U14. კალათბურთელთა ნაკრებმა მოსკოვური ეტაპი ოთხი მოგებითა და ერთი მარცხით დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული საკალათბურთო ლიგის მოსკოვური ეტაპი 4 მოგებითა და 1 მარცხით დაასრულა. ამას ემატება პირველ ეტაპზე - 20-23 ნოემბერს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ნაჩვენები შედეგი (2 მოგება, 3 წაგება) და გაერთიანებული ცხრილით, ქართველები მეხუთე-მერვე ადგილებს სამ გუნდთან ინაწილებენ.

დარჩენილია ერთი ეტაპი, რომელიც 26-29 მარტს ლატვიის ქალაქ ვენტსპილსში ჩატარდება.

ლატვიაში წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებს ფინალურ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვს.

რაც შეეხება მოსკოვურ ტურს, იგი ჩვენმა ყმაწვილებმა ორი გამარჯვებით გახსნეს: 16 იანვარს ჯერ რუსულ "სამარას" სძლიეს, შემდეგ ლატვიურ
"რიდზენეს". სამარელებთან ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა. თამაში ბოლო მეოთხედში შემოატრიალა, რომელიც 14:4 მოიგო. თვალსაჩინო იყო ჩვენი გუნდის უპირატესობა ფარქვეშ - მოხსნებში 52:35 ვაჯობეთ.

ასევე დაძაბული გამოდგა "რიდზენესთან" დაპირისპირება, თუმცა, ისევე, როგორც რამდენიმე საათით ადრე, ქართველებმა მეოთხე პერიოდში ძალების მობილიზება მოახერხეს და ზედიზედ მეორედ გაიმარჯვეს. მათ ეს არ იკმარეს და მომდევნო დღეს "ორბიტაც" "ბეჭზე გააკრეს". მეოთხე რაუნდში ამჯერად 9:19 იმარჯვეს. არ შეიძლება აქაც არ გავუსვათ ხაზი მოხსნებში ჩვენების დომინირებას - 55:26.

შეჯიბრების ფავორიტ "ტრინტასთან" კი ყველაფერი პირიქით მოხდა: ფრედ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ ინიციატივა ხელთ მოსკოველებმა იგდეს, მესამე პერიოდში 18:5 იყოჩაღეს და საბოლოო გამარჯვებაც არ გაუშვიათ ხელიდან. ეს გუნდი ორი ეტაპის შემდეგ სატურნირო ცხრილის ლიდერია.

ბოლო დღეს საქართველოს ნაკრებმა კვლავ გაიმარჯვა, თუმცა საამისოდ ოფლისღვრა სულაც არ დასჭირვებია - საბონისის აკადემიის გუნდთან ტექნიკური მოგება ჩაეწერა.

შეჯიბრების დასრულების შემდეგ გუნდების საუკეთესო კალათბურთელებს ჯილდოები გადასცეს.

ორგანიზატორებმა საქართველოს ნაკრებიდან ლაშა მიქელაძე გამოარჩიეს, რომელიც საშუალოდ 8.7 ქულასა და 8.4 მოხსნას აგროვებს.

16 იანვარი
საქართველო-სამარა (რუს) 41:35
8:4, 5:12, 14:15, 14:4
საქართველო: ანდრონიკაშვილი (2ქ), ფეიქრიშვილი (5ქ), ბეკაია, ზურაბაშვილი (15ქ, 9მ), ნიკოლაიშვილი, ტაბაღუა, სულხანიშვილი, ბიჭაშვილი, მიქელაძე (11ქ, 13მ, 3დ), ჭეიშვილი (8ქ, 14მ).

საქართველო-რიდზენე (ლატ) 62:50
13:13, 15:14, 18:13, 16:10
საქართველო: ანდრონიკაშვილი (2ქ), ფეიქრიშვილი (1ქ), ბეკაია (5ქ, 3ჩ), ნიკოლაიშვილი, ტაბაღუა (2ქ), ჩხიტუნიძე, სულხანიშვილი (16ქ, 17მ, 3ჩ), ბიჭაშვილი, ქობელია (7ქ, 7მ), მიქელაძე (16ქ, 7მ, 4პ), ჭეიშვილი (13ქ, 7მ).

17 იანვარი
საქართველო-ორბიტა (რუს) 48:39
14:9, 3:11, 12:10, 19:9
საქართველო: ანდრონიკაშვილი (5ქ, 5მ), ფეიქრიშვილი (2ქ), ბეკაია (2ქ), ზურაბაშვილი, ნიკოლაიშვილი (2ქ), ტაბაღუა, სულხანიშვილი (6ქ, 11მ), ბიჭაშვილი, მიქელაძე (8ქ, 13მ, 4დ), ჭეიშვილი (19ქ, 12მ, 4ჩ).

საქართველო-ტრინტა (რუს) 43:60
14:15, 8:7, 5:18, 16:20
საქართველო: ანდრონიკაშვილი (11ქ), ფეიქრიშვილი (3ქ), ბეკაია, ზურაბაშვილი (9ქ, 6მ), ნიკოლაიშვილი, ტაბაღუა, ჩხიტუნიძე (4ქ), სულხანიშვილი (9ქ, 6მ), ბიჭაშვილი, ქობელია, მიქელაძე (2ქ, 4მ, 3დ), ჭეიშვილი (5ქ, 9მ).

18 იანვარი
საქართველო-საბონისის აკ (ლიტ) 20:0
ტექნიკური მოგება

ა გ თ მ წ ქ
1. ტრინტა (რუსეთი) 10 9 1 19
2. პერკუნასი (ლიტვა) 10 9 1 19
3. აუდენტესი (ესტონეთი) 10 9 1 19
4. ვასილეოსტროვსკაია (რუს.) 10 7 3 17
5. ტარტუ როკი (ესტონეთი) 10 6 4 16
6. სპარსი (ლატვია) 10 6 4 16
7. საქართველო-2001 10 6 4 16
8. რიდზენე (ლატვია) 10 6 4 16
9. მუკი (ფინეთი) 10 5 5 15
10. ორბიტა (რუსეთი) 10 4 6 14
11. ენისეი (რუსეთი) 10 3 7 13
12. სამარა (რუსეთი) 10 3 7 13
13. ნმკი (ფინეთი) 10 2 8 12
14. პომერანია (პოლონეთი) 10 2 8 12
15. გრანდ სპორტი (სომხეთი) 10 0 10 10
16. საბონისის აკ (ლიტვა) 10 3 7 8
17. რიგა (ლატვია) 5 1 4 6

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული