სუპერლიგა. 1/2-ფინალი: იწვიმა!

AutoSharing Option
13 მაისს წვიმდა. გარეთაც წვიმდა და სპორტის სასახლეშიც. არ გეგონოთ, დარბაზში წყალი ჩამოვიდა - სამქულიანები წვიმდა. ჰოდა, ვისაც სამქულიანებისგან დასაცავად ქოლგა არ ჰქონდა, დასველდა და სერიაში ჩამორჩა. "შსს აკადემიამ" "ბათუმს" 12 შორეული ტყორცნა ჩაუგდო და 106:84 დაამარცხა, ხოლო ""რუსთავმა" "დინამოს" 18 სამქულიანით მოუგო. სხვათა შორის, 18 სამიანი მიმდინარე სეზონის რეკორდის გამეორებაა, ამდენი მხოლოდ "შსს აკადემიას" ჰქონდა 28 მარტს, მასაც "დინამოსთან".

13 მაისი. თბილისი. სპორტის სასახლე
შსს აკადემია-ბათუმი 106:84
31:20, 28:24, 31:25, 16:15
შსს აკადემია: ბერიშვილი (10ქ, 5პ), მეტრეველი (14ქ), როგავა (9ქ),
ჩიკვილაძე (15ქ), ცინცაძე (21ქ, 5პ, 4ჩ), შარაბიძე (17ქ, 7მ), წივწივაძე (4ქ, 5მ, 5პ), ლომოური (14ქ, 6მ), ბიბილური, ნადირაძე (2ქ).
ბათუმი: იანგი (26ქ, 5პ), რამიშვილი (8ქ), ფევაძე, მიქელაძე (11ქ), ელიაშვილი (8ქ), ლ. რევაზაშვილი (2ქ), კელოგი (17ქ), ფელჩერი (10ქ, 5მ), ელიაძე (2ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი.
სერიაში ანგარიშია 1:0

გადამწყვეტი. მეორე პერიოდის დასაწყისში ბექა ჩიკვილაძემ სამქულიანით 9:0 გაქცევას ჩაუყარა საფუძველი და მეცხრე ქულაც თავად ჩააგდო, რის შემდეგაც ტაბლოზე "შსს აკადემიას" სასარგებლოდ 40:22 დაფიქსირდა. მართალია, მატჩის დასრულებამდე 28 წუთი რჩებოდა, მაგრამ მაინც თამამად შეიძლებოდა იმის თქმა, რომ მასპინძლები უპირატესობას ხელიდან აღარ გაუშვებდნენ. მათ წინ კარგი გაკვეთილი ჰქონდათ - მეოთხედფინალში "სოხუმთან" დაპირისპირებებისას წამიერი მოდუნებაც კი ძვირად უჯდებოდათ.

სტატისტიკა არ ტყუის. როცა მოხსნებში 48:36-ს იგებ, მეტოქეზე 6-ით მეტ ორქულიანს და 5-ით მეტ სამიანს აგდებ, ლოგიკურად, უნდა გაიმარჯვო კიდეც. ლოგიკამ სწორედ "შსს აკადემიის" მოგება დააფიქსირა.

გამორჩეული. მასპინძელთაგან ერთბაშად 6 კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ნიშნულს. ეს გუნდური თამაშის მანიშნებელია. თუმცა სროლის სიზუსტეზე თუ მიდგება საქმე, გიორგი ცინცაძე უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც ფინალის მოახლოებასთან ერთად, უფრო და უფრო სახიფათო ხდება. ბუმ (ცინცაძის მეტსახელი) შესაშური სიზუსტით ისროლა: 1-დან 1 ორქულიანი, 7-დან 5 სამიანი, 4-დან 4 საჯარიმო - სულ 21 ქულა. ბათუმელთა რიგებში 26 ქულით ბობ ჯინ იანგი გამოირჩა.

ნამატჩევს

კოტე ტუღუში ("შსს აკადემიის" მთავარი მწვრთნელი):
- ველოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა და ასეც მოხდა. დიდი ნერვიულობა შეგვხვდა ორი დღის წინ "სოხუმთან". ამის მიუხედავად, ბიჭებმა მოახერხეს მობილიზება, ძალების აღდგენა და მოედანზე კონცენტრირებულები გავედით. დავამარცხეთ საკმაოდ ძლიერი მეტოქე "ბათუმი", რომელსაც მართლაც კარგი მწვრთნელი ჰყავს. ეს ფინალისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია, 14 მაისს უფრო დაძაბულ შეხვედრას ველით.

დავით უსტიაშვილი ("ბათუმის" მთავარი მწვრთნელი):
- "შსს აკადემია" სერიოზული გუნდია. მასთან, ფაქტობრივად, ყველა კომპონენტში წავაგეთ. 106 ქულა, მგონია, არასდროს მიგვიღია. ეს ჩვენი ბრალიცაა და მეტოქის ძალიან კარგი თამაშისაც. ვეცდებით, მომდევნო მატჩისთვის, პირველ რიგში, დაცვაში შეცდომები გამოვასწოროთ.

13 მაისი. თბილისი, სპორტის სასახლე
დინამო-რუსთავი 82:84
12:21, 31:23, 14:20, 25:20
დინამო: გამყრელიძე (11ქ, 7პ), ბ. ლეჟავა (14ქ, 5მ), ვახანია (2ქ), ლონდარიძე (17ქ), დიდია, მათიაშვილი (9ქ), ორმოცაძე, შერმანი (26ქ, 16მ), ბაბუნაშვილი (3ქ).
რუსთავი: ჰამსი (9ქ), ცეკვავა (18ქ, 5პ), ოგლესბი (12ქ), აბაიშვილი (7ქ), ჩაჩანიძე, ყველაშვილი (3ქ), ჭოჭუა (20ქ, 3პ, 4დ), ხმელიძე, ტუჯანი (3ქ), დვალიშვილი (12ქ, 11მ, 4პ, 3დ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, დ. ბერიშვილი.
სერიაში ანგარიშია 0:1

გადამწყვეტი. მატჩის დასრულებამდე 8:58 წუთით ადრე "რუსთავი" ოდენ 2 ქულით იგებდა, თუმცა ამის შემდეგ ქვემოქართლელებმა ერთმანეთის მიყოლებით სამი სამქულიანი (ერთი ცეკვავამ, ორი - ოგლესბიმ) ჩააგდეს და წინ გაიჭრნენ - 73:62. დინამოელმა გამყრელიძემ უმალ სამქულიანით უპასუხა და კინაღამ ეს აღმოჩნდა მატჩის საკვანძო ეპიზოდი. "კინაღამო", იმიტომ დავწერეთ, რომ "დინამომ" ამის შემდეგ ანგარიშში სხვაობის შემცირებას მიჰყო ხელი და დრო რომ ჰყოფნოდა, ეგებ გაეთანაბრებინა კიდეც.

თუმცა ოგლესბისა და ცეკვავას დაწყებული საქმე კარგად განაგრძო მიხეილ ჭოჭუამ - ბოლო წუთებზე ჩაგდებული სამქულიანებით "დინამოს" დიდი თავსატეხი გაუჩინა. აქვე უნდა აღინიშნოს: საფინალო სირენამდე 1:06 წუთით ადრე ჭოჭუას ფეხი გადაუბრუნდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ბოლო ხუთ წუთში თბილისელთა მეფარე გარიკ შერმანმა 10 ქულა ჩააგდო და მატჩის დასრულებამდე წუთით ადრე ანგარიშში ჩამორჩენა ორამდე დაიყვანა (82:84).

საქმე იქამდე მივიდა, რომ "დინამოს" თამაშის გადასარჩენად 5 წუთი დარჩა: საჭირო იყო ორქულიანის ჩაგდება და მატჩი ოვერტაიმში გადავიდოდა, თუმცა გამყრელიძის ფარქვეშ შესვლის შემდეგ ლონდარიძის ტყორცნამ მიზანს ვერ მიაღწია და სერიაში ანგარიში "რუსთავმა" გახსნა - 1:0.

სტატისტიკა არ ტყუის. დინამოელებს სოლიდური უპირატესობა ჰქონდათ ფარქვეშ: ბურთი 42-ჯერ მოხსნეს (რუსთაველებმა - 30-ჯერ), სამწამიანიდან 46 ქულა ჩააგდეს ("რუსთავმა" ოდენ 18). რა უნდა ქნას მეტოქემ ისეთი, რომ დინამოსნაირი სტატისტიკის გუნდმა მატჩი წააგოს? პასუხი მიხეილ ბერუაშვილის შეგირდებმა შემოგვთავაზეს: 84 ქულიდან 54 სამქულიანებით მოაგროვეს - 18 სამიანი გამოიყენეს (39 სტყორცნეს).

გამორჩეული. მატჩის ბომბარდირი 26 ქულით გარიკ შერმანი გახდა (16 მოხსნა), თუმცა საუკეთესო მაინც გამარჯვებულთა რიგებში უნდა ვეძებოთ. პოვნა ნამდვილად გაგვიჭირდება: ჭოჭუამ 4 სამქულიანი ჩააგდო, ჰამსმა - 3 (სამიდან), ცეკვავამ - 4, ოგლესბიმ - 4, აბაიშვილმა - 2. ცენტრმა აკაკი დვალიშვილმაც ისროლა, მაგრამ შორეული ტყორცნები ვერ გამოიყენა, თუმცა ფარქვეშ ბევრი იშრომა და ორმაგი დუბლიც გაიფორმა - 12 ქულა, 11 მოხსნა.

ნამატჩევს
ირაკლი ხოშტარია
("დინამოს" მთავარი მწვრთნელი):
- მოწინააღმდეგემ კარგად ითამაშა. ვერ შევძელით პერიმეტრის გაკონტროლება. "ფარი" მოგებული გვაქვს, დაკარგვებიც ნაკლები გვაქვს... თუმცა ფაქტია, რომ დაცვაში ცუდად ვითამაშეთ, 84 ქულა მივიღეთ. ასე თამაშის მოგება რთულია. დისციპლინის პრობლემაც გვქონდა. შევეცდებით, მეორე მატჩში ეს შეცდომები აღარ გავიმეოროთ. სერია 3 მოგებამდეა, 0:1 ვაგებთ. ამიტომ არაფერია გადაწყვეტილი.

მიხეილ ბერუაშვილი ("რუსთავის" მთავარი მწვრთნელი):
- მივულოცავ ჩემს გუნდს პირველი თამაშის მოგებას და მადლობას ვეტყვი "დინამოს". პლეი ოფებია და ბუნებრივია, დაძაბული თამაში იყო, ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა. მაქსიმალურად ვიბრძოლებთ და დავიხარჯებით, რომ სერიაში წარმატებას მივაღწიოთ.

გოგა ცეკვავა ("რუსთავი"):
- კარგად ვიყავით მომზადებულები, პერიმეტრიდანაც გამოგვივიდა სროლები და შედეგსაც მივაღწიეთ. "დინამოს" მადლობა კარგი თამაშისთვის. შევეცდებით, შემდეგ შეხვედრებშიც ასე გავაგრძელოთ.

13 მაისი. თბილისი, "არენა"
ოლიმპი-მგზავრები/არმია 58:75
16:12, 14:28, 17:15, 11:20
ოლიმპი: კვანტალიანი (1ქ, 5მ), ლობჟანიძე (3ქ), აბულაძე, კოკა ტომარაძე (4ქ), ბაქრაძე, კახა ტომარაძე, გოგოძე (21ქ, 5პ), მირზიაშვილი (4ქ, 3დ), დუიკოვიჩი (12ქ, 9მ), ცირეკიძე (5ქ), ნოსკოვი (8ქ, 6მ).
მგზავრები-არმია: ჯექსონი (16ქ, 4პ), ს. ლეჟავა (2ქ), ჩაჩიბაია (6ქ), მაისურაძე (2დ), ბოქოლიშვილი (12ქ, 4პ), ზაქრაძე, ათანელიშვილი (4ქ, 5მ), მაკქინი (10ქ, 18მ, 5პ, 2დ), ჯინჭარაძე (13ქ, 5მ), იოსელიანი (12ქ, 7მ, 4ჩ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი, მ. ვართანოვი.
სერიაში ანგარიშია 0:1

დღეს. თბილისი, სპორტის სასახლე
14:00 შსს-ბათუმი
16:00 დინამო-რუსთავი
18:00 მგზავრები-ოლიმპი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული