გიორგი შერმადინმა და მანუჩარ მარკოიშვილმა "ბარსელონა" ანერვიულეს

AutoSharing Option
ევროპის გამორჩეულ გუნდ "ბარსელონასთან" ბოლო წამებამდე თანაბრად იბრძოლა გიორგი შერმადინისა და მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ".

მეტსაც გეტყვით, პირველ ტაიმში იყო ეპიზოდები, იტალიელებს თამაში საკუთარი სცენარით მიჰყავდათ და 7-8 ქულითაც დაწინაურდნენ.

მესამე პერიოდი ფრედ, 49:49 დასრულდა. რადგან მანამდე კანტუელებს დაცვა, პერიმეტრიდან ტყორცნები და ფარქვეშიდან თამაში მეტოქეზე ნაკლებად არ გამოსდიოდათ, რჩებოდა იმედი, რომ კატალონიაში სენსაცია დაფიქსირებულიყო.

მეოთხე პერიოდის დასაწყისშიც თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, მანუჩარ მარკოიშვილის საშუალო დისტანციიდან ტყორცნის შემდეგ სტუმართა სასარგებლოდ ტაბლოზე 51:50 აენთო. სწორედ ამის შემდეგ გაუჭირდათ სტუმრებს შეტევაში თამაშის დალაგება და "ბარსელონამ"
ჩაკ ეიდსონის აქტიურობის წყალობით 9:0 გაქცევა მოაწყო.

მატჩის ბოლოს, რაც "კანტუმ" შეძლო, საფინალო სირენამდე 28 წამით ადრე გიორგი შერმადინის ჩატენვის შემდეგ ხუთქულიანი საფინალო ანგარიშის დაფიქსირება იყო - 60:65 (კატალონიელთა სასარგებლოდ). ასე დახუთა მატჩის ბოლოს "ბარსამ" "კანტუ".

გიორგი შერმადინმა 21 წუთში 9 ქულა, 4 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი-დაფარება მოაგროვა. მანუჩარ მარკოიშვილმა 11 წუთი ითამაშა: 4 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა. სტუმართაგან 13-13 ქულა ვლადიმირ მიკოვმა და ჯანლუკა ბაზილემ მოაგროვეს, ხოლო ბომბარდირობა ჩაკ ეიდსონმა იკისრა - 15.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული