სუპერლიგის გუნდი "ოლიმპი" ლატვიაში ემზადება

AutoSharing Option
საკალათბურთო კლუბი "ოლიმპი" ახალი სეზონისთვის გამალებით ემზადება. აი, რას ვკითხულობთ კლუბის პრესცენტრის მიერ ბოძებულ პრესრელიზში:

"ოლიმპი" 3 იანვარს ლატვიაში, ქალაქ ვალმეირაში გაემგზავრა, სადაც 9-დღიან შეკრებას გაივლის და თბილისისკენ 12 იანვარს გამოეშურება. ლატვიაშია როგორც უმაღლესი ლიგის, ასევე 20-წლამდელების გუნდიც. ისინი ლატვიის ასაკობრივი და უმაღლესი ლიგის კლუბებთან სამ-სამ თამაშს ჩაატარებენ.

"ოლიმპის" რიგებში ცვლილებაა. ძირითადი გუნდი შეკრებაზე განახლებული შემადგენლობით წავიდა. ახალი მოთამაშე სერბი ლეგიონერი მარკო დუჟკოვიჩია, რომელიც ცენტრის პოზიციაზე ითამაშებს. მისი სიმაღლე 226 სმ-ია.

გუნდის მთავარი მწვრთნელი გია კაზანჯიანი:

- ლატვიის ქალაქ ვალმეირაში
"ოლიმპის" უმაღლესი ლიგის და ასევე, 20-წლამდელთა გუნდებით მივდივართ. შეკრების მიზანია, პროდუქტიულად გამოვიყენოთ საქართველოს ჩემპიონატში არსებული ინტერვალი. ამასთანავე, ჩვენი კალათბურთელებისთვის ეს იქნება კარგი გამოცდილება, რადგან პირველ რიგში, ახალგაზრდული გუნდია და საერთაშორისო დონის, თუნდაც ერთი თამაში დიდ სარგებელს მოგვიტანს.

20-წლამდელებს, რომლებიც ამჟამად საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატში პირველ ადგილზე იმყოფებიან, თანატოლებთან მოუწევთ თამაში. ამასთანავე, ერთთვიან შესვენებას ინტენსიურ ვარჯიშებს დაუთმობენ და მოდუნების დრო არ ექნებათ.

ნუგზარ აბულაძე:

- ლატვიაში ყველა პირობა გვექნება სათანადოდ მოსამზადებლად. ეს ჩვენთვის განსხვავებული და კარგი გამოცდილება იქნება. ვფიქრობ, ლატვიაში პირველი ლიგის გუნდებთან თამაშით მიღებული გამოცდილებით უფრო მომზადებულები ჩავებმებით ეროვნულ და ასაკობრივ ჩემპიონატებში.

* * *

"ოლიმპმა" ლატვიაში უკვე ორი მატჩი ჩაატარა. პირველი შეხვედრა - ვალმეირას პირველი დივიზიონის გუნდთან, რომელსაც სამი ლეგიონერი ჰყავდა, აქედან 2 ამერიკელი და ერთი ლიტველი. მიუხედავად ვალმეირელთა გამარჯვებისა (80:74), "ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი გია კაზანჯიანი შეხვედრით კმაყოფილია:

- ძირითადმა გუნდმა ლატვიის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელს თანაბარი კონკურენცია გაუწია. თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა და, საბოლოო ჯამში, კარგი სანახაობა გამოვიდა.

"ოლიმპის" ძირითად გუნდს შემდეგი მატჩი 8 იანვარს "ელგავასთან" ელის, ბოლოს კი "ვია ვალმეირა გლასს" 10 იანვარს დაუპირისპირდება.

5 იანვარს "ოლიმპის" 20-წლამდელები "ვეფ რიგის" ახალგაზრდებს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ჩვენების გამარჯვებით, ანგარიშით 66:62 დასრულდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული