მანუჩარ მარკოიშვილი: საქართველოს ნაკრებს მონდომებაც აქვს, ჟინიც და გულიც

AutoSharing Option
სლოვენიაში საქართველოს ნაკრების ვარჯიშის დასრულების შემდეგ მანუჩარ მარკოიშვილმა პერიმეტრს წრე დაარტყა, სამქულიანებით ამოავსო კალათი... იგი შორიდან ტყორცნებზე ყოველთვის ვარჯიშობს, თუმცა ამჟამად სულ სხვა მისია აქვს - ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელი უნდა დაიცვას.

სროლების გეგმა რომ შეასრულა, მანუჩარმა საინტერვიუედაც მოიცალა.

- მოსამზადებელი პროცესით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გვქონდა. გავმართეთ ბევრი ამხანაგური თამაში, რაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ ტაქტიკა შეძლებისდაგვარად დაგვემუშავებინა. ასე ვთქვათ, პლუს-მინუსები შეგვეგრძნო, ერთმანეთთან შევთამაშებულიყავით. შეცდომა ბევრი გვქონდა.

იყო ფსიქოლოგიური პრობლემა - ძალიან ძნელია, როცა ოჯახისგან ძალიან
შორს ხარ. ყველას გვიჭირდა, მაგრამ თითოეულ კალათბურთელს კარგად ესმოდა, რისთვის ვემზადებოდით და მიზნისთვის ბევრი რამის მოთმენა შევძელით. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი ევროპის ჩემპიონატზე დაგვიფასდება.

- რამდენად მზადაა ნაკრები ერთმანეთის მიყოლებით 5 მატჩის ჩასატარებლად?
- 6 დღეში 5 თამაში გვაქვს და ეს გრაფიკი მხოლოდ ჩვენთვის არა, ყველა გუნდისთვის ძნელი იქნება. ყოველი მეორე თამაში წინაზე რთული იქნება. ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიური გამძლეობაც მნიშვნელოვანია, რათა ის დაღლილობა, რომელსაც ასეთი დატვირთული გრაფიკი მოიტანს, გადავლახოთ და მობილიზებით შევხვდეთ მომდევნო მატჩებს.

ტრავმები არ გვაწუხებს, მწვრთნელს მეტი როტაციის საშუალება აქვს და იმედი მაქვს, მივაღწევთ იმას, რისთვისაც ასე ვემზადებით. შეიძლება, სხვა უფრო მომზადებული იყოს, მაგრამ ჩვენ უკვე საკმარისი გამოცდილება გვაქვს, ზედიზედ მესამედ ვთამაშობთ ევრობასკეტზე და ვფიქრობ, ეს საგრძნობი უპირატესობაა.

- 5 სექტემბერი, 17:00, საქართველო-ჰოლანდია...
- აქამდე ჰოლანდიის მიერ ჩატარებული ერთი საკონტროლო მატჩი გვაქვს ნანახი. ძალიან კარგი გუნდია. შემადგენლობა თანაბრადაა დაბალანსებული, მწვრთნელს ჰყავს ერთი დონის ბევრი კალათბურთელი და როტაციის პრობლემა არ ექნება. მოკლედ, ჰოლანდია კარგად გამოიყურება, მაგრამ, ჩემი აზრით, ჩვენ უკეთ გამოვიყურებით.

- მოსამზადებელ ეტაპზე თუ შეხვდით ისეთ გუნდს, რომელიც ჰოლანდიის ნაკრების სტილთან მიახლოებულ კალათბურთს თამაშობდა?
- ძნელია სტილის შედარება, სხვადასხვა ტიპის გუნდებს ვეთამაშეთ. თუმცა ზოგიერთ მეტოქეს ჰქონდა კომბინაციები, რომლებიც ჰოლანდიის ნაკრებისას ჰგავდა. მაგალითად, რუსეთს, იტალიას, ესტონეთს... ბევრი გუნდი იმავე სისტემით თამაშობს, მაგრამ განსხვავებულია კალათბურთელთა კლასი და შესრულების დონე.

- საქართველოს ნაკრების დაცვაზე რისი თქმა შეიძლება?
- ჩვენი დაცვა ამოუცნობი რამაა. ბევრნაირი ტაქტიკა და სისტემა გვაქვს, თუმცა გავიმეორებ: კარგი დაცვა შესრულებასა და მონდომებაზეა დამოკიდებული.

შეუცდომელი გუნდი არ არსებობს და როცა შენი თანაგუნდელი შეტევაში შეცდომას დაუშვებს, მონდომება, გულია საჭირო, რომ დაეხმარო, ბოლომდე იბრძოლო და გამოასწორო. თუ ამის სურვილი არ გაგაჩნია, არ არის დაცვა, შეტევას რომ გააჩერებს.

საქართველოს ნაკრებს საამისო მონდომებაც აქვს, ჟინიც და, რა თქმა უნდა, გულიც.

ვაჟა სიმონიშვილი სლოვენიიდან
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გეთანხმები მანუ...ერთადერთი ოსტატობა აკლია:(((
murtalo
01:12 07-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული