"ოლიმპი" ორი კალათბურთელით გაძლიერდა

AutoSharing Option
საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის პირველი წრე "ოლიმპმა" ერთი მოგებით მერვე ადგილზე დაასრულა.

გარდა იმისა, რომ გუნდში ძირითადად ახალგაზრდული შემადგენლობა იყო შეკრებილი, პირველ წრეში ვერ დაეხმარა ცენტრი რიჩარდ მათიაშვილი, რომელმაც სუპერლიგის დაწყებამდე, დუდუ დადიანის მემორიალზე, დისკვალიფიკაცია მიიღო.

მეორე წრიდან "ოლიმპი" ერთიორად გაძლიერდება. გარდა იმისა, რომ დისკვალიფიკაციის ვადა ამოეწურა მათიაშვილს, გუნდს დაემატა გამთამაშებელი მიხეილ ჩიტაშვილი და ცენტრი ირაკლი ალხანაიძე.

სხვათა შორის, ალხანაიძე და მათიაშვილი პარალელურად სტუ-ს ღირსებას იცავენ საერთაშორისო სტუდენტურ ლიგაზე.

მიხეილ ჩიტაშვილის დარი გამოცდილი კალათბურთელი კი "ოლიმპის" უკანა ხაზს ძალიან წაადგება, იგი
ხომ საქართველოს სამგზის ჩემპიონია. მიშა მოედანს ნახევარსეზონიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა.

- სეზონის დასაწყისში მზადება "შსს აკადემიასთან" ერთად დავიწყე, კონტრაქტიც მაკავშირებდა, თუმცა გუნდიდან გამომიშვეს. ეს იმ პერიოდში მოხდა, როცა კლუბების უმეტესობა დაკომპლექტებული იყო და ამიტომაც მომიწია უქმობა პირველ წრეში, - გვითხრა მიხეილ ჩიტაშვილმა.

- "ოლიმპში" რა მიზნებით მიხვედი?
- გუნდი პირველი წრის შემდეგ სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილშია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩემპიონატის მეორე წრიდან საჩუქარი არავისთვის იქნება. კარგი შემადგენლობა გვყავს და შედეგებიც უნდა გავაუმჯობესოთ.

- დაბრუნდა რიჩარდ მათიაშვილი, დაემატა ალხანაიძე...
- რიჩოსთან თსუ-ში ვთამაშობდი, ძალიან კარგი გუნდი გვყავდა. სუპერლიგაში მეტად გამოცდილი ცენტრია და "ოლიმპისთვის" დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია, ისევე, როგორც ახალწვეულ ირაკლი ალხანაიძეს.

რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ გუნდის წარმატებისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული