი - ბენავენტე (46. ი. რეინა), ბალიონი, ლობატონი, ხ. ვარგასი - ავილა (60. ა. კარილიო), კ. პისარო
ბოლივია (3-6-1): რ. კინონესი - სენტენო, რალდესი, ლ. ერერა - დიეგო ბეხარანო (86. ე. როდრიგესი), მ. ბეხარანო, ვეისაგა, დანი ბეხარანო (46. ხ. არსე), ე. როხასი (74. არასკაიტა), ხ. ჩავესი - მ. მორენო

საბოლოო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. არგენტინა 16 9 5 2 35-15 32
2. კოლუმბია 16 9 3 4 27-13 30
3. ჩილე 16 9 1 6 29-25 28
4. ეკვადორი 16 7 4 5 20-16 25
5. ურუგვაი 16 7 4 5 25-25 25
6. ვენესუელა 16 5 5 6 14-20 20
7. პერუ 16 4 3 9 17-26 15
8. ბოლივია 16 2 6 8 17-30 12
9. პარაგვაი 16 3 3 10 17-31 12

ბომბარდირები: 11 - სუარესი (ურუგვაი); 10 - მესი (არგენტინა); 9 - ფალკაო (კოლუმბია), იგუაინი (არგენტინა); 7 - ფ. კაისედო (ეკვადორი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესი: პლეი ოფში იორდანიასთან ყურადღებით უნდა ვიყოთ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული