27 ნოემბრის წილისყრა ოლიმპიადის საკვალიფიკაციოში საქართველოს ნაკრების მეტოქეებს გამოავლენს

AutoSharing Option
27 ნოემბერს შვეიცარიის ქალაქ მიესში, ფიბას პატრიკ ბაუმანის სახელობის კალათბურთის სახლში, წილისყრა გაიმართება, რომლის შედეგადაც გავიგებთ, ვინ იქნებიან საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში და სად ჩატარდება თამაშები. მსოფლიოს 24 ქვეყნის ნაკრები ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირზე დარჩენილი 4 საგზურისთვის იბრძოლებს. 4 საკვალიფიკაციო ტურნირი 4 სხვადასხვა ქვეყანაში, 2-დან 7 ივლისის ჩათვლით გაიმართება და თითოეულის გამარჯვებული 4 გუნდი მიიღებს ოლიმპიადის საგზურს.

შეგახსენებთ, რა პრინციპით შეირჩა 24 ნაკრები საკვალიფიკაციო ტურნირისთვის. 5 მათგანია 2023 წლის აგვისტოში გამართული წინასაკვალიფიკაციო ტურნირების გამარჯვებული ნაკრები
(პოლონეთი, ხორვატია, კამერუნი, ბაჰრეინი და ბაჰამის კუნძულები). დავაზუსტებთ, რომ ოლიმპიადის წინასაკვალიფიკაციო ტურნირებში კონტინენტების მიხედვით მონაწილეობა მიიღეს იმ ნაკრებებმა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდნენ. ფიბამ მსოფლიოზე ვერგასულ გუნდებს დამატებითი შანსი მისცა, ოლიმპიადაზე გასასვლელად ბრძოლა გაეგრძელებინათ.

მომდევნო კატეგორია გახლავთ ის საუკეთესო 19 ნაკრები, რომლებმაც 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზეს და დაწესებული კვოტირებით ოლიმპიადის საგზური ვერ მიიღეს. აქაც დავაკონკრეტებთ, რომ კვოტირებით მსოფლიოზე ოლიმპიადის საგზურებს იღებდნენ კონტინენტების მიხედვით საუკეთესო შედეგის მქონე გუნდები. ევროპისა და ამერიკის ორ-ორი, ხოლო აზიის, აფრიკის და ავსტრალია/ოკეანიის თითო საუკეთესო. ჯამში 7 გუნდი, რომლებიც არიან გერმანია, სერბეთი (ევროპიდან), აშშ, კანადა (ამერიკიდან), სამხრეთი სუდანი (აფრიკიდან), იაპონია (აზიიდან) და ავსტრალია (ავსტრალია/ოკეანეთიდან).

ფიბამ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის 3 საგზური დამატებით გადასცა მსოფლიო ჩემპიონატზე კონტინენტების მიხედვით (აფრიკის, ამერიკის და აზია/ოკეანიის) მეორე შედეგის მქონე გუნდებს – შესაბამისად, ეგვიპტეს, პუერტო-რიკოს და ახალ ზელანდიას. საქართველო შედის იმ 16 ნაკრებში, რომლებმაც ყველა ზემოთ ნახსენები კრიტერიუმის შესაბამისად განაწილების შემდეგ მსოფლიოზე ნაჩვენები შედეგით მიიღეს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის საგზური. შესაბამისად, მივიღეთ საკვალიფიკაციოს მონაწილე შემდეგი 24 ქვეყანა:

ეგვიპტე (აფრიკის საუკეთესო ნაკრები კვოტების მფლობელი გუნდების შემდეგ), პუერტო-რიკო (ამერიკის საუკეთესო ნაკრები კვოტების მფლობელი გუნდების შემდეგ), ახალი ზელანდია (ოკეანეთის საუკეთესო ნაკრები კვოტების მფლობელი გუნდების შემდეგ), სლოვენია, ლატვია, იტალია, ლიეტუვა, ესპანეთი, მონტენეგრო, ბრაზილია, დომინიკის რესპუბლიკა, საბერძნეთი, საქართველო, ფინეთი, ლიბანი, ფილიპინები, მექსიკა, ანგოლა, კოტ დ’ივუარი (საუკეთესო 16 ნაკრები ყველა კონტინენტიდან კვოტების მფლობელი გუნდების შემდეგ), კამერუნი (აფრიკის წინასაკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებული), ბაჰამები (ამერიკის წინსაკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებული), ბაჰრეინი (აზიის წინსაკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებული), პოლონეთი, ხორვატია (ევროპის წინსაკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებულები).

27 ნოემბრის წილისყრის შედეგად 24 გუნდი გაიყოფა 4 ნაწილად. თითოეული საკვალიფიკაციო ტურნირი ჩატარდება 2-დან 7 ივლისის ჩათვლით სხვადასხვა ქვეყანაში და თითოეულის გამარჯვებული მიიღებს ოლიმპიადის საგზურს. შესაბამისად, ერთ ტურნირში (ლოკაციაზე) თავს მოიყრის 6 ნაკრები, რომლებიც 27 ნოემბრის წილისყრის შედეგად 2 ჯგუფში გაიყოფიან. ერთ წრის შემდეგ თითოეული ჯგუფის 2-2 საუკეთესო ნახევარფინალში ჯვარედინად დაწყვილდება, ხოლო ფინალის მომგები ნაკრები ოლიმპიადის საგზურს მიიღებს.

27 ნოემბერს, ფიბას კალათბურთის სახლში დაგეგმილ წილისყრას გაუძღვება წარსულში ნბა-ს ცნობილი კალათბურთელი ლუოლ დენგი, რომელიც ამჟამად სამხრეთ სუდანის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. წილისყრას დაესწრება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაფერი კარგი,მაგრამ მწვრთნელი ვინ გვყავს?ან ახალი ამერიკელზე რა ხდება.ოქტომბრის დასაწყისში უნდა წარედგინათ უკვე და ჯერ ლაპარაკიც არაა საერთოდ.ისევ ზუროსი?ყველა ფედერაცია ერთნაიტი გულარხეინა როგორაა...
Master
19:06 22-11-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული