კოპა დელ რეი. ფინალი: ლუის ენრიკე სპორტს იცვლის? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ვისენტე კალდერონის" ასეთ ფინალს არავინ ელოდა - "ატლეტიკოს" გულშემატკივართა გულდასაწყვეტად, სტადიონის უკანასკნელ მატჩზე უმეტესობას სხვა გუნდების ფანები წარმოადგენდნენ. თანაც, მეფე ფილიპე VI-ის თვალწინ მათ ესპანეთის ჰიმნს უსტვინეს. სხვა არც იყო მოსალოდნელი, ორი სეპარატისტული რეგიონის, კატალონიისა და ბასკეთის გუნდები გავიდნენ ესპანეთის თასის ფინალში.

ლუის ენრიკემ "ბარსელონას" თავკაცის სტატუსით თავის ბოლო მატჩზე თითქმის უძლიერესი შემადგენლობა დააყენა - გუნდს აკლდა ორი დისკვალიფიცირებული: სერხი რობერტო და ლუის სუარესი. ასე მოხვდნენ სასტარტოში ხავიერ მასკერანო და პაკო ალკასერი. არგენტინელს თამაში დიდხანს არ მოუწია, რადგან თავით შეასკდა
მარკოს ლორენტეს და იგი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

32 წლის მასკერანოს ექიმებმა 6 კვირით დასვენება ურჩიეს, მაგრამ არა ტრავმირებული თავის გამო - როგორც აღმოჩნდა, იმ ეპიზოდში მასკერანომ მუხლიც დაიზიანა. ასე რომ, მასკერანო ბრაზილიისა და სინგაპურის ნაკრებებთან ამხანაგურ მატჩებს დააკლდება.

30-ე წუთზე ფინალის პირველი გენიალური მომენტი ვიხილეთ, როცა ლეო მესიმ ბურთი ნეიმართან გაითამაშა და "ალავესის" კარში გაიტანა. სამ წუთში კარგად გამოჩნდა, თუ რატომ სურს "ბარსელონას" ტეო ერნანდესის ხელში ჩაგდება, ფრანგის, რომელიც სხვათა შორის, "ატლეტიკოს" საკუთრებაა, დიდებული საჯარიმო ამის დასტურია. ანგარიში გათანაბრდა.

ფინალის ბედი ტაიმის მიწურულს გადაწყდა, ჯერ ნეიმარმა გაიტანა გოლი, რომელიც არ უნდა ჩათვლილიყო თამაშგარე მდგომარეობის გამო, შემდეგ კი მესიმ 2015 წლის ფინალის ("ბილბაოსთან") გენიალური გოლი თითქმის გაიმეორა, თითქმის იმიტომ, რომ ამჯერად, ბოლო მომენტში სხვას (პაკო ალკასერს) გაატანინა.

პატარა ბასკურ გუნდს კი მეორე ტაიმში "ბარსელონასთვის" 2 გოლის ამოქაჩვის თავი ნამდვილად არ ჰქონია.

ასე მოიგო ლუის ენრიკემ ზედიზედ მესამე თასი "ბარსას" მწვრთნელის რანგში (სამ სეზონში) და კლუბს ტიტულით დაემშვიდობა.

მესიმ თასის ფინალებში მეხუთე გოლი გაიტანა. ახლა მეტი მხოლოდ ტელმო ზარას აქვს გატანილი. ამ სეზონში თასის ბომბარდირობა მესიმ "სევილიას" ვისამ ბენ იედერს გაუყო. გამოდის, რომ არგენტინელმა არა მარტო ლა ლიგის ბომბარდირობა მოიგო, არამედ - ყველა სხვა ტურნირის, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო, დამატებით კი ევროპის "ოქროს ბუციც" დაისაკუთრა: 37 ლა ლიგაში, 11 ჩემპიონთა ლიგაზე, 5 კოპაზე და ერთიც სუპერთასზე. ასეთია 29 წლის არგენტინელის მონაგარი.

"ბარსელონამ" კოპა დელ რეი 29-ჯერ მოიგო, ყველაზე მეტჯერ; 23-ჯერ მოგებული აქვს "ბილბაოს", 19-ჯერ - "რეალს".

სამი წლის განმავლობაში ლუის ენრიკემ 13 შესაძლებელი ტიტულიდან "ბარსელონას" 9 მოაგებინა, რაც დიდებული შედეგია. მხოლოდ ხოსეპ გვარდიოლასა (14) და იოჰან კრუიფს (11) აქვთ მოპოვებული მეტი ტიტული "ბარსელონასთან" ერთად.

მესიმ "ბარსელონასთან" ერთად 30-ე ტიტული მოიპოვა. ამ ნიშნულს კლუბში მხოლოდ მან და ანდრეს ინიესტამ უწიეს. ანდრესს სამი სანაკრებო ტიტული ემატება. იგი ყველაზე ტიტულოვანი ესპანელი ფეხბურთელია, რადგან ჩავის (32 ტიტული) გაუსწრო.

"ბარსელონას" გამარჯვების წყალობით იხეირა ბილბაოს "ატლეტიკმა". თასის მფლობელ "ბარსას" არაფერში სჭირდება, ფინალისტს კი არაფერი ერგება. ასე რომ, ერნესტო ვალვერდეს აწ უკვე ყოფილმა გუნდმა მომავლის ტიტულისგან იხეირა - ევროპალიგის საგზური მოიპოვა.

"ბილბაო", რომელმაც სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულა, ევროპალიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "არ ვიცი, რას გავაკეთებ მომავალში. მზად ვარ ნებისმიერი შესაძლებლობისთვის. შესაძლოა, სპორტის სახეობაც კი გამოვიცვალო. "ალავესი" მამაცურად იბრძოდა და ბოლომდე საკუთარი თამაშის სტილის ერთგული დარჩა. ფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენი მთავარი მიზანი რიტმის დაჭერა იყო და შესვენებამდე ორი გოლის გატანა ძალიან დაგვეხმარა. 3 წლის განმავლობაში კლუბში მუშაობით დიდი სიამოვნება მივიღე, ფეხბურთელები მუდამ 100 პროცენტით იხარჯებოდნენ. მეც ყველაფერი გავიღე წარმატებებისთვის, ამაში ეჭვის შეტანა არავის შეუძლია".

ჟოზეპ-მარია ბარტომეუ ("ბარსელონას" პრეზიდენტი): "ესპანეთის თასის მოგება ბრწყინვალე შედეგია, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ამ სეზონში მეტს ველოდით. ლა ლიგაში ბოლო ტურამდე ვიბრძოლეთ ჩემპიონობისთვის, არ გამოვიდა, თასზეც დიდი ბრძოლები გადაგვხდა. ასე რომ, ახლა ტიტულით დავტკბებით. მომავალი სეზონისთვის მზადებაზე ჯერ არ ვფიქრობთ. რა თქმა უნდა, ლუის ენრიკე ჩვენი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და მისთვის კლუბის კარი მუდამ ღიაა".

ანდრეს ინიესტა (ბარსელონა): "როცა ვერ მიაღწევ მიზანს, მიზანი კი ჩემპიონთა ლიგის მოგება და ლა ლიგაში გამარჯვება იყო, სეზონს ვერ დაარქმევ კარგს. მოვიგეთ მხოლოდ ქვეყნის თასი. ახალ სეზონში ახალი მცდელობა გვექნება უკვე ახალ ხალხთან ერთად, მწვრთნელის გარდა ხომ რამდენიმე ფეხბურთელიც წავა გუნდიდან".

ბარსელონა-ალავესი 3:1
გოლები: 1:0 მესი (30), 1:1 ტეო ერნანდესი (33), 2:1 ნეიმარი (45), 3:1 პაკო ალკასერი (45+3)
ბარსელონა (4-3-3): სილესენი - მასკერანო (11. ანდრე გომეში), პიკე, უმტიტი, ალბა - რაკიტიჩი (83. ალეიშ ვიდალი), ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, პაკო ალკასერი, ნეიმარი
ალავესი (3-4-3): პაჩეკო - ვიგარაი, ელი, ფედალი - კიკო, მარკოს ლორენტე, მატეო გარსია, ტეო ერნანდესი (79. რომერო) - ედგარ მენდესი (59. კამარასა), დეივერსონი, იბაი გომესი (60. სობრინო)
მაყურებელი: 50 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული