საქართველოსთვის ისტორიული: ზაზა ფაჩულიამ NBA-ს ფინალური სერია მოგებით გახსნა [VIDEO]

AutoSharing Option
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2017 წლის ფინალური სერია ისტორიულია საქართველოსთვის.

სწორედ ამ წელს, პირველად ისტორიაში, პლანეტის უძლიერესი საკალათბურთო ლიგის ფინალში ქართველმა კალათბურთელმა იასპარეზა.

დღეს, 2 ივნისს, ზაზა ფაჩულიამ NBA-ს ფინალური სერიის პირველი მატჩი ჩაატარა და "გოლდენ სტეიტის" გამარჯვებაში საკუთარი, საკმაოდ სოლიდური წილი დაიდო.

"გოლდენ სტეიტ უორიორსმა" ფინალური სერია 22-ქულიანი გამარჯვებით გახსნა. კევინ დურანტის, სტეფ კარის და დრეიმონდ გრინის უბადლო თამაშს ზაზა ფაჩულიას რიგიანი გარჯაც დაერთო და ოკლენდელებმა ისე სძლიეს ლებრონ ჯეიმსის, კაირი ირვინგისა და კევინ ლავის "კლივლენდს", რომ კითხვის ნიშნები
არ დაუტოვებიათ - 113:91.

მატჩის ბედი, ფაქტობრივად, მესამე პერიოდში გადაწყდა, რომელშიც ქართველმა ცენტრმა 8 წუთი ითამაშა და 4 ქულა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. "გოლდენ სტეიტმა" კი პერიოდი 33:20 მოიგო და დიდი შესვენებისთვის დაფიქსირებული 8-ქულიანი უპირატესობა 21-მდე გაზარდა. ბოლო პერიოდი ფორმალობად იქცა: მაპინძლები იოლად მივიდნენ გამარჯვებამდე და ფინალურ სერიაში მათ მხარეს მყოფი მოედნის უპირატესობა შეინარჩუნეს.

"გოლდენ სტეიტის" ლიდერებმა - კევინ დურანტმა და სტეფ კარიმ ისე ითამაშეს, როგორც შეეფერებოდათ. დურანტმა პირველ ტაიმში 23 ქულა ჩააგდო, შეხვედრა კი 38 ქულით, 8 მოხსნით და 8 პასით დაასრულა. სტეფ კარიმ ორმაგი დუბლი შეასრულა - 28 ქულა, 10 პასი, 6 მოხსნა და 3 ჩაჭრა. დრეიმონდ გრინს ორმაგამდე მცირედი დააკლდა - 9 ქულა, 11 მოხსნა.

სწორედ ამ მოთამაშეების შემდეგ პროდუქტიულობით ზაზა ფაჩულია მოდის, რომელმაც შეხვედრა "გოლდენ სტეიტის" სნაიპერზე - კლეი ტომპსონზე (6 ქულა, 4 პასი) შედეგიანად დაასრულა. ზაზამ მოედანზე გატარებულ 14 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა და 2 ჩაჭრა ისე მოაგროვა, ბურთი არ დაუკარგავს. ფაჩულიამ 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 1 საჯარიმო კი, რომელიც მის კურიოზულ ორქულიანს ჩაროზად მოჰყვა, ააცილა.
იხილეთ ვიდეო: ფაჩულიას ორქულიანი, რომელმაც მედიის ყურადღება მიიქცია
Sportall.Ge

რაც შეეხებათ მოქმედ ჩემპიონ კლივლენდელებს, მათ ძალიან ცუდად ითამაშეს. ოკლენდელთა დაცვამ სტუმრებს ბურთი 20-ჯერ დააკარგვინა. "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელებმა კი ბურთი მთლიანობაში მხოლოდ 4-ჯერ დაკარგეს. ლებრონ ჯეიმსმა 40 წუთში 28 ქულა, 15 მოხსნა და 8 პასი მიითვალა, თუმცა ბურთი 8-ჯერ დაკარგა. 25 ქულა ჰქონდა კაირი ირვინგს, კევინ ლავმა კი 15 ქულა, 21 მოხსნა და 3 დაფარება მოაგროვა.
იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი - კლივლენდი 113:91
Sportall.Ge

"გოლდენ სტეიტი" 1:0 დაწინაურდა, ფინალური სერია კი 4 გამარჯვებამდე გრძელდება. მორიგი მატჩი კვლავ ოკლენდში - ჩვენი დროით 5 ივნისს, დილის 4 საათზე დაიწყება.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 37 /
ყოჩაღ, უკვე შედგა საქმე. ეს უკვე მომწონს. ეცადე ინტერნკაცუნას არ დაემსგავსო.
ბიბლიმაგარა
18:40 03-06-2017
0
ვახ, რა მაგრა გყვანან ოფოფები და კოდალები, თავის ჩიტი გვრიტებით.
ვითომ მხარდამჭერების გამოჩენაც რაღა პონტია, პლიუს თვითგანდიდების მანიაც გაწუხებს? )))
tanto
16:32 03-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული