ანდრე შიურლე, შვედების რისხვა

AutoSharing Option
შვედეთისა და გერმანიის ნაკრების ჯახს, რომელიც ბუნდესგუნდმა 5:3 მოიგო, სატურნირო თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა და შესაძლოა, ამიტომაც გამოდგა ასეთი უხვგოლიანი და თავგადასავლებით აღსავსე. თუმცა ასეთ გოლუხვობას მარტო უმოტივაციობას ვერ დავაბრალებთ - ხომ გახსოვთ ამ გუნდების პირველი შეხვედრა, რომელიც 4:4 დასრულდა?

მატჩის გმირი ანდრე შიურლე გახდა - ბუნდესგუნდის 22 წლის გარემარბი, რომელიც "ჩელსიში" თამაშობს. შიურლემ 19 წუთში სამი გოლის გატანა მოახერხა და კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე ძალიან ომახიანად დაამტკიცა, რომ შესანიშნავ ფორმაშია. ანდრემ ირლანდიასთანაც შეძლო გოლის გატანა, 5 დღეში 4
გოლის შეგდება კი სახუმარო საქმე არ არის. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელს ჰეთ თრიქი 2009 წლის შემდეგ აღარ ჰქონდა შესრულებული.

შიურლემდე, ბუნდესგუნდიდან ერთ მატჩში სამი გოლის გატანა ბოლოს მარიო გომესმა სწორედ 2009-ში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან 7:2-ზე მოგებულ მატჩში მოახერხა.

თავად შიურლესთვის კი ეს პირველი ჰეთ თრიქია მის კარიერაში. ამის გაკეთება მან ვერც "მაინცში" შეძლო, ვერც "ლევერკუზენში", მით უმეტეს, ვერც "ჩელსიში" და სამი გოლი ერთ მატჩში არც გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრებში გაუტანია. ცხადია, ამიტომაც "მოიპარა" ბურთი, რომელსაც სახლში საპატიო ადგილს მიუჩენს.

"ჩემთვის ეს ისტორიული დღე იყო. შეიძლება, ეს ბურთი დედას ვაჩუქო," - უთხრა ანდრემ ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

როკერი "მაინციდან"
მიუხედავად იმისა, რომ უკვე "ჩელსის" ფეხბურთელია, შიურლეს დღემდე ბევრი არ იცნობს. ალბათ იმიტომ, რომ გრანდიოზულ ტალანტად არასდროს მიიჩნევდნენ. ანდრე შიურლე გერმანული ფეხბურთის სცენაზე პირველად 2010/11 წლების სეზონში, "მაინცის" რიგებში გამოჩნდა, სადაც შემტევი ნახევარმცველის რანგში ბუნდესლიგის 33 შეხვედრაში 15 გოლის გატანა შეძლო და 5 საგოლე პასი გააკეთა.

მაშინ "მაინცში" შიურლესთან ერთად ლუის ჰოლტბი (ახლა "ტოტენჰემშია") და ადამ სალაი ("შალკეშია") ბრწყინავდნენ. იმხანად "მაინცსაც" შესანიშნავი დროება ედგა, ეს სამეული კი გოლებს კუთხურის ალამთან იმიტირებული როკ-კონცერტით აღნიშნავდა, რის გამოც ფანებმა მათ Bruchweg Boys შეარქვეს.

გერმანიის ნაკრების თავკაცმა იოახიმ ლიოვმა შიურლე სწორედ მაშინ შენიშნა - ბუნდესგუნდში ანდრეს დებიუტი 2010 წლის 17 ნოემბერს, სწორედ შვედეთთან ტესტ-მატჩში შედგა, პირველი გოლი კი ნაკრების ფორმით 2011 წლის 29 მაისს, "ურუგვაისთან" (1:1) შეხვედრაში შეაგდო.

2011/12 წლების სეზონისთვის შიურლე "ლევერკუზენში" გადაბარგდა, "მაინცმა" კი მის სანაცვლოდ 14.5 მილიონი ევრო მიიღო. "ლევერკუზენში" გატარებულ პირველ სეზონში მის ანგარიშზე 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემა იყო. ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე შიურლე ბუნდესგუნდის განაცხადში გახლდათ, მაგრამ თამაში მხოლოდ ორჯერ მოუხდა, გოლი კი არ გაუტანია.

"ლევერკუზენში" გატარებული მეორე სეზონი კი უკვე მნიშვნელოვნად უკეთესი გამოდგა - ანდრემ ბუნდესლიგაში 11 გოლი და 7 პასი მიითვალა.

ამ ზაფხულიდან კი "ჩელსის" ღირსებას იცავს - ლონდონურმა კლუბმა "ლევერკუზენს" 22 მილიონი ევრო გადაუხადა. თავიდან "ჩელსიში" პრობლემები შეექმნა, ჟოზე მოურინიოს არ მოსწონდა და ცოტა ხნით ტრიბუნაზეც კი გადასვა, მაგრამ "სტიაუასთან" (4:0) დაიწყო, ათამაშდა და ახლა ჟოზე ხშირად ენდობა.

ირლანდიასთან და, განსაკუთრებით, შვედეთთან გატანილი გოლებით კი გერმანიის ნაკრების ძირითად შემადგენლობასაც კიდევ უფრო მიუახლოვდა. ბუნდესგუნდში, მარცხენა გარემარბის პოზიციაზე მისი კონკურენტები მარკო როისი, ლუკას პოდოლსკი და იულიან დრაქსლერი არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014. შესარჩევი ეტაპი. ევროპა: რუსეთი, ბოსნია, ინგლისი და ესპანეთი მუნდიალზე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული