"ოლიმპმა" "რუსთავის" დამარცხება შეძლო

AutoSharing Option
სუპერლიგის მე-6 ტური მოულოდნელი შედეგით დასრულდა.

ჩემპიონატში 1 წაგების მქონე "რუსთავი" 1 მოგების მქონე "ოლიმპთან" დამარცხდა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა გმირულად ითამაშეს და ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს მწარე მარცხი აგემეს.

"რუსთავი" უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა "ოლიმპი" რომ იოლად არაფერს დათმობდა, ეს წინასწარ იყო ცნობილი. გია კაზანჯიანის გუნდი ხომ ნებისმიერ მეტოქესთან მატჩში ბოლომდე იბრძოდა და, ძირითადად, ბოლო წუთებში აგებდა.

სწორედ ამ მომენტზე გააკეთა ნამატჩევს კომენტარი გია კაზანჯიანმა, "ოლიმპის" მთავარი მწვრთნელის თქმით, არსებობდა საფრთხე, რომ ბოლო წუთებზე, სადამდეც თამაში თანაბარი იყო, შედარებით გამოცდილი
"რუსთავი" იმარჯვებდა. კაზანჯიანის გუნდს გამოუცდელობის გამო არაერთი მატჩი წაუგია "რუსთავზე" არანაკლებ ძლიერ მეტოქეებთან.

"ოლიმპის" კალათბურთელებმა მხოლოდ ბრძოლის ხარჯზე როდი მოიგეს. კაზანჯიანის გუნდის წევრებმა გამორჩეული სიზუსტე გამოავლინეს და მატჩში მთლიანობაში 13 3-ქულიანი ჩააგდეს. ზუსტმა შორმა სროლებმა გადაფარა ის ხარვეზი, რომელიც ოლიმპელებს საჯარიმო სროლების დროს ჰქონდათ - 27-დან 12 საჯარიმოს ჩამგდებ გუნდს მოგებაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს, თუმცა, ამის მიუხედავად, "ოლიმპმა" ზუსტი სამქულიანების ხარჯზე მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

თანაბარი ბრძოლა ბოლო მეოთხედამდე გაგრძელდა. "ოლიმპმა" ხელჩასაჭიდი უპირატესობა რამდენჯერმე მოიპოვა, თუმცა რუსთაველებმა ჩამორჩენის გაბათილება მყისიერად მოახერხეს. როცა თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ოლიმპელების უპირატესობამ 10 ქულას გადააჭარბა, რუსთაველები სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, მაგრამ მიხეილ ბერუაშვილის გუნდმა ვითარების შეცვლა ვერ მოახერხა.ეს, რა თქმა უნდა, ოლიმპელთა საზრიანი თამაშის გამო მოხდა - გადამწყვეტ მომენტში მოედანზე მყოფმა თითოეულმა ოლიმპელმა თავგანწირულ ბრძოლას სროლათა სიზუსტეც მოაყოლა და თამაში ისე ჩამთავრდა, "რუსთავს" მისი გადარჩენის შანსი არ მისცემია.

"ოლიმპს" გამარჯვებისკენ 5 სამქულიანის ჩამგდები ნოდო გოგოძე გაუძღვა, მან მთლიანობაში 26 ქულა დააგროვა, 3 სამიანი და 11 ქულა ჩააგდო ოლიმპელთა გამთამაშებელმა ნუგზარ აბულაძემ, კოკა ტომარაძემ კი შეხვედრა 10 ქულით დაასრულა.

რუსთაველთა შორის 21 ქულით საუკეთესო იყო გოგა ცეკვავა, მიხეილ ჭოჭუამ 18 ქულა დააგროვა, აკაკი დვალიშვილმა კი ორმაგი დუბლი გაიფორმა - 16ქულა, 12 მოხსნა.

სუპერლიგის პირველი წრის ბოლო ტური 26-27 დეკემბერს საქართველოს 4 ქალაქში - რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში გაიმართება.

20.12.14, 18:00

ოლიმპი-რუსთავი 85:80
ოლიმპი 19 29 15 22
რუსთავი 22 20 21 17

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
გია კაზანჯიანი ("ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი): "პირველ რიგში, ვულოცავ ჩემს ბიჭებს გამარჯვებას, მადლობა მათ მონდომებისთვის და ბოლომდე ბრძოლისთვის. წინა თამაშებში 30-35 წუთი კარგად ვთამაშობდით და ბოლო წუთებში ვაგებდით ხოლმე, დღესაც გვქონდა შიში, რომ იგივე ბავშვური შეცდომები არ გაგვემეორებინა. საბედნიეროდ, დღეს ბოლომდე მოვახერხეთ შედარებით კარგი და ნორმალური თამაში. მინდა აღვნიშნო, რომ 13 3-ქულიანი ჩავაგდეთ და ეს დიდი პლიუსია, ამის დამსახურებაცაა, რომ მოვუგეთ ჩვენზე ბევრად ძლიერ და გამოცდილ გუნდს. თუმცა წინ კიდევ გვაქვს რთული შეხვედრა "ბათუმის" წინააღმდეგ. 3 იანვარს ლატვიაში მივემგზავრებით შეკრებაზე სუპერლიგის და 20-წლამდელთა გუნდები. შესაძლოა, ახალგაზრდა ლეგიონერიც დავიმატოთ. ეს ყველაფერი დაგვეხმარება მეორე წრეში კიდევ უფრო უკეთესად ვიასპარეზოთ".

ბადრი კიკვიძე ("რუსთავის" მწვრთნელი): "მივულოცავ "ოლიმპს" გამარჯვებას. რაც შეეხება თამაშს, საშინლად ვიასპარეზეთ, განსაკუთრებით, თავდასხმაში. ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო".

ნოდო გოგოძე ("ოლიმპი"): "მივულოცავ ჩვენს გუნდს გამარჯვებას. დაძაბული შეხვედრა გამოდგა და ასეც ველოდით. ძალიან სასიხარულოა, რომ ამდენი წაგების შემდეგ მოვახერხეთ მოგება, წინა თამაშებისგან განსხვავებით, ბოლომდე შევინარჩუნეთ კონცენტრაცია, სამქულიანებიც წაგვივიდა და გავიმარჯვეთ. იყო შეცდომები, თუმცა შევეცდებით გამოვასწოროთ და უფრო მოვუმატოთ".

წყარო: superleague.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული