"ინტერი" დიდი სატრანსფერო კამპანიისთვის ემზადება - უფრო ახალგაზრდული და უფრო იტალიური

AutoSharing Option
"ინტერი" დიდი სატრანსფერო კამპანიისთვის ემზადება, რომელიც ზამთარსა და ზაფხულზეა გაწერილი.

თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, მილანური გრანდის მესვეურები რამდენიმე ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდებიან და ზოგადად, მათი სურვილია, რომ "ინტერი" უფრო ახალგაზრდული და უფრო იტალიური კლუბი გახდეს.

"ინტერი" არასდროს იყო ორიენტირებული ლეგიონერების შეზღუდვაზე და არასდროს აკეთებდა აქცენტს იტალიელებზე, თუმცა, როგორც ჩანს, ვითარება იცვლება. მიმდინარე სეზონში მართლაც მოულოდნელი ამბავი მოხდა და დიდ იტალიურ დერბიში "ინტერს" მეტი იტალიელი ჰყავდა სასტარტო თერთმეტეულში, ვიდრე "იუვენტუსს".

მილანურ გრანდში ასეთი 4 იყო: დანილო დამბროზიო, დავიდე სანტონი,
ანტონიო კანდრევა და მარტინს ედერი, ტურინელთა რიგებში კი მხოლოდ სამი: ჯანლუიჯი ბუფონი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი. ერთი სიტყვით, პროცესი დაწყებულია და ისეთი პირი უჩანს, რომ "ინტერში" იტალიელთა რაოდენობა გაიზრდება.

პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ "ინტერში" გააგრძელებს კარიერას რობერტო გალიარდინი. 22 წლის ნახევარმცველი "ატალანტაში" ასპარეზობს და მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ირჯება.

გალიარდინი უახლოეს დღეებში ჩავა მილანში და სეზონის მეორე ნახევარს უკვე ახალ გუნდში გაატარებს. ჯერჯერობით, ტრანსფერის დეტალები არ ხმაურდება, თუმცა კულუარული ინფორმაციით, "ატალანტა" 25-27 მილიონ ევროს მიიღებს. ითქვა ისიც, რომ "ინტერიდან" "ატალანტაში" როდრიგო პალასიო გადაბარგდება. 33 წლის თავდამსხმელს "ნერაძურიში" სათამაშო პრაქტიკა აკლია და ახალი გამოწვევა მასაც სჭირდება.

"გაძეტას" მტკიცებით, "ინტერს" კიდევ სამი იტალიელი ფეხბურთელის გადაბირება აქვს მიზნად დასახული - ლაპარაკია მარკო ვერატიზე, დომენიკო ბერარდისა და ფედერიკო ბერნარდესკიზე. სამივე ახალგაზრდაა, თუმცა უკვე უმაღლეს დონეზე ასპარეზობენ და ზედმეტი წარდგენა არ სჭირდებათ. მილანელები ამ ტრანსფერების გაჩარხვას უკვე ზაფხულისთვის შეეცდებიან.

აქვე ვთქვათ, რომ ამ ზამთარს "ინტერს", სავარაუდოდ, ფელიპე მელო დატოვებს, რომელსაც სამშობლოში დაბრუნება და "პალმეირასში" ასპარეზობა სურს. სტეფანო პიოლი მელოს არ სწყალობს და მისი გაშვების მომხრეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული