ესპანეთის ლიგა: გიორგი შერმადინი ჩემპიონატის ერთი-ერთი საუკეთესო მოთამაშეა

AutoSharing Option
"გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება, რაც მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ქართველმა ცენტრმა "რეალთან" მატჩში ყველაფერი გააკეთა, რათა მის გუნდს ქვეყნის თასზე გამსვლელი საგზური გასულ ტურშივე მოეპოვებინა, თუმცა, სტუმრებს გამარჯვებამდე ცოტა დააკლდათ" - ეს განცხადება გააკეთა ესპანეთის პროფესიულმა საკალათბურთო ლიგამ, რომელმაც ტურის საუკეთესო მოთამაშედ შერმადინის ოპონენტი მადრიდის "რეალიდან", გუსტავო აიონი დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შერმადინისა და გუსტავო იონის გუნდები ერთმანეთს გასულ ტურში შეხვდნენ და ქართველმა ცენტრმა იმ მატჩში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. შერმადინის სარგებლიანობის ინდექსმა 41-ს უწია, რაც მთელი
11 ერთეულით მეტი იყო იონიაზე, მაგრამ როგორც 3 ტურის წინ, შერმადინს წაგების გამო ახლაც არ მისცეს ტურის MVP-ის ტიტული.

- სუპერშერმადინი - გიორგის 21 ქულა და 15 მოხსნა მადრიდში "რეალთან" [VIDEO]

მაშინ შერმადინის "ანდორა" მადრიდში "ესტუდიანტესთან" 85:87 დამარცხდა და მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ცენტრს სარგებლიანობის ყველაზე მეტი (39) ერთეული ჰქონდა, ტურის საუკეთესოდ გაცილებით ნაკლები შედეგის მქონე კალათბურთელი დაასახელეს.

ისიც უნდა ითქვას, რომ შერმადინი ახლოს იყო "მორაბანკ ანდორას" ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებლის დამხობასთანაც. ამ მხრივ, პირველ პოზიციას კრის მაკნილი ინარჩუნებს, რომელმაც 1995 წელს "უესკასთან" მოგებულ მატჩში (80:72) 30 ქულა (17-დან 15 ორქულიანი), 10 მოხსნა, 1 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა და მისი ეფექტურობის კოეფიციენტი 43-ს გაუტოლდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს, რასაც მისი სტატისტიკური მაჩვენებლებიც ადასტურებს. ესპანურ ლიგაში, რომელიც ევროპაში საუკეთესო ითვლება, გიორგი საშუალოდ 13.7 ქულას აგდებს, რაც მე-9 შედეგია. აი, მოხსნებში (7.9) კი, ქართველ ცენტრს საერთოდაც ბადალი არ ჰყავს.

შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის კლუბს 8 მოგებითა და 7 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილი უკავია, 15 იანვარს კი, მნიშვნელოვანი მატჩი ელის. ანდორელები შინაურ კედლებში "ბეტისს" დაუხვდებიან და გამარჯვების შემთხვევაში, ესპანეთის სამეფო თასზე თამაშის უფლებას მოიპოვებენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული