საფეხბურთო პაიკები: ვინ აპირებს იოზეფ ბლატერის სავარძლიდან ჩამოგდებას

AutoSharing Option
29 იანვარს ამოიწურა ფიფას პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების შეტანის ვადა.

ამ პოსტს 17 წელია, ზეპ ბლატერი იკავებს, მაგრამ "დიქტატორისა" და "კორუფციონერის" სავარძელს რამდენიმე რეალურმა კანდიდატმა შეუტია. პლატინის კაცი, ბლატერის მიერ შემოგდებული კანდიდატურა, "აიაქსის" ყოფილი ბოსი, პერსპექტიული ფიგუ... "ლელო" გაგაცნობთ წინასაარჩევნო რბოლის მონაწილეებს და მათ შანსებს უძლეველი შვეიცარიელის წინააღმდეგ.

პლატინი პრინცის მხარესაა
ბლატერის მთავარი კონკურენტის სტატუსს, ჯერჯერობით, იორდანიის პრინცი, ფიფას ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი ალი ბინ ალ-ჰუსეინი ინარჩუნებს. სავარაუდოდ, მას მისცემს ხმას აზიის ბევრი წარმომადგენელი.

გარდა ამისა, მზად არის, 39 წლის იორდანიელს დაუჭიროს
მხარი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ (ალი ბრიტანეთში სწავლობდა) და თვით უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ. არჩევნებზე ალ-ჰუსაინი მოსალოდნელი პროგრამით გადის: "მინდა დავუბრუნო ფიფას ნდობა. მსოფლიოს საუკეთესო თამაში შესაბამის ფედერაციას იმსახურებს - სანიმუშოს ეთიკის, გამჭვირვალობისა და მმართველობის მხრივ".

სანიმუშო მილიარდერი კეთილშობილი ფესვებით - ლამაზი არჩევანია მსოფლიო ფეხბურთისთვის. სხვა საქმეა, ეყოფა თუ არა მას დრო ბლატერთან საბრძოლველად. 29 მაისამდე (ფიფას პრეზიდენტის არჩევნების თარიღი) ალ-ჰუსეინმა თავის მხარეს უნდა გადაქაჩოს ხმები აფრიკიდან, სამხრეთ ამერიკიდან, კონკაკაფიდან (ჩრდილოეთი და ცენტრალური ამერიკა) და ოკეანეთიდან, რომლებსაც ტრადიციულად, ბლატერი აკონტროლებს.

საეჭვო შამპანი
ალ-ჰუსეინისგან განსხვავებით, 56 წლის ფრანგ ჟერომ შამპანს დაძაბული ურთიერთობები აქვს პლატინისთან. მას მიაჩნია, რომ უეფას პრეზიდენტმა უსინდისოდ მიითვისა მისი იდეები ვიდეოგამეორებებსა და თეთრ ბარათებზე, რომლის მიხედვით, მოთამაშეებს დროებით გააძევებენ მოედნიდან. შამპანს დიპლომატიური განათლება აქვს, გააჩნია ფიფაში ფუნქციონერად მუშაობის გამოცდილება (ის გენერალური მდივნის მოადგილე იყო) და შესანიშნავი კავშირები საფეხბურთო სამყაროში.

შამპანს ბრიტანული ფედერაციების მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს, რის სანაცვლოდაც ჰპირდება მათ მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე ინგლისის განაცხადის ლობირებას. თუმცა ბევრს არ სჯერა მისი დამოუკიდებლობის და პირდაპირ უწოდებენ ბლატერისგან შემოგდებულ ტექნიკურ კანდიდატს.

რაც შეეხება ჰოლანდიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტსა და "აიაქსის" ყოფილ შეფს, მიხაელ ვან პრააგს, ის სხვა მფარველებზე აკეთებს აქცენტს. კერძოდ, ეს არის გერმანიის საფეხბურთო კავშირი. როგორც ვან პრააგი ამტკიცებს, ეს მძლავრი ორგანიზაცია ყველანაირად ეცდება მისი კანდიდატურის გაყვანას.

უეფას აღმასკომში წარმატებულმა მუშაობამ აამაღლა ჰოლანდიელის ავტორიტეტი ევროპაში, თავად ვან პრააგი კი ამბობს, რომ არ აპირებს ფიფას პრეზიდენტის პოსტზე ერთზე მეტი ვადით დარჩენას. ანალიტიკოსების აზრით, ვან პრააგს ჯერჯერობით შანსები არ გააჩნია და საერთოდ, მისი კანდიდატურის წამოყენება შეცდომაა, რადგან ეს გაფანტავს ბლატერის ოპოზიციონერთა ხმებს.

ახალგაზრდა და პერსპექტიული
ყველაზე ახალი და სავარაუდოდ, ყველაზე პერსპექტიული კანდიდატი, "ბარსელონასა" და "რეალის" ვარსკვლავი, 2000 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელი ბოლო დროს მილანის "ინტერში" მუშაობდა და სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა. "ვაპირებ შევცვალო ფიფა-ს სკანდალური იმიჯი", - ამბობს ფიგუ, რომლის უკან აშკარად დგანან დიდი ბიზნესმოთამაშეები.

პორტუგალიელის მთავარი კოზირი ის არის, რომ მას სურს, გახდეს პირველი საფეხბურთო ვარსკვლავი, ვინც ფიფა-ს ჩაიბარებს. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ფიგუ ძალიან გვიან ჩაერთო წინასაარჩევნო მარათონში. მას, ისევე, როგორც ალ-ჰუსეინს, შესაძლოა, დრო არ ეყოს საკმარისი რაოდენობის ფედერაციათა მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

ალბათ, იხუმრეს
ამ წინასაარჩევნო ბრძოლაში იყო ორი უცნაური კანდიდატი - მინო რაიოლა და დავიდ ჟინოლა. ცნობილი საფეხბურთო აგენტი რაიოლა (ის წარმართავს იბრაჰიმოვიჩის, ბალოტელის, მხითარიანის საქმეებს) აცხადებდა, რომ ის ცუდად ხდება მარტო იმის გაფიქრებით, რომ ბლატერს ისევ აირჩევენ ფიფას პრეზიდენტად. ხმაურიანი განცხადებების შემდეგ რაიოლამ მალე გადაწყვიტა, რომ საკმაოდ კარგად გააპიარა საკუთარი თავი და გზა დაუთმო ღირსეულ კანდიდატს - ვან პრააგს.

ერთ დროს შესანიშნავმა ფეხბურთელმა (პსჟ, "ნიუკასლი", "ტოტენჰემი"), დღეს კი ტელესერიალების მსახიობმა და მეღვინემ დავიდ ჟინოლამ ასევე გადაწყვიტა ბლატერის სავარძლისთვის ბრძოლა. მან საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიისთვის შემოწირულობების შეგროვებაც კი დაიწყო, მაგრამ ფრანგი არც დაარეგისტრირეს ოფიციალურ კანდიდატად, რადგან რეგლამენტის მიხედვით, ეს შეუძლებელი ყოფილა. საქმე ისაა, რომ ჟინოლა ბოლო ორი წლის განმავლობაში არ მუშაობდა საფეხბურთო სფეროში. ამასთან, ის საკუთარი კამპანიისთვის ფულს ბუკმეკერებისგან იღებდა. ეს კი ასევე ეწინააღმდეგება რეგლამენტს.

P.S. რაიოლასა და ჟინოლას გარდა, ასევე მოხსნა თავისი კანდიდატურა ჟერომ შამპანმა. ასე რომ, 29 მაისს არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ: იოზეფ ბლატერი, ალი ბინ ალ-ჰუსეინი, მიხაელ ვან პრააგი და ლუიშ ფიგუ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული