სლოვაკეთი-საქართველო 63:94 - სისხლი, გატეხილი ცხვირი, ჩხუბი, პროვოკაცია...

AutoSharing Option
სისხლი, გატეხილი ცხვირი, ჩხუბი, პროვოკაცია, დისკვალიფიკაცია... ეს ყველაფერი ბრატისლავაში შეკრებილმა გულშემატკივარმა საკუთარი თვალით იხილა.

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ფაქტია - დარბაზში მასპინძლად თავს ქართველები უფრო გრძნობდნენ, ვიდრე სლოვაკები. ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩვენი გუნდის საქომაგოდ უამრავი ქართველი ჩავიდა და ისევე დამაჯერებლად აჯობა მასპინძელ გულშემატკივარს, როგორც ქართველმა კალათბურთელებმა - სლავებს.

"ჰანტ არენაზე" მყოფებს ნამდვილად გაუმართლათ - მხოლოდ მათ მიეცათ საშუალება ეხილათ სლოვაკეთი-საქართველო. მასპინძლებმა თამაშის რეპორტაჟი არც ერთი ტელეარხით არ გადასცეს. გვპირდებოდნენ, რომ youtube-ზე გაუშვებდნენ, მაგრამ ვერც ეს მოახერხეს და დარბაზს მიღმა მყოფ ერთ
ადამიანსაც არ მისცემია თამაშის ხილვის საშუალება. არადა, მეოცე საუკუნე რომ ყოფილიყო, კიდევ შეიძლებოდა არ გაგვკვირვებოდა. ასეთი რამ, ინტერნეტსაუკუნეში წარმოუდგენელია.

გაგახსენებთ: სლოვაკეთში 2008 წელსაც ვითამაშეთ და არც მაშინ გადაუციათ სლოვაკებს რეპორტაჟი. მაშინ დავწერეთ: ნაკრების თამაშის ტელერეპორტაჟი არ აინტერესებთ, გულშემატკივარი კანტიკუნტად მიდის - აი, რატომ არ იმსახურებს სლოვაკეთი ჯგუფიდან გასვლას.

დღესაც იმავეს გამეორება შეიძლება. უფრო თამამად. მას მერე ხომ 8 წელია გასული.

როცა ფარქვეშ ბუზიც ვერ შეფრინდება
ალბანეთთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს ვკითხეთ, რას უნდა ველოდეთ სლოვაკეთისგანო. ბერძენმა სპეციალისტმა დიპლომატიურად გვიპასუხა, ტაქტიკურ ვარიაციებზე ლაპარაკს მოერიდა.

როგორც აღმოჩნდა, მას სლოვაკეთის ნაკრები ზედმიწევნით ჰყოლია შესწავლილი. ეს ის გუნდია, რომელიც მაღალი დონის შემსრულებლების ნაკლებობას განიცდის. წარმატებას ახალგაზრდული ჟინითა და ბრძოლით აღწევს. იცით, რატომ სჭირდებოდათ სლავებს მაღალი დონის რამდენიმე შემსრულებელი? - იმიტომ, რომ საქართველოს ნაკრებთან მატჩში პერიმეტრიდან ან შორეული ორქულიანებით ეხეირა.

აბა, ფაჩულია, შერმადინი, შენგელია, სანიკიძე და ბურჯანაძე ფარქვეშ რომ არ შეუშვებდნენ, ყველას კარგად მოეხსენებოდა.

მატჩის დასაწყისშივე გამოჩნდა, რომ სლოვაკები წასაგებად განწირულები იყვნენ - მათ საქართველოს ნაკრების ფარისკენ მიმავალი ყველა გზა გადაკეტილი დახვდათ. ვერც შორიდან ჩააგდეს. ასეთ დროს ახალგაზრდული გუნდი ყოველთვის ნერვიულობს და დაცვაში რაოდენ კარგადაც უნდა ითამაშოს, თუ მეტოქის კალათში ბურთი ვერ ჩააგდო... კალათბურთის მოედანზე ორი ფარი დგას...

სლოვაკეთის ნაკრებს საქმე დალხენილად არც დაცვაში ჰქონდა: ჩვენი მეფარეების შეჩერება გაუჭირდა, მასპინძლები ჯარიმებით დაიტვირთნენ. არადა, ფარქვეშ ძალების მობილიზებაც გაუმართლებელი იყო - ქართველები პერიმეტრზე გაილაღებდნენ. გაილაღეს კიდეც: 11 სამქულიანი ჩააგდეს (21-დან). რაც შეეხება მოხსნებს, ამ კომპონენტში მეტოქეს საგრძნობლად ვაჯობეთ - 41:21.

სლოვაკების გამოსავალი...
როდესაც თამაშით არაფერი გამოუვიდათ, სლოვაკები უხეშობაზე გადავიდნენ და პროვოკაციაზე სცადეს ზაზა ფაჩულიას წამოკიდება. ზაზას არაერთხელ უჩხუბია, მაგრამ საიმისო გამოცდილება კი აქვს, ოფიციალურ მატჩში ახალგაზრდა მეტოქეებს არ აჰყვეს და დისკვალიფიკაციით საკუთარი გუნდი არ აზარალოს.

მეორე მეოთხედის ბოლო წუთზე, როცა საქართველოს ნაკრები 21 ქულით - 50:29 იგებდა, სლოვაკი ბორის ბოიანოვსკი ფაჩულიაზე გადამეტებული უხეშობის გამო არასპორტულად დაჯარიმდა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. მსაჯებმა დისკვალიფიკაციით დასაჯეს კონფლიქტში ჩართული ბესო ლეჟავა, ხოლო ინციდენტის დროს სათადარიგოთა სკამიდან მოედანზე შესვლისთვის ანალოგიური სასჯელი მიიღო ვიქტორ სანიკიძემ.

რიცხვი 500
გიორგი ცინცაძისთვის სლოვაკეთთან დაპირისპირება 65-ე სანაკრებო ოფიციალური მატჩი იყო. მასზე მეტი მხოლოდ ზაზა ფაჩულიას აქვს ჩატარებული.

ცინცაძეს შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე 485 ქულა ჰქონდა, ალბანეთან 9 მიამატა, სლოვაკეთთან 6 და მისმა მონაგარმა ზუსტად 500 ქულა შეადგინა.

500-ქულიანთა კლუბში კიდევ 5 კალათბურთელია: ზაზა ფაჩულია, ვიქტორ სანიკიძე, ვლადიმერ ბოისა, მანუჩარ მარკოიშვილი და ვატო ნაცვლიშვილი.

პარალელი - როგორც ელისი...
2008 წელსაც ვითამაშეთ სლოვაკეთში, მაშინაც დიდი სხვაობით ვიმარჯვეთ - 101:78. 8 წლის წინათაც და დღესაც წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს ნატურალიზებულმა ამერიკელებმა. განსაკუთრებით სამქულიანებით დაგვეხმარნენ: 2008-ში ტაირონ ელისმა სლოვაკებს 7-დან 6 სამიანი ჩაუგდო და მატჩი 20 ქულით დაასრულა.

2016 წლის 3 სექტემბერს კი მაიკლ დიქსონის ანგარიშზე 4 სამქულიანი დაფიქსირდა. საამისოდ 4 მცდელობაც ეყო. იგი ნაკრების ვიცე-სნაიპერი გახდა - 16 ქულამდე ავიდა.

ტრავმა
ანატოლი ბოისამ მეორე პერიოდში მძიმე ტრავმა მიიღო. დაცვაში ჩასვლის დროს მას დუდა სანაძე დაეჯახა და ანატოლის ცხვირი გაუტყდა. ის მედიკოსებმა ჰოსპიტალში წაიყვანეს.


ევრობასკეტი 2017. შესარჩევი. F ჯგუფი. II ტური
ალბანეთი-ჩერნოგორია 73:113
15:33, 17:40, 18:21, 23:19
ალბანეთი: ტაფლაი (9ქ), დუშა (4ქ), ტოპალი (1ქ), ჰისენაგოლი (10ქ, 6მ), შიმა (10ქ, 5მ, 3პ), კოლა (5ქ), შესტანი (8ქ), ბროდუსი (26ქ)...
ჩერნოგორია: ვუჩევიჩი (19ქ, 4პ), მიჰაილოვიჩი (7ქ), რადონჩიჩი (8ქ, 4პ), ნიკოლიჩი (5მ), ნიდჰემი (5ქ, 6პ), ტოდოროვიჩი (13ქ, 8მ), დუბლიევიჩი (16ქ, 7მ), ივანოვიჩი (5ქ), ვრანიესი (7ქ), ჯურიშიჩი (10ქ), საშიჩი (12ქ), პოპოვიჩი (11ქ).

ა გ გუნდი თ მ წ სხ ქ
1 . ჩერნოგორია 2 2 0 210/138 4
2. საქართველო 2 2 0 180/110 4
3 . სლოვაკეთი 2 0 2 128/191 2
4. ალბანეთი 2 0 2 120/199 2

მატჩისშემდგომი კომენტარები
თორნიკე შენგელია:
- იოლი გამარჯვება იყო, თუმცა შეხვედრას მაქსიმალურად მობილიზებულები შევხვდით და ვეცადეთ, სლოვაკეთიდან რაც შეიძლება მეტი სხვაობა "წამოგვეღო". 31-ქულიანი ფორა ძალიან კარგი შედეგია, თუმცა იყო შეცდომები დაცვაშიც, თავდასხმაშიც და შევეცდებით, რაც შეიძლება მოკლე დროში გამოვასწოროთ.

დუდა სანაძე:
- თამაში სტაბილურად ჩავატარეთ, თითოეულ მეოთხედში არ მიგვიცია თავისთვის მოდუნების უფლება და საბოლოოდ 31 ქულის სხვაობითაც ვიმარჯვეთ. ინციდენტთან დაკავშირებით მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ იყო ისეთი შემთხვევა, რომ ფიბა-მ ლეჟავას მაცრი სასჯელი მისცეს. ვიმედოვნებ, ჩერნოგორიასთან მატჩისთვის ბესოც გვეყოლება. სლოვაკური მატჩი უკვე წარსულია, ახლა 7 სექტემბრის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე ვფიქრობთ.

კოტე ტუღუში (ილიას ზუროსის თანაშემწე):
- ამ შეხვედრისთვის განსაკუთებულად ვემზადებოდით. ჩვენი ამოცანა იყო, მეტოქისთვის ფარქვეშ თამაშის საშუალება არ მიგვეცა.  მაქსიმალურად დაიტვირთნენ ჩვენი მაღალი კალათბურთელები. თამაშის დაწყებისთანავე მეტოქეს მათ წინააღმდეგ ბრძოლა გაუჭირდა და ჯარიმებითაც დაიტვირთა. შეხვედრის მსვლელობისას არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა, დისკვალიფიკაცია მიიღეს ბესიკ ლეჟავამ და ვიქტორ სანიკიძემ. სადღეისოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიქტორს მომდევნო მატჩის გამოტოვება არ ემუქრება, ხოლო ლეჟავას საკითხს ფიბა განიხილავს და გადაწყვეტილების შესახებაც მალე შევიტყობთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვინ როგორ მოა არ ვიხერხა და ნახა ეს მატჩიცი,მაგრამ შევეცი პირველ არხს,და სრულიდად ყველა ე.წ.ქართულ არხებს აი ასე,მლორჩა,საქართ
otari
01:18 06-09-2016
0
ლეჟავასი არაფერი მაქ საწინააღმდეგო ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ მაგაზე უკეთესი არავინ გვყავს თუნდაც საქართველოს ჩემპიონატში? ცდილობს ინდომებს, მაგრამ სანაკრებო დონეზე არაა ეს საკმარისი, ჩემი აზრი ასეთია
davit15
14:17 05-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული