2014-15 წლების სეზონის სუპერლიგის ტექნიკური პარტნიორი ესპანური ბრენდი JOMA გახდა

AutoSharing Option
2014-15 წლების სეზონის სუპერლიგის ტექნიკური პარტნიორი ესპანური სპორტული ბრენდის, JOMA-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, სპორტული სააგენტო SBM გახდება.

პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს ხელი თბილისის სპორტის სასახლის საპრესკონფერენციო დარბაზში მოეწერა.

ზაალ ჩიტალაძე (სპორტული სააგენტო SBM):
"საქართველოში ამ ბრენდის სტრატეგია, ჩვენი ესპანელი პარტნიორების და ჩვენი, როგორც JOMA-ს ოფიციალური წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, პროფესიულ და სამოყვარულო საკალათბურთო სფეროში აქტიურ მოღვაწეობას ითვალისწინებს. ეს არის ევროპული, ცნობილი ბრენდი, რომელიც ასევე ფართოდაა წარმოდგენილი ევროპულ პროფესიულ სპორტში.

JOMA-ს ფასი და ხარისხი იდეალურ თანაფარდობაშია ერთმანეთთან, რაც ქართული ბაზრისთვის უკონკურენტო პროდუქტს ქმნის. ჩვენი
სპორტული სააგენტოსა და საკალათბურთო სუპერლიგის თანამშრომლობა, ვთვლი, რომ საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია ამ მხრივ.

რასაკვირველია, ეს ჩვენთვის დიდი პატივიცაა და პასუხისმგებლობაც. გვინდა, ამით ჩვენი მცირე წვლილი შევიტანოთ ქართული კალათბურთის განვითარებაში. ფაქტობრივად, პირველები ვართ ბაზარზე, ვინც მსგავსი ნაბიჯი გადადგა და დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა მხოლოდ ამ სეზონით არ შემოიფარგლება და ორივე მხარისთვის უაღრესად სასარგებლო იქნება.

ალეკო პეტრიაშვილი (სუპერლიგის საშეჯიბრო დეპარტამენტის დირექტორი):
"მოხარულნი ვართ, რომ სუპერლიგამ სპორტული ბრენდის, JOMA-ს სახით, კიდევ ერთი პარტნიორი შეიძინა. მსურს მადლობა გადავუხადო ესპანური სპორტული ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში, სპორტულ სააგენტო SBM-ს.

მემორანდუმის მიხედვით, მსაჯები და მსაჯ-მდივნები, რომლებიც სუპერლიგას ემსახურებიან, JOMA-ს სპორტული ბრენდით შეიმოსებიან. იმედია, ჩვენი თანამშრომლობა მჭიდრო იქნება და მომავალშიც გაგრძელდება".

წყარო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული