კრისტიან ვიერი - ბომბარდირი კალჩოს რენესანსიდან

AutoSharing Option
კრისტიან ვიერის ზედმეტი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. იტალიური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა, რომელმაც კარიერის განმავლობაში 15 გუნდში ითამაშა და, რაც მთავარია, გოლები ყველგან გაჰქონდა.

წლების განმავლობაში, ვიერი იტალიის ნაკრების მთავარი ფორვარდი იყო და მარტო ის რად ღირს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატებზე 9 გოლი აქვს გატანილი. თავის დროზე, კრისტიანი ყველაზე ძვირადღირებული ფრეხბურთელი იყო მსოფლიოში, როდესაც "ლაციოდან" "ინტერში" 49 მილიონ ევროდ გადავიდა.

ვიერის ბოლო კლუბი "ატალანტა" გახლდათ, 2009 წელს კი ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა. ქვემოთ, ვიერის საინტერესო ინტერვიუს გაეცნობით.

- თქვენ დროს სერია A სულ
სხვა დონის ტურნირი იყო. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- რთულია არ დაეთანხმო, რადგან მაშინ იტალიაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობდნენ. კარიერის საუკეთესო წლებში, რამდენიმე იტალიური გუნდი გამოვიცვალე და ყველგან ვარსკვლავებთან ერთად მიწევდა თამაში. ეს იყო იტალიური საკლუბო ფეხბურთის რენესანსი და ბედნიერი ვარ, რომ სწორედ იმ პერიოდში ვთამაშობდი, დღეს კი განსხვავებული ვითარებაა. კლუბების უმეტესობა საშუალო დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.

- რამ განაპირობა ეს ჩავარდნა?
- იტალიურ კლუბებს ჰყავდათ მეპატრონეები, რომლებიც ტრანსფერებში კოლოსალურ თანხებს ხარჯავდნენ და არ აინტერესებდათ, რას მიიღებდნენ სანაცვლოდ. "ლაციო", "ინტერი", "მილანი", "რომა", "იუვენტუსი" და სხვა კლუბებიც მზად იყვნენ, რომ ფეხბურთელში იმ დროისთვის ასტრონომიული ფული გადაეხადათ და შედეგიც სახეზე იყო. შემდეგ კალჩოპოლის ცნობილი პროცესები მოხდა და ყველაფერი აირია.

- თუ დალაგდა?
- შესაძლოა, დალაგდა კიდეც და თუ კორუფცია აღმოიფხვრა, ეს რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მაგრამ, ფაქტია, რომ მას შემდეგ, იტალიურ საკლუბო ფეხბურთში კრიზისი დაიწყო, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება. მე გულშემატკივრის გადასახედიდან ვუყურებ და არა პროკურორის. შესაბამისად, მე ძველი დრო მერჩივნა.

- რა ეღირებოდა საუკეთესო ფორმაში მყოფი კრისტიან ვიერი დღეს?
- ერთხელ, პიპო ინძაგიმ თქვა, რომ თუ გონსალო იგუაინის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაიხადეს, ჩემი და მისი ღირებულება მინიმუმ 200 მილიონი იქნებოდა. იგუაინი შესანიშნავი ფორვარდია, თუმცა ეს თანხები გადამეტებული მეჩვენება. დღეს, ისეთ ფეხბურთელებში იხდიან 50 მილიონ ევროს, რომელთა გვარები არც გამიგია.

- კარიერის განმავლობაში 15 გუნდი გამოიცვალეთ. რატომ მოგზაურობდით ამდენს?
- მაშინ, ჩემზე ამბობდნენ, რომ მხოლოდ ფული მაინტერესებდა, მაგრამ ასე ნამდვილად არ იყო. მხოლოდ ფულის გამო რომ მეთამაშა, უცხოეთში წავიდოდი და ბოლო წლებს ამერიკაში, ან აზიაში გავატარებდი, საიდანაც არაერთი შეთავაზება მქონდა. ყოველთვის მშურდა იმ ფეხბურთელების, რომლებმაც კარიერა ერთ გუნდს მიუძღვნეს, მაგრამ მე სხვა გზით წამიყვანა ცხოვრებამ და ვიყავი იქ, სადაც ჩემ საჭიროებას ყველაზე მეტად ვგრძნობდი.

- საუკეთესო წლები "ინტერში" გაატარეთ, სადაც 143 თამაშში 103 გოლი გაიტანეთ, რაც მართლაც ფენომენალური შედეგია...
- მაშინ, "ინტერში" საუცხოო შემადგენლობამ მოიყარა თავი და გოლების ასეთი სიმრავლეც ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა. წარმოიდგინეთ, შეტევაში ვთამაშობდით მე, რონალდო, რობერტო ბაჯო, ალვარო რეკობა და ივან სამორანო. მწვრთნელი რომ ვიყო და ასეთი თავდასხმა მყავდეს, ნამდვილად თავბრუ დამეხვეოდა. იმ "ინტერს" მეტი შეეძლო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, რესურსი ბოლომდე ვერ გამოვავლინეთ.

- ერთი სეზონი "ატლეტიკოში" გაატარეთ, სადაც 24 მატჩში ამდენივე გოლი შეაგდეთ, თუმცა ესპანეთი მალევე დატოვეთ. რა გახდა ამის მიზეზი?
- მაშინ ესპანეთის ჩემპიონატი უფრო დაბალი დონის იყო, ვიდრე იტალიის და როდესაც "ლაციოდან" შეთავაზება მივიღე, ბევრი არ მიფიქრია. თუ რა შემადგენლობა დამხვდა "ლაციოში" და რა გუნდში მიწევდა თამაში, ეგ კიდევ ცალკე თემაა. რობერტო მანჩინი, მარსელო სალასი, პაველ ნედვედი, სინიშა მიხაილოვიჩი, ალესანდრო ნესტა და კიდევ რომელი ერთი. "ატლეტიკოს" "ლაციო" ვამჯობინე და ეს ლოგიკური იყო.

- სამივე დიდ იტალიურ გუნდში გითამაშიათ: "ინტერში", "იუვენტუსსა" და "მილანში". შეგიძლიათ შეადაროთ ეს გუნდები ერთმანეთს?
- ამ გუნდებში კარიერის სხვადასხვა ეტაპებზე ვიყავი. "იუვენტუსში", როგორც ახალგაზრდა და პერსპექტიული ფორვარდი, "ინტერში" კარიერის საუკეთესო წლები გავატარე, "მილანში" კი ვეტერანის რანგში აღმოვჩნდი. როდესაც ამ გუნდების მაისური გაცვია, გრძნობ, რომ რაღაც დიდი ისტორიის ნაწილი ხარ.

"იუვენტუსში" თავს ცოტა უცხოდ ვგრძნობდი, რადგან იქ სხვებს აღმერთებდნენ, მე კი ჯერ არაფერი მქონდა დამტკიცებული. ვუყურებდი თანაგუნდელებს და ვცდილობდი მათგან საუკეთესო თვისებები ამეღო.

"ინტერში" უამრავ ვარსკვლავში მოვხვდი, მაგრამ გუნდი თითქოს, არ იყო ერთ მუშტად შეკრული. ამ ვარსკვლავებს ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანება აკლდათ და ალბათ, ამიტომ ვერ მივაღწიეთ იმ წარმატებებს, რაც შეგვეძლო.

"მილანში" საოცარი ატმოსფერო დამხვდა, რადგან მოვხვდი ერთ დიდ ოჯახში, სადაც ფეხბურთელები ერთმანეთს უდიდეს პატივს სცემდნენ. მალდინი, კოსტაკურტა, პირლო, ზეედორფი, ინძაგი და სხვა ვარსკვლავები გამოირჩეოდნენ თავმდაბლობით და ყველასთან მეგობრული დამოკიდებულებით, რაც იშვიათია საფეხბურთო სამყაროში.

- იტალიის ნაკრებში ბრწყინვალე ფეხბურთელების მხარდამხარ გითამაშიათ, თუმცა კარიერა ტიტულის გარეშე დაასრულეთ...
- სანაკრეო ტიტულის მოპოვებას ცოტა იღბალიც სჭირდება. ერთხელ მკითხეს, როგორ მოხდა, რომ მე, პაოლო მალდინი და რობერტო ბაჯო სანაკრებო ტიტულის გარეშე დავრჩით, 2006-ში მუნდიალი შედარებით სუსტმა შემადგენლობამ მოიგო. ვფიქრობ, 2006-ში იტალიას უძლიერესი შემადგენლობა ჰყავდა, მაგრამ საჭირო მომენტში, გუნდს იღბალიც დაეხმარა.

ფინალის ბედი თერთმეტმეტრიანებმა გადაწყვიტა, რაც მართლაც შეგვიძლია შევადაროთ საფეხბურთო ლატარეას. სამაგიეროდ, ბაჯოს იტალიამ ლატარეა 1994-ში წააგო და იგივე დაგვემართა 1998 წელსაც საფრანგეთში.

- არის მოსაზრება, რომ შემადგენლობით 2002 წლის იტალია ყველაზე ძლიერი იყო...
- ყველა რგოლში უძლიერესი ფეხბურთელები გვყავდა, მათ შორის თავდასხმაში. საუკეთესო ფორმაში ვიყავით მე, ინძაგი, ტოტი, დელ პიერო, მაგრამ ყველას გვახსოვს ის მარაზმი, რაც კორეაში ხდებოდა. 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც საოცარი შემადგენლობა გვყავდა.

წარმოიდგინეთ, შეტევაში ხან ალესანდერო დელ პიეროს მეწყვილე ვიყავი და ხანაც რობერტო ბაჯოს. რთულია სიამაყით არ აივსო, როდესაც ამას იხსენებ. მაშინ, საფრანგეთმა მხოლოდ პენალტებში გვაჯობა და ეს მაშინ, როდესაც მთელი ჩემპიონატი ერთი ამოსუნთქვით გაიარა და ბრაზილიას ფინალში 3:0 მოუგო.

- იტალიის ნაკრების მომავალს როგორ ხედავთ?
- კარგი თაობა წამოვიდა, რომლებსაც შეუძლიათ დიდი ფეხბურთის თამაში. ჯანლუიჯი დონარუმა, ალესიო რომანიოლი, დანიელე რუგანი, მატია დე შილიო, მარკო ვერატი, ფედერიკო ბერნარდესკი, ანდრეა ბელოტი, დომენიკო ბერარდი და კიდევ არაერთი ფეხბურთელის გახსენება შეიძლება, რომლებიც მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში იტალიის ნაკრებში ითამაშებენ და ვფიქრობ, წარმატებებსაც მიაღწევენ.

- მწვრთნელობაზე არ გიფიქრიათ და ზოგადად, რის კეთებას აპირებთ მომავალში?
- ვისვენებ და ვცდილობ, ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო. ჯერჯერობით, მწვრთნელობაზე არ მიფიქრია და ვეჭვობ, რომ როდესმე ამ საქმით დავკავდე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული