"ქუთაისს" "მგზავრები-არმიას" დამარცხება გაუჭირდა

AutoSharing Option
"მგზავრები-არმიამ" მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც დამარცხდა. ახალგაზრდა კალათბურთელებით დაკომპლექტებულ მგზავრებს მეტოქედ გასული წლის ვერცხლისმედალოსანი და თასის მფლობელი "ქუთაისი" ჰყავდათ, რომელსაც ბოლომდე ღირსეულად ებრძოლნენ, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

მატჩის შემდეგ "მგზავრები-არმიის" მთავარი მწვრთნელი ბუბა ბერიშვილი თავისი გუნდის გარჯით კმაყოფილი იყო, თუმცა შედეგზე ეს არ ითქმის. მგზავრები მოგებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ გადამწყვეტ წუთებში გამოცდილების არქონისა და კონცენტრაციის მოდუნების გამო მარცხი განიცადეს.

პირველი მეოთხედის 3 ქულით წაგების შემდეგ "მგზავრები-არმიამ" თამაში გამოაკეთა, მეორე ათწუთეული 22:12 მოიგო
და დიდი შესვენებისთვის ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა - 39:32. მეორე ტაიმში თანაბარი ბრძოლა წარიმართა. ქუთაისელებმა მესამე პერიოდში მოახერხეს ჩამორჩენის შემცირება, ხოლო გადამწყვეტი მეოთხედის დასაწყისში გალიდერდნენ კიდეც.

ზაურ ფაშაევისა და გიორგი ბარბაქაძის აქტიურობით "ქუთაისი" მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე 66:59 დაწინაურდა და თითქოს გატეხა არმიელთა წინააღმდეგობა, მაგრამ მერაბ ბოქოლიშვილის წინამძღოლობით "მგზავრები-არმიამ" ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა - 65:66. თამაშის დასრულებამდე 3 წუთი რჩებოდა და ბერიშვილის გუნდს ყველაფერი წინ ჰქონდა, მაგრამ გამოცდილმა ქუთაისელებმა შეცდომები აღარ დაუშვეს, მობილიზებულად ითამაშეს და გამარჯვებამდეც დამსახურებულად მივიდნენ.

ქუთაისელებს 27 ქულითა და 8 მოხსნით გიორგი ბარბაქაძემ ულიდერა, 19 ქულა დააგროვა ზაურ ფაშაევმა, ბუბა კვიმსაძეს კი ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა - 11 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. "მგზავრები-არმიაში" ბომბარდირი ოთო ბულიავა გახდა, რომელმაც 20 ქულასთან ერთად 8 მოხსნაც მიითვალა. მერაბ ბოქოლიშვილმა 10 ქულა მიითვალა, რევაზ ათანელიშვილს კი ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა - 11 მოხსნა და 9 ქულა.

20.12.14, 16:00
მგზავრები-არმია-ქუთაისი 71:83
მგზავრები-არმია 17 22 16 16 
ქუთაისი 20 12 25 26

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ბუბა ბერიშვილი ("მგზავრები-არმიის" მთავარი მწვრთნელი): "მინდა მივულოცო "ქუთაისს" ღირსეული გამარჯვება. ვიგებდით, თუმცა ძალიან ბევრი შეცდომა გვქონდა. მაქსიმალურად ვეცადეთ, გამარჯვება მოგვეპოვებინა,სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით. მარცხის მიუხედავად, კმაყოფილი ვარ, რადგან "ქუთაისი" ფავორიტი გუნდია. ჩვენ დღითიდღე ვაუმჯობესებთ და შეცდომების გამოსწორებას ვცდილობთ. მომავალში ჩემი ბიჭების დიდი იმედი მაქვს, მადლობას ვეტყვი მათ ბრძოლისთვის და წარმატებებს ვუსურვებ შემდეგ თამაშებში".

მედეა მხეიძე ("ქუთაისის" მწვრთნელი): "ნამდვილად მისაბაძია ის ბრძოლისუნარიანობა, რომელიც დღეს ჩვენმა მოწინააღმდეგემ გამოავლინა. ჩვენმა ზედმეტმა თავდაჯერებულობამ განაპირობა ის, რომ ძალიან დიდხანს მდევრის როლში ვიყავით და ბოლო პერიოდამდე ვერ გავედით წინ. მიუხედავად იმისა, რომ მაღალ მოთამაშეებში უპირატესობა გვქონდა, ფარი წავაგეთ, ამიტომ ასეთი შედეგით კმაყოფილი ვერ ვიქნებით. წარმატებებს ვუსურვებ "მგზავრები-არმიას" მომავალში. ჩვენ კი სერიოზული თამაში გველის წინ და იმედია, ფსიქოლოგიურად უკეთ მომზადებულები ვიქნებით და უკეთეს მატჩს ჩავატარებთ".

მერაბ ბოქოლიშვილი ("მგზავრები-არმია"): "პირველ რიგში, მივულოცავ "ქუთაისს" გამარჯვებას. დასანანია, რომ წავაგეთ, თანაბარი თამაში მიდიოდა და ბოლო წუთებში ისევ ჩვენი შეცდომების გამო დავმარცხდით. თუმცა, ფაქტია, რომ ვპროგრესირებთ. გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ყველა დაშვებული შეცდომა გავაანალიზოთ და მომავალში უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ".

წყარო: superleague.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული