სუპერლიგა. V ტური: ახალი პარკეტი, შარშანდელი სურათი

AutoSharing Option
ქუთაისში საკალათბურთო სეზონი გასული ჩემპიონატის საუკეთესო გუნდების შეხვედრით გაიხსნა.

საჩემპიონო ბრძოლაში ხომ "ქუთაისი" სწორედ "დინამოსთან" დამარცხდა და ბუნებრივია, მალხაზ კოხრეიძის შეგირდები რევანშისთვის იყვნენ განწყობილნი. მონდომებაც არ დაუკლიათ, მაგრამ პარასკევს მათი დღე არ იყო, "ქუთაისმა" ასე სუსტად ბოლოს როდის ითამაშა, აღარც გვახსოვს.

რიონისპირელებს ფარქვეშაც არ წაუვიდათ თამაში და ეფექტურად ვერც მთავარი იარაღი - შორეული სროლები გამოიყენეს. "დინამო" მეტოქეზე სოლიდურად გამოიყურებოდა და დამსახურებულადაც მოიგო. თასის მფლობელისა და ჩემპიონის ურთიერთდაპირისპირებამ გულშემატკივრების დიდი ინტერესი გამოიწვია - ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას სახელობის დარბაზში, სადაც
პარკეტის დაგება ცოტა ხნის წინ დასრულდა, 2000-მდე მაყურებელმა მოიყარა თავი.

განახლებული დარბაზი ვიზუალურად მართლაც შესანიშნავად გამოიყურება, თუმცა დაიწყო თუ არა თამაში, პრობლემებმაც იჩინა თავი, საჯარიმოებში იატაკს გადასაკრავი მასალა რამდენიმე ადგილას ასცილდა და არბიტრებს ამის გამო რამდენჯერმე თამაშის შეჩერებაც მოუწიათ.

ანგარიში მასპინძლებმა ლომინაშვილის საჯარიმოებით გახსნეს, რასაც ლეჟავამ ასევე საჯარიმო სროლებით უპასუხა. პირველ პერიოდში "ქუთაისი" უკეთ თამაშობდა. ფაშაევის, გიგი ბარბაქაძისა და ნდოიეს შედეგიანი შეტევების შემდეგ მასპინძლები წინ გაიჭრნენ, მაგრამ დინამოელთა რიგებში ბრწყინვალედ თამაშობდა გამყრელიძე-ლეჟავას დუეტი, რომლის შეჩერებას ქუთაისელები ვერ ახერხებდნენ. რომ არა მათი კარგი გარჯა, მასპინძლები პირველ პერიოდს გაცილებით სოლიდური სხვაობით მოიგებდნენ - 19:14.

მეორე პერიოდის საწყის წუთებში მასპინძლებმა უპირატესობა შეინარჩუნეს და თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, თუმცა შემდეგ სტუმართა უპირატესობა გამოიკვეთა და დინამოელებმა სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირეს (27:26), ამის შემდეგ, დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში გუნდებმა ბურთის კალათში ჩაგდება ვერ მოახერხეს, ტაიმის დასრულებამდე 25 წამით ადრე კი ლეჟავამ ფარქვეშიდან ნავსი გატეხა და ამ შეხვედრაში დინამოელები პირველად გაიყვანა წინ. ტაიმიც "დინამოს" მოგებით დასრულდა - 27:28.

მესამე პერიოდის ხუთი წუთი ისე გავიდა, რომ მასპინძლებმა მხოლოდ ერთი ქულის აღება შეძლეს, "დინამომ" მეტოქეს 9:1 გაქცევა მოუწყო, თუმცა ლევან გრძელიძის აქტიურობის წყალობით მალხაზ კოხრეიძის შეგირდებმა ანგარიშის შემცირება მოახერხეს.

გადამწყვეტი მატჩის ბოლო მეოთხედი გამოდგა, რომელიც თბილისელების აქტიურობით დაიწყო. ლეჟავამ ზედიზედ ორი სამქულიანით დაბომბა მეტოქე, რასაც მათიაშვილის და გამყრელიძის შედეგიანი შეტევებიც მოჰყვა. კარგად გაისარჯა ლონდარიძეც, რომელიც ფარქვეშ ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

თბილისელებმა ანგარიში კიდევ უფრო გაზარდეს - 55:37. დინამოელთა 15:1 გაქცევამ, ფაქტობრივად, მატჩის ბედიც გადაწყვიტა. ქუთაისელებმა ბოლოს გაიბრძოლეს, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.

დინამოელთაგან ყველაზე შედეგიანი 24 ქულით ბესიკ ლეჟავა იყო; შესანიშნავი მაჩვენებელი ჰქონდა სტუმართა გამთამაშებელ ლაშა გამყრელიძეს, რომელმაც 14 ქულითა და 15 პასით ორმაგი დუბლი შეასრულა.

სხვათა შორის, მან მიმდინარე ჩემპიონატში ზუსტი გადაცემების რეკორდი გააუმჯობესა. აქამდე ჩატარებულ შეხვედრებში საუკეთესო მაჩვენებელი 10 პასი იყო, რომელიც გამყრელიძესთან ერთად ფაშაევს (ქუთაისი), მიქელაძეს (ბათუმი) და წივწივაძეს (შსს აკადემია) ეკუთვნოდათ... მის გარდა, თბილისელთაგან ორმაგი დუბლი რიჩარდ მათიაშვილმაც მიითვალა (12 ქულა, 21 მოხსნა). რაც შეეხებათ მასპინძლებს, ყველაზე შედეგიანები 14 და 12 ქულით, შესაბამისად, გიგი ბარბაქაძე და ზაურ ფაშაევი იყვნენ.

21 ნოემბერი, ქუთაისი
ქუთაისი-დინამო 56:68
19:14, 8:14, 9:12, 20:28
ქუთაისი: ფაშაევი (12ქ, 6პ), კვიმსაძე (6ქ), ლომინაშვილი (4ქ, 6მ), გ. ბარბაქაძე (14ქ, 7მ), ნდოიე (3ქ, 11მ), გრძელიძე (4ქ), ქადარია (2ქ), ცირეკიძე (2ქ), დ. ბარბაქაძე, ბოისა (6ქ), ბექაური (3ქ)
დინამო: გამყრელიძე (14ქ, 15პ, 6მ), ლეჟავა (24ქ), დიდია (1ქ), მათიაშვილი (12ქ, 21მ), ორმოცაძე (5ქ), ვახანია (4ქ), ლონდარიძე (8ქ, 6მ), კოღუაშვილი.

21 ნოემბერი, რუსთავი
რუსთავი-ბათუმი 87:76
17:21, 20:28, 21:18, 29:9
რუსთავი: მაჭავარიანი (3ქ), ჰამსი (7ქ, 5მ, 5პ), ქიტოშვილი, ცეკვავა (22ქ), აბაიშვილი (10ქ), ჩაჩანიძე, ყველაშვილი (6ქ, 7მ), ჭოჭუა (16ქ, 5პ), დვალიშვილი (23ქ, 20მ, 3პ).
ბათუმი: მიქელაძე (9ქ, 4პ), ლ. რევაზაშვილი (4ქ), თენიეშვილი (12ქ), კელოგი (15ქ, 6პ, 8მ, 5ჩ), ბოლქვაძე, ფელჩერი (10ქ, 10მ), ელიაძე (8ქ), იანგი (18ქ).
მსაჯები: დ. ბერიშვილი, მ. ვართანოვი, დ. ბერეკაშვილი.

22 ნოემბერი, თბილისი
მგზავრები/არმია-სოხუმი 68:82
17:22, 19:19, 19:17, 13:24
მგზავრები: გულისაბედაშვილი (5ქ), ს. ლეჟავა (4ქ), ჩაჩიბაია (8ქ), დ. მაისურაძე (4ქ, 9მ), ბოქოლიშვილი (20ქ, 4პ), ბაბუნაშვილი (2ქ), შიოლაშვილი, ზაქრაძე (4ქ, 3ჩ), ჯინჭარაძე, ბულიავა (11ქ, 3პ), იოსელიანი (8ქ, 7მ), ს. სანაძე (2ქ).
სოხუმი: ჩიტაშვილი (8ქ), ჩლაიძე (25ქ, 7მ, 3პ), კვეტენაძე (4ქ), დ. დვალიშვილი (1ქ), შვანგირაძე (12ქ, 10მ), ბააკაშვილი (13ქ, 4პ), გ. რევაზაშვილი (5ქ), ჯგერენაია (12ქ, 16მ, 3ჩ, 3დ), ფარღალავა (2ქ, 7პ), ფერიაშვილი.
მსაჯები: მ. კუპატაძე, ი. ბერიშვილი, ზ. მაჩალაძე

22 ნოემბერი, თბილისი
შსს აკადემია-ოლიმპი 82:72
17:21, 13:16, 20:16, 32:19
შსს აკადემია: როგავა (7ქ, 4ჩ), ჩიკვილაძე (7ქ, 5ჩ), ცინცაძე (17ქ, 6მ, 6პ, 4ჩ), ლოლიშვილი, შარაბიძე (21ქ, 9მ), წივწივაძე (17ქ, 7პ), ლომოური (11ქ, 5მ), ბიბილური (2ქ).
ოლიმპი: კვანტალიანი (6ქ, 5მ), ლობჟანიძე (3ქ), აბულაძე (5ქ), კოკა ტომარაძე (11ქ), გ. ბაქრაძე (10ქ), კახა ტომარაძე (4ქ), გოგოძე (10ქ), მაჩალაძე (5ქ, 8მ, 4პ), ალხანაიძე (7ქ, 8მ), მირზიაშვილი (9ქ), ანთაძე (2ქ), ლომიძე.
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი, მ. კუპატაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული