სუპერლიგაში სათამაშოდ უცხოეთიდან ერთბაშად 15 კალათბურთელი ჩამოვიდა

AutoSharing Option
ფოტოზე: დარიუს გილმორი

4 თებერვალს საქართველოს ჩემპიონატში სატრანსფერო ბაზარი დაიხურა.

სუპერლიგის კლუბებს თუ გაძლიერება სურდათ, აქამდე უნდა მოესწროთ. დღეიდან სეზონის ბოლომდე კალათბურთელის დამატების უფლება აღარავის აქვს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში ყველაზე დიდი შუასასეზონო აქტიურობა კლუბებმა სწორედ ახლა გამოიჩინეს. თავად განსაჯეთ: სუპერლიგაში სათამაშოდ უცხოეთიდან ერთბაშად 15 კალათბურთელი ჩამოვიდა, 3 ქართველი და 12 ლეგიონერი. ახლა კონკრეტულად დავასახელოთ, რომელმა გუნდმა ვინ დაიმატა და რომელი რგოლი გააძლიერა.

"რუსთავს" ორი ნაცნობი დაემატა: ჟულივეტ ტუჯანი და კაილ ნელსონი. ჟულივეტი ქვემოქართლურ გუნდში წლების წინ თამაშობდა,
შარშან კი "არმიას" ღირსებას იცავდა. მიმდინარე სეზონის დასაწყისი კამერუნელმა ტუჯანმა ტრავმის გამო გამოტოვა. კაილ ნელსონი კი რუსთავში 2012-13 წლებში გამოდიოდა, ტანმაღალი, მოძრავი ფორვარდია და ამერიკელ ჰაიდენ ჰამსთან ერთად საინტერესო დუეტს შექმნის.

მიხეილ ბერუაშვილის გუნდში ქორქია-საკანდელიძის მემორიალზე ითამაშა ახალწვეულმა ამერიკელმა პლეიმეიქერმა ტერენს ოგლესბიმ. წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ გუნდს მეორე წრეში ისიც სათანადოდ გამოადგება.

საქართველოში ჯერ არ ჩამოსულან "მგზავრები-არმიის" ამერიკელი ლეგიონერები - ადრიკ მაკქინი და ტარიკ ჯექსონი. პირველი 203 სმ სიმაღლის ფორვარდია, მეორე - 190 სმ სიმაღლის გამთამაშებელი. ადრიკი სხვადასხვა დროს ტუნისში, მაროკოსა და პორტუგალიაში ასპარეზობდა, ხოლო ტარიკი - ისრაელში. ისინი თბილისში შაბათს ჩამოფრინდებიან.

"მგზავრები-არმიიდან" "ქუთაისში" გადავიდა ოთარ ბულიავა, ხოლო "დინამოში" - თემურ ბაბუნაშვილი. თემურის გარდა, დინამოელებს უკანა ხაზში სერბი მარკო პოპოვიჩი დაემატათ, წინა ხაზში კი - ამერიკელი გარიკ შერმანი.

"ქუთაისში" ორი ახალწვეულია. ბულიავასთან ერთად, მეორე წრეში გუნდს შეემატა სლოვენიელი მირზა სარალია, რომელიც ბოლოს ალბანეთის ჩემპიონატში ასპარეზობდა.

ქუთათურებს გამოაკლდათ ბექა ბექაური. იგი "სოხუმს" დაუბრუნდა, სადაც გასულ სეზონში მეტად ეფექტურად თამაშობდა. პირველი წრის შემდეგ "სოხუმიც" ორი ლეგიონერით შეივსო: ლიბერიელი პელე პეილეთი და ამერიკელი დარიუს გილმორით. მათ ქართული გუნდის ღირსება ქორქია-საკანდელიძის მემორიალზე უკვე დაიცვეს. პელე თამაშს მატჩიდან მატჩამდე აუმჯობესებდა და "სოხუმს" საქართველოს ჩემპიონატშიც სათანადოდ უნდა დაეხმაროს.

"ოლიმპს" ორი ლეგიონერი და ერთი ქართველი შეემატა. "ქუთაისიდან" გადავიდა გიორგი ცირეკიძე, უკრაინიდან - დენის ნოსკოვი, ხოლო სერბეთიდან 226 სმ სიმაღლის მარკო დუიკოვიჩი. მეორემ გუნდში უკვე ითამაშა, პირველის დებიუტი კი მეორე წრის საწყის ტურში შედგება.

"ბათუმს" დაუბრუნდა ნიკა რამიშვილი, რომელიც სეზონის პირველ ნაწილში ყაზახურ "კასპიიში" ასპარეზობდა. მთავარ მწვრთნელად მიხეილ კობეშავიძის ნაცვლად დავით უსტიაშვილი იმუშავებს. რაც შეეხება კობეშავიძეს, იგი "ქუთაისში" მალხაზ კოხრეიძის თანაშემწე იქნება.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელებით გაძლიერდა "შსს აკადემია": მიხეილ ბერიშვილი სლოვენიური "ლაშკოდან" ჩამოვიდა, ნიკა მეტრეველი - იტალიური "ნაპოლიდან". "აკადემია" ერთადერთი ქართული კლუბი იქნებოდა, რომელშიც ლეგიონერი არ თამაშობს, რომ არა ამერიკელი კრის ბრასველი. იგი მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა ბოლო მომენტში დაიმატა. კრისი მეფარეა და შსს-ს ისედაც სოლიდურ წინა ხაზს კიდევ უფრო გააძლიერებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული