სუპერლიგა. IV ტური: "მგზავრები-არმიას" პირველი გამარჯვება

AutoSharing Option
სუპერლიგის მე-4 ტური დასრულდა. ბოლო მატჩში ერთმანეთს "ოლიმპი"და"მგზავრები-არმია" შეხვდნენ. ეს გუნდები მიმდინარე ჩემპიონატის ფავორიტებად არ განიხილებიან, "ოლიმპს" აქამდე 1 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული, ხოლო "მგზავრებს" ყველა მატჩი წაგებული ჰქონდა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო პერიოდში უფრო მეტი მობილიზება ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა "მგზავრებმა" გამოაჩინეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს - 72:62.

პირველ პერიოდში "ოლიმპი" უკეთესად გამოიყურებოდა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა დიდი შესვენებისთვის 3-ქულიანი უპირტესობა მოიპოვა - 31:28. მესამე ათწუთეულში "მგზავრები-არმიამ" უკეთესად ითამაშა, რითაც გამარჯვება დაიმსახურა.

"მგზავრები-არმიას" სეზონის პირველი გამარჯვების
მოპოვებაში მერაბ ბოქოლიშვილი დაეხმარა, რომელმაც 24 ქულა დააგროვა. შედეგიანად ითამაშა ტატო ჩაჩიბაიამ, რომელმაც "მგზავრებს" 12 ქულა და 9 მოხსნა შესძინა. ოლიმპელთაგან 14 ქულით საუკეთესო ნუგო აბულაძე იყო, 11 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი ნოდარ გოგოძის ანგარიშზე დაგროვდა.

სუპერლიგის მე-4 ტური ამ მატჩით დასრულდა. მომდევნო კური 3 ქალაქში ჩატარდება. 21 ნოემბერს "რუსთავი" "ბათუმს" უმასპინძლებს, "ქუთაისი" – "დინამოს", ხოლო 22-ში თბილისის სპორტის სასახლეში 2 მატჩი გაიმართება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
გია კაზანჯიანი ("ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი): "მივულოცავ "მგზავრები-არმიას" პირველ გამარჯვებას, დამსახურებულად მოიგეს. თითქმის ყველა კომპონენტში გვაჯობეს და ვუსურვებ წარმატებებს. ყველაფერი პირიქით გავაკეთეთ იმასთან შედარებით, რაც დაგეგმილი გვქონდა. ნელა ვთამაშობდით, მეტოქე კი - პირიქით. ბოდიშს ვუხდი ჩვენს გულშემატკივარს ასეთი ცუდი თამაშისთვის. ერთადერთ პლიუსს დღევანდელ თამაშში იმას ვხედავ, რომ ახალგაზრდა კახა ტომარაძემ ხუთეულში დაიწყო და საკმაოდ კარგად იასპარეზა".

ბუბა ბერიშვილი ("მგზავრები-არმიის" მთავარი მწვრთნელი): "მინდა ბიჭებს მივულოცო პირველი გამარჯვება 3 წაგების მერე, თავიდან ცოტა პრობლემა გქვონდა, ცუდად დავიწყეთ, საბედნიეროდ, დროულად გამოვასწორეთ, ბიჭებმა მოინდომეს, გავიმარჯვეთ და მადლობა ბიჭებს, მეტოქეს და მაყურებლებს, ძალიან კარგი თამაში გამოვიდა".

მერაბ ბოქოლიშვილი ("მგზავრები-არმია"): "თამაში ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორსაც ველოდებოდით. მართალია "ოლიმპი" ახალგაზრდა გუნდია, თუმცა დაამტკიცეს, რომ ღირსეული მეტოქეები არიან ყველასთვის და დღეს ძალიან მობილიზებულები გამოვედით. ორივე გუნდს ჰქონდა შეცდომები, ჩვენ ნაკლები შეცდომა დავუშვით და მოვიგეთ".

ლერი კვანტალიანი ("ოლიმპი"): "პირველ რიგში, მივულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. ჩვენი ბრალია წაგება, დაცვაში და შეტევაში მოდუნებულები ვიყავით, ვერ შევასრულეთ მითითებები, ვარჯიშებზე სხვანაირად გამოვიყურებოდით და მოედანზე სულ სხვა თამაში ვაჩვენეთ. ეს ძალიან გულდასაწყვეტია, თუმცა იმედია გამოვასწორებთ და უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ".

წყარო: superleague.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული