სუ­პერ­ლი­გა 2016-17. XII ტუ­რი: "დი­ნა­მოს" 12-იდან 12

AutoSharing Option
19 დეკემბერს საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მე-12 ტურის სამი შეხვედრა გაიმართა

19 დეკემბერი, თბილისი
დინამო-კაკტუსი 109:68
28:20, 27:14, 29:15, 25:19
დინამო: ვონი (13ქ, 7პ, 5ჩ), გრძელიძე (8ქ, 3პ), ღურწკაია (2ქ), ლონდარიძე (14ქ, 7მ), მაჩალაძე (7ქ, 10მ), ფაცაცია (8ქ, 8მ, 5პ), მარავიჩი (8ქ), გ. რევაზაშვილი (5ქ, 6მ), ბერიშვილი (21ქ), გოგოძე (23ქ, 5პ).
კაკტუსი: ხუციშვილი, უაითი (17ქ), ჩიკვილაძე (17ქ, 8მ), ლოლიშვილი (8ქ), ბრიჯმენი (10ქ), ბააკაშვილი (2ქ), ნ. ლოლიშვილი (3ქ), ლომიძე.
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი, მიხეილ ვართანოვი.

გადამწყვეტი. მეორე პერიოდის მეოთხე წუთზე "დინამომ" ისეთი
უპირატესობა მოიპოვა, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ეს გუნდი ამ სხვაობას მეორე ტაიმში გაანიავებდა. ათწუთეულის დასაწყისში დინამოელებმა 9:2 გაქცევა მოაწყვეს და 37:22 დაწინაურდნენ. ირაკლი ხოშტარიას გუნდი მიმდინარე სეზონში სტაბილურობით გამოირჩევა და თუ სხვები 15-ქულიან სხვაობას უშვებენ ხელიდან, "დინამო" არც ასეთი სხვაობით ჩამორჩენილა და არც ასეთი უპირატესობა გაუნიავებია.

სტატისტიკა არ ტყუის. "დინამომ" სამქულიანების 20 პროცენტი გამოიყენა (15-დან 3), "კაკტუსმა" - 30 პროცენტი (30-დან 9), თუმცა ეს იყო ერთადერთი კომპონენტი, რომელშიც "კაკტუსმა" "დინამოს" აჯობა. დინამოელებს გასამარჯვებლად სამიანები სულაც არ დასჭირვებიათ. მათ ფარქვეშიდან 58 ქულა ჩააგდეს, როცა მეტოქისგან მხოლოდ 20 ქულა მიიღეს, მოხსნებში 49:26 იმარჯვეს, ხოლო სწრაფი გარღვევების შედეგად მოგროვილ ქულებში სოლიდური უპირატესობა ჰქონდათ: 42:10. როცა ერთი გუნდი სწრაფ შეტევებში 42 ქულას აგდებს, თამამად შეგვიძლია მეორის დაცვის სისუსტეზე ლაპარაკი.

გამორჩეული. ფარქვეშ "კაკტუსის" არადამაჯერებელი თამაშის ერთ-ერთი ახსნა გუნდის მთავარი წინახაზელის, ფლორვეუსის არყოფნა იყო. დინამოელთა დამრიგებელმა ირაკლი ხოშტარიამ ყველაზე მეტი, 36 წუთი ათამაშა პლეიმეიქერი ნოდარ გოგოძე, რომელმაც ბომბარდირობისთვის საკმარისი, 23 ქულა ჩააგდო. "დინამოს" სამქულიანების სიმწირეზე უკვე მოგახსენეთ, თუმცა ნოდარმა ორქულიანები სტყორცნა მაღალი პროცენტული სიზუსტით - 11-დან 9 ჩააგდო, რასაც 4-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო მიაყოლა.

19 დეკემბერი, თბილისი
მგზავრები-რუსთავი 73:84
15:23, 20:17, 21:21, 17:23
მგზავრები: ფხაკაძე (10ქ, 5პ, 5ჩ), პიტერსი (16ქ, 7მ, 4პ), გაგუა, ცირეკიძე (1ქ), ლომინაშვილი (10ქ, 5მ), ქავთარაძე (10ქ), ტეილორი (13ქ, 8მ), მერფი (13ქ, 7მ).
რუსთავი: ხმელიძე, ქიტოშვილი, ლი (6ქ, 3პ, 3ჩ), ჩაჩანიძე (5ქ), ათუაშვილი (16ქ, 15მ, 5ჩ), კასპერბაუერი (18ქ), გოგობერიშვილი (17ქ, 5პ), სპანოლო (14ქ, 12მ), ჩემიაკინი (8ქ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, ი. ბერიშვილი, გ. მიქელაძე.

გადამწყვეტი. პირველი მეოთხედი "რუსთავის" ახალგაზრდა უკანახაზელმა გიგი გოგობერიშვილმა სამქულიანით დააგვირგვინა და თანაგუნდელები ათი ქულით დააწინაურა - 21:11. მას მერე მთელი თამაში ისე წარიმართა, "მგზავრები" დიდი მონდომებით ცდილობდნენ დაწევას, თამაშის შემობრუნებასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ რუსთაველებმა მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს და სეზონში მერვე გამარჯვება მოიპოვეს.

სტატისტიკა არ ტყუის. "რუსთავმა" მეტი შეცდომა დაუშვა, 21:16, თუმცა ქვემოქართლელებმა იმდენად მაღალი პროცენტული სიზუსტით სტყორცნეს, რომ იოლად გააბათილეს შეცდომები და შეცდომებისგან მიღებული ქულები (12:20). რამაზ გოგობერიშვილის შეგირდებმა თამაშიდან სროლების 51 პროცენტი გამოიყენეს, ხოლო ბუბა ბერიშვილის შეგირდებმა - 42 პროცენტი.

გამორჩეული. ძალიან რთულია მატჩის ერთი საუკეთესო კალათბურთელის გამორჩევა. კასპერბაუერმა 18 ქულა ჩააგდო (6-დან 4 სამქულიანი), გოგობერიშვილმა - 17 ქულა (3-დან 2 სამიანი), ათუაშვილმა 16 ქულას 15 მოხსნა მიამატა, ხოლო სპანოლომ 14 ქულასთან ერთად 12 მოხსნა გაიფორმა. ახლა თავად განსაჯეთ, რომელი იყო მატჩის საუკეთესო კალათბურთელი...

ნამატჩევს.
რამაზ გოგობერიშვილი ("რუსთავის" მთავარი მწვრთნელი):
- თანაბარი თამაში იყო. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესად ვლიდერობდით, ჩვენი შეცდომების გამო ისე მოხდა, რომ წინ გაჭრილები, მეტოქეს ჩამორჩენის გაბათილების საშუალებას ვაძლევდით. მობილიზება გვაკლდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ბოლომდე ვიბრძოლეთ და გამარჯვებას მივაღწიეთ.

ბუბა ბერიშვილი ("მგზავრების" მთავარი მწვრთნელი):
- ბევრი რამე მოედანზე ვერ შევასრულეთ და არ გამოგვივიდა. შეცდომები გვქონდა როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში. ვეცდებით, რომ მომავალში გამოვასწოროთ.

19 დეკემბერი, თბილისი
ოლიმპი-სოხუმი 60:95
20:22, 19:24, 11:21, 10:28
ოლიმპი: გ. ბაქრაძე (2ქ, 3პ), ბურნეთი (8ქ, 12მ), ბოლქვაძე, როგავა (16ქ, 3პ), მიქელაძე (6ქ, 5პ), კახა ტომარაძე (10ქ, 5მ), ნ. ბაქრაძე (2ქ), მასხულია (6ქ), გუგეშაშვილი, პიჩფორდი (10ქ).
სოხუმი: კვეტენაძე (11ქ, 5მ), ბერუაშვილი (2ქ), კოკა ტომარაძე (7ქ, 5მ), ზაქრაძე (6ქ, 6მ), ჯგერენაია, ლათანი (22ქ, 12მ, 5პ), რიხლიუკი (11ქ, 6მ), ბულიავა (30ქ, 6მ), ტიშენკო (6ქ, 12მ, 4პ, 2დ), ზაბირჩენკო (3პ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, მ. კუპატაძე, დ. ბერიშვილი.

გადამწყვეტი. პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მეორე ნახევრის დასაწყისში კი "სოხუმმა" 10:0 გაქცევა მოაწყო, 59:44 დაწინაურდა და გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. საფინალო სირენამდე 14 წუთით ადრე 15-ქულიანი უპირატესობა ბევრს ნიშნავს. მით უმეტეს, როცა საქმე "სოხუმს" ეხება, რომელმაც ბოლო დროს თამაში საგრძნობლად გამოასწორა...

სტატისტიკა არ ტყუის. წინა მატჩის მიმოხილვაში ყურადღება გავამახვილეთ თამაშიდან ტყორცნის პროცენტულ მაჩვენებელზე. ამ შეხვედრაში სხვაობა მართლაც სოლიდური იყო: "ოლიმპმა" თამაშიდან 70 ტყორცნა შეასრულა და ოდენ 20 ჩააგდო (29 პროცენტი), "სოხუმმა" 71-დან 38 გამოიყენა (54 პროცენტი)... მოხსნები: "სოხუმი" - 55, "ოლიმპი" - 37...

გამორჩეული. წინა ტურში ოთარ ბულიავამ პირველ მეოთხედში 16 ქულა ჩააგდო, თუმცა საბოლოოდ 30-მდე ვერ ავიდა. ამჯერად,"ოლიმპთან" შეხვედრაში ქულები თანაბრად გადაანაწილა და ზუსტად 30 ქულა ჩააგდო. სროლის სიზუსტეს არ იკითხავთ? - 13-დან 8 ორქულიანი, 7-დან 4 სამიანი, 2-დან 2 საჯარიმო. პლუს-მინუსებში საუკეთესო ლუკა ზაქრაძე იყო +31...

ნამატჩევს.
ნუგზარ ჭეიშვილი ("სოხუმის" მთავარი მწვრთნელი):
- კარგად ვითამაშეთ. გუნდი ნელ-ნელა ლაგდება და პოულობს საკუთარ თამაშს. ჩვენი მიზანია, სახიფათო ზონას თავი დავაღწიოთ და მერე უკვე სხვა მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. დღევანდელი შეხვედრა იმედისმომცემი იყო და ვნახოთ, ვეცდებით, ასე გავაგრძელოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული